სასამართლომ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 მარტს, დ.ნ.-მ შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მისი მეორე, არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ასევე დ.ნ-მ 24 აპრილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო 25 აპრილს მაღაზიაში მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მისმა შვილმა და მეუღლემ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს.
სამართალდამცველებმა დ.ნ. 19 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები