კრისტა ვოლფის „კასანდრა“ – ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია გაიმართება

15 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლევან ცაგარელი კრისტა ვოლფის „კასანდრას“ შესახებ ისაუბრებს.
კრისტა ვოლფი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე ცნობილი მწერალი ქალია, რომელიც ჯერ კიდევ ბერლინის კედლის დაცემამდე თანაბრად იყო აღიარებული როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანიაში.
ლექციის პირველი ნაწილი დაეთმობა ამ ავტორის შემოქმედებისა და პოეტიკის მიმოხილვას, რის საფუძველზეც ლექციის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდება მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობის, „კასანდრას“ ინტერპრეტაცია. ყურადღება გამახვილდება ამ ტექსტის მიმართებაზე ანტიკურ ეპოსსა და მითოლოგიასთან; გაირკვევა, რატომ ხორციელდება ამ ტექსტში ტროას ომის ანტიკური ვერსიის დეკონსტრუქცია; წარმოჩნდება ქალური წერის, როგორც ეპიკური თხრობის ალტერნატივისა და სინამდვილის გადმოსაცემად უფრო ადეკვატური მედიუმის თავისებურებები.
აღნიშნული ტექსტი ჯერ არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე, ქართველ მკითხველს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს კრისტა ვოლფის ყველაზე უფრო ცნობილ ნაწარმოებს და გაიაზროს მისი მნიშვნელობა გერმანულენოვანი და ქალთა ლიტერატურის კონტექსტში, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები