„…არნოლდ ჩიქობავა კი ბზარებს ატუზვია და სირცხვილისგან იწვის“

„გთხოვთ, გადაარჩინოთ ენათმეცნიერების ინსტიტუტი“ – ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და თსუ-ს რექტორს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გადარჩენის თხოვნით მიმართავს. მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს! თბილისის მერს, კახა კალაძეს! თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს!
პატივცემულო ბატონებო!
დააკვირდით პირველ ფოტოს. ეს არნოლდ ჩიქობავაა, დიდი ენათმეცნიერი. მომდევნო წელს 120 წლის იუბილე აქვს. თუმცა, მას არ უნდა ამის აღნიშვნა. მას ურჩევნია ბზარებს ამოეფაროს, რადგან სირცხვილით იწვის. მისი სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დანგრევის პირასაა. თანამშრომლებს ჭერი ემხობათ და იატაკი ეცლებათ. ერთხელაც იქნება და უბედურება დატრიალდება.
თქვენ და ჩვენ ქართულად რომ ვლაპარაკობთ, ენაში დადებითი ძვრები რომ ხდება, ამ ინსტუტუტისა და აქაური მეცნიერების დამსახურებაა.
სალიტერატურო ნორმები და 100-ზე მეტი ლექსიკონი რომ გვაქვს, ასე სიღრმისეულად რომ არის შესწავლილი იბერიულ კავკასიური ენები, ესეც ამ ინსტიტუტის დამსახურებაა.
ეს არის ადგილი, სადაც ხელისგულით სატარებელი ადამიანები მუშაობენ. ამ დროს კი, რა ხდება? ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას 8-ში მდებარე შენობა მათ თავზე ენგრევათ. არნოლდ ჩიქობავა კი ბზარებს ატუზვია და სირცხვილისგან იწვის.
გთხოვთ, გადაარჩინოთ ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები