WorldSkills–ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა შვიდ პროფესიაში იასპარეზა

ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა შვიდ პროფესიაში – სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ.
შეჯიბრი, რომელშიც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხადასხვა ქვეყანაში იმართება და ასი ათასობით დამთვალიერებელი ჰყავს, სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომლებიც მონაწილეებს აკვირდებიან და ბევრ მათგანს თანამშრომლობას სთავაზობენ.
Worldskills-ის პრეზიდენტის საიმონ ბარტლი მიიჩნევს, რომ შეჯიბრში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. შესაბამისად, ქართველი კონკურსანტები, რომლებმაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გამოცდილებას დაინტერესებულ თანატოლებს გაუზიარებენ.
საერთასორისო შეჯიბრში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობა და სხვა ქვეყნების კონკურსანტების შეფასება ასევე დიდი გმოცდილებაა ქართველი პედაგოგებისთვის. საქართველოს გუნდის ღირსეული გამოსვლა მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების მიმართ არსებული მიდგომებისა და კონკრეტულად, მონაწილეების, მათი პედაგოგებისა და იმ უწყების წარმომადგენელთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომელმაც პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო კონკურსზე, საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა უზრუნველყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დახმარებით, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. საქართველოდან წარგზავნილები არიან: ანა-ქრისტინე ტატიშვილი – საკონდიტრო საქმე, ლია ლომიძე – სამზარეულო საქმე, ზურაბ შავიშვილი – სარესტორნო სერვისი, ცოტნე ნაზარაშვილი – ვებდიზაინი, მალვინა მუთიძე – საპარიკმახერო საქმე, დავით დავითაშვილი – საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა, სალომე წიქარიძე – გრაფიკული დიზაინი. კონკურსის შედეგები მალე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები