ეროვნული ბიბლიოთეკა იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს

24 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იაკობ პაპიაშვილის შემოქმედებითი საღამო და მისი ახალი წიგნის „…Как птица из сети ловящих…“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წელს იაკობ პაპიაშვილს დაბადებიდან 75 წელი და სამწერლო მოღვაწეობიდან 50 წელი შეუსრულდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ შემოქმედებით საღამოზე იაკობ პაპიაშვილის პოეტური თხზულების – „ოდა იმერთა მეფის და აფხაზთა მთავრის შვილის თავდადებაზე“ ფრაგმენტებს და ლექსებს ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახის და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სტუდიის ბავშვები (ხელმძღვანელი ქალბატონი ზორა ეგუტია) წარმოადგენენ.
ებრაული წარმოშობის ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი და მკვლევარი იაკობ პაპიაშვილი 1942 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. 1958-1966 წლებში თამაშობდა თბილისის “პოლიტექნიკის” რაგბისტთა გუნდში. 90-იან წლებში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს – “ქართულ-ებრაული ურთიერთობები”. ამავე წლიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი მეცნიერული ნაშრომი “ჰურიათა ქართველთა” კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში.
1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები („ქართული ლეგენდა” და “ხანის წყალთან”), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში “ალია საქართველოდან”. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: „განთიადი”, „ცისკარი”, „ლიტერატურული საქართველო”, „ნობათი”, „მწერლის გაზეთი”, „ქართული სიტყვა”.1996 წლიდან იაკობ პაპიაშვილი ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს და იქიდან ემსახურება ქართულ საქმეს.
იაკობ პაპიაშვილი საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირების, ასევე ისრაელის საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრია. 2014 წელს ის ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი გახდა. იაკობ პაპიაშვილი 16 წიგნის, მათ შორის სამი პოეტური კრებულის, ავტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები