ადოლფ ენდლერის წიგნზე -„საქართველოს შესახებ თხრობის ორი ცდა“ ნინო ფირცხალავა ისაუბრებს

22 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ილიაუნის პროფესორი ნინო ფირცხალავა ისაუბრებს გერმანიაში გამოქვეყნებულ ადოლფ ენდლერის წიგნზე – „საქართველოს შესახებ თხრობის ორი ცდა“.
ნინო ფირცხალავა:
„გასული საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოქვეყნებული ადოლფ ენდლერის წიგნი, „საქართველოს შესახებ თხრობის ორი ცდა“, (Zwei Versuche über Georgien zu erzählen), რომელიც საქართველოში მის მოგზაურობას აღწერს, საინტერესოა იმ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში, რასაც პირობითად საქართველოს შესახებ ლიტერატურა შეიძლება ეწოდოს…
სამწუხაროდ, ენდლერის ზემოხსენებული ტექსტი ქართულად არ არის თარგმნილი და არც მისი ავტორის შემოქმედებაა მაინცდამაინც ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, ფართო საზოგადოებისათვის.
მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა, საქვეყნოდ ცნობილი რომანების გვერდით, ვისაუბრო ამ მეტად საინტერესო, გამოკვეთილად ესეისტური ხასიათის ტექსტზე. ეს წიგნი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც უცხოელი მწერლის მიერ შექმნილი ქართული კულტურის დოკუმენტური ხატი, არამედ, როგორც სრულიად გარკვეული ეპოქის დოკუმენტი.
ადოლფ ენდლერი არ არის უბრალოდ გერმანელი მწერალი. მას ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარება იმ უცნაური გეოპოლიტიკური წარმონაქმნის ჩაკეტილ სივრცეში მოუწია, რასაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა  ეწოდებოდა. იმ პერიოდში, ანუ 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მას რაინერ კირშთან ერთად, რვა საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიაზე უწევდა მუშაობა და დროდადრო საქართველოს სტუმრობდა, ის ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრია, საიდანაც სისტემის მიმართ მისი შეურიგებელი განწყობის გამო, 1979 წელს კიდეც გარიცხეს. საქართველოზე წიგნი კი სულ რაღაც სამიოდე წლით ადრე გამოიცა.
ეს ქვეყანა იქცა ენდლერისათვის იმ ანტიკურ-ბიბლიურ ზღაპრულ სამყაროდ, სადაც რეჟიმის მიერ დათრგუნული მწერლისთვის სულის მოთქმა ხდებოდა შესაძლებელი…
გაზაფხულისთვის გერმანიაში დაგეგმილია ამ წიგნის ხელახალი გამოცემა. იმედი ვიქონიოთ, რომ ტექსტი, რომელსაც ქართული საზოგადოება თითქმის არ იცნობს, მალე იპოვის მთრგმნელს და მისი წაკითხვა ყველასათვის გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნავს ნინო ფირცხალავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები