„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ ექვს პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და კიდევ ერთი პირს, ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
მოსამართლის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.