თენგიზ ფხალაძე: კრინიცას ეკონომიკური ფორუმი შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი კრინიცას ეკონომიკური ფორუმის საპრეზიდენტო პანელზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებს და ყურადღებას გაამახვილებს იმ შესაძლებლობებზე რისი შეთავაზებაც საქართველოს ევროკავშირისათვის შეუძლია.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ეკონომიკური ფორუმის საპრეზიდენტო პანელზე, სადაც განხილული იქნება სწორედ ევროპული პერსპექტივები იმ ევროპული სახელმწიფოებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ,,ბუნებრივია, რომ მთავარი თემა მისი გამოსვლის არის სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ის შესაძლებლობები რაც გააჩნია დღეისათვის საქართველოს და ის თუ რას სთავაზობს საქართველო ევროკავშირს. ეს განიხილება მრავალ განზომილებაში, ეს არის როგორც ეკონომიკური, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის განზომილება. ანუ ის თუ რისი მიტანა შეუძლია საქართველოს ევროკავშირში, რა სიკეთეების მიღება შეუძლია და საერთო ჯამში რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ის ქვეყნები, როგორიც არის საქართველო ევროკავშირში განიხილებოდეს როგორც მისი წევრობის მომავალი კანდიდატი”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს უსაფრთხოების კუთხით. ,,როდესაც ასეთი სესიები ეწყობა, აქ ეს ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ ერთგვარ მზადებად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის. სწორედ ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ გაჟღერებული გზავნილები იყოს მხარდაჭერილი ისეთი სახელმწიფოების მიერ, როგორიც არის პოლონეთი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორია და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები