„ბილტმორის აკადემიის“ სესიის ფარგლებში, ლუარსაბ ტოგონიძის ლექცია – ,,ქართული ტრადიციული სამოსი” გაიმართება

“ბილტმორის აკადემიის” მომდევნო სესიის ლექტორი ქართული ტრადიციული სამოსის ბრენდის – „სამოსელი პირველის” დამაარსებელი ლუარსაბ ტოგონიძეა. თემა: ,,ქართული ტრადიციული სამოსი”. ლექცია 10 ნოემბერს, 18:30 საათზე დაიწყება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციის დროს მიმოხილული იქნება, თუ როგორ იმოსებოდნენ ჩვენი წინაპარები, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ეპოქოს ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს ქართველებისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება. მუზეუმებსა და საცავებში დაცული ტანისამოსის და აქსესუარების ნიმუშები წარმოაჩენს საქართველოს რეგიონების სამოსის თავისებურებებს.
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის – „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტი ყოველ სამშაბათს შუქდება რადიო “შოკოლადის” (FM 98.5) ეთერში.
„ბილტმორის აკადემია“ ყველა დაინტერესებულ პირს სასტუმროს ისტორიულ ნაწილში – ამფითეატრში მასპინძლობს. ადგილი სიმბოლურია, ვინაიდან სწორედ ამფითეატრში ტარდებოდა პარლამენტის სხდომები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და სწორედ ამ დარბაზში მიიღეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია 1995 წელს.
„ბილტმორის აკადემია“ არის საჯარო ლექციების ციკლი, რომლებსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ატარებენ. სწორედ ამ დღეს ამფითეატრი თავის ისტორიულ მნიშვნელობას იბრუნებს.
„ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში სასტუმროს კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების საკითხებით არის დაინტერესებული ან უბრალოდ, ყოფილი „იმელის“ შენობის ისტორიული ნაწილის მონახულება სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები