„ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი” – წიგნის წარდგინება გაიმართება

15 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წიგნის  – „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი” წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი წარმოადგენს პირველ მასშტაბურ გამოცემას ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა შესახებ. მასში მოთხრობილია შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური დეკორის ცამეტსაუკუნოვანი განვითარების ისტორია იმ სახვითი არტეფაქტებით, რომლებმაც ქართული კულტურის დამცველი, გადამრჩენი და შემსწავლელი ადამიანების წყალობით, ერთი საუკუნის განმავლობაში თავი მოიყარა ეროვნული მუზეუმის საცავებში. გამოცემა ნათლად წარმოაჩენს აღნიშნულ კოლექციაზე მოამაგე ადამიანებს – მეცნიერებს, მხატვრებს, კოპიისტებსა და რესტავრატორებს.
ნაშრომი მოიცავს 500-ზე მეტ ფოტოს, რომლებზეც ასახულია XV-XVIII საუკუნეების განმავლობაში ქრონოლოგიურად დალაგებული და იდენტიფიცირებული კედლისა და იატაკის მოზაიკის, ასევე მონუმენტური მხატვრობის დედნები, ასლები და ჩანახატები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აღარ არსებობს ან ხელმიუწვდომელია – მდებარეობს დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
წარმოდგენილ ასლებს შორისაა ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლა-გადარჩენის საწყის ეტაპზე შესრულებული საუკუნეზე მეტი ხნის ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ ისინი შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით დაფუძნებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით. წიგნი ეძღვნება 1917 წლის „ძველი ქართული საეკლესიო ფრესკების” გამოფენის ასი წლის იუბილეს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები