ეროვნულ არქივში გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის ფოტოკოლექციის გამოფენა გაიმართება

9 – 12 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეებზე, საქართველოს ეროვნული არქივი გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის ფოტოკოლექციის გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის (1844-1924) ფოტოები საზოგადოებამ პირველად წელს, ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გამართულ გამოფენაზე იხილა. ყარალაშვილის ფოტოკოლექცია, რომელიც მინის სტერეოსლაიდებისა და ნეგატივებისგან შედგება, საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.
გიორგი (გიგლო) ყარალაშვილი სამხედრო მოხელე იყო, თუმცა მისი ფოტოკოლექცია მოწმობს, რომ საქმე გვაქვს ფოტოგრაფიის დახვეწილ ოსტატთან, რომელმაც ამიერიდან ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს.
ფოტოების ფორმატია 4.5X10.7 – ფართო პრაქტიკული გამოყენების მქონე ე. წ. ვერასკოპის ფორმატი. ამ ფორმატის სტერეოფოტოების გადამღები კამერები ძვირი, თუმცა მოსახერხებელი იყო. მცირე ზომის მსუბუქი კამერა მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლეოდა და ყველაფერთან ერთად, გარშემომყოფთა ყურადღებასაც ნაკლებად იქცევდა.
ყარალაშვილის ფოტოგრაფია თავისუფლად ეწერება საუკუნის დასაწყისის ევროპული ფოტოგრაფიის კონტექსტში, უფრო მეტიც, მისი ხედვა როგორც მოდერნისტული ეპოქის საწყისი პერიოდის, ასევე თანამედროვეობის შესაბამისია. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები