ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა

„კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით არის მიღებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
​გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე დოკუმენტის შესახებ განმარტებებს აკეთებს. „კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით არის მიღებული. დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ თითქოს გარკვეული საკითხები არის ჩასწორებული კონსტიტუციაში, განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან. სინამდვილე კი ასეთია – რა თქმა უნდა, ოთხი ცვლილება არის შეტანილი დოკუმენტში. ბუნებრივია, ეს დოკუმენტი განსხვავდება მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან. ოთხივე ცვლილება პროექტში შეტანილია იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც პლენარულ სხდომაზე გამოითქვა. ერთი ტექნიკური ცვლილება ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს; მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას და ფორმულირების დახვეწას; ასევე, შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს, რომ დაკონკრეტებულიყო ორგანული კანონის დათქმა; მეოთხე საკითხი, რომელიც იყო გაზიარებული, ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას 6 წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და გაზიარებულ იქნა ჩემ მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც დარიგდა მეორე მოსმენის დროს. სამწუხაროდ, დეზინფორმაცია გავრცელდა, თუმცა მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს „აპარებდნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები