საქართველოში ბელორუსიის კულტურის დღეები ჩატარდება

16-17 ნოემბერს, თბილისში ბელორუსიის კულტურის დღეები ჩატარდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბელორუსიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – მიხეილ მიატლიკოვი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური გაუძღვებიან.
კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალა-კონცერტი, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რუსთაველის 17) გაიმართება.
გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსიის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Xорошки”, სახელმწიფო ანსამბლი „Песняры”, დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის – „ევროვიზია 2017“ ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.
რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ასევე, ბელორუსიის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა -«Беларусь и белорусы».
ამავე დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის ქ. N13) გაიმართება ბელაორუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბელორუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება.
კულტურის დღეების ფარგლებში, 16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის 52), 14:00 საათიდან 20:30 საათამდე, ნაჩვენები იქნება ბელორუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას.
ბელორუსიის კულტურის დღეები  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელორუსიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ასევე, საქართველოში ბელორუსიის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ტარდება, ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები