ბერლინში ბექა ადამაშვილის წიგნის – „ბესტსელერის“ წარდგინება გაიმართება

10 ნოემბერს, 20:00 საათზე, ბერლინის ცნობილ სახელოვნებო სივრცეში Literaturhaus Berlin-ში ბექა ადამაშვილის წიგნის „ბესტსელერის“  წარდგინება გაიმართება.
„ბესტსელერი“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Verlag Voland & Quist მიერ გერმანიაში გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე სიბილა ჰაინცემ იზრუნა.
სატირული რომანი 2014 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ნაწარმოებში მოქმედება ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ვითარდება. ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათ წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს. ავტორმა ეს წიგნი მიუძღვნა ხეებს იმ მცირე ზიანის საკომპენსანციოდ, რომელიც მათ მიძღვნისთვის განკუთვნილმა ფურცელმა მიაყენა.
„წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი… ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათ წიგნები ტანჯავდნენ მკითხველებს; სადაც დიდი ძმის ტელევიზიას („BBC – BIg Brother`s Channel“) ორუელი განაგებს და შექსპირის სასტუმროს („ჰოტელო“) – იორიკის თავის ქალა; სადაც ეკზიუპერი ანონიმ თვითმკვლელთა კლუბის გამორჩეული წევრია; სადაც მთელი გარემო ლიტერატურული ატმოსფეროთია გაჟღენთილი და სადაც… თუმცა, ყველაფერს ანოტაციაში ვერ მოვყვები. სხვა დანარჩენისთვის არსებობს „ბესტსელერი“ – სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-და კიდევ რაც გამოგვრჩა, ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ – ნერვებს. სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი ადგილზე, რომელიც მწერლებისათვის ჯოჯოხეთია, მაგრამ მკითხველებისათვის ნამდვილი სამოთხე უნდა აღმოჩნდეს. და კიდევ უფრო სხვა სიტყვებით, ეს არის წიგნი, რომელიც თავს თუ არა, დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ“, – აღნიშნულია წიგნის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები