თინა ბოკუჩავა – სააკაშვილზე: პოსტი, რომელიც წავიკითხე, ჩემთვის მოულოდნელი იყო; სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ
“პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი მაშინ წავიკითხე, როდესაც გზაში ვიყავი. გახსოვთ, ექვსი დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარს მიჭერდა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც, მას მიაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის აუცილებელია”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტი შეაფასა, სადაც სააკაშვილი წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას უჭერს მხარს.
„გუშინდელ ეთერში მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რადგან ჩემი ორწლიანი ვადა, რომლითაც პარტიის ყრილობამ ამირჩია, დაახლოებით ერთ თვეში იწურება. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, პოსტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გზაში წავიკითხე, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.