სოფელ დიცს სარწყავი სისტემა მოუწესრიგდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. სოფელი დიცის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო.
როგორც ,,კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეს სოფელს სარწყავი წყალი მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით მიეწოდება, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით, 2017 წელს დამატებითი საქაჩი აგრეგატი დამონტაჟდა.
შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ დიცში გამავალი საირიგაციო არხიდან წყლის მიღების მიზნით გამოყენებისას, არხი ზიანდებოდა, რაც სოფლის წყლით მომარაგების პროცესს აფერხებდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია, დაწესდეს სარწყავი წყლით სარგებლობის გრაფიკი, იმისათვის, რომ წყლის დებეტის სიმცირემ სარწყავი წყლის მოხმარება სისტემის სამოქმედო არეალში არ შეაფერხოს.
უახლოეს დღეებში, შპს “საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი, საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხების დამატებით განხილვის მიზნით, სოფელ დიცის მოსახლეობას შეხვდება. საირიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის სამსახურის ცხელ ხაზს: 1501.