„დიდ სიყვარულსაც ისეთივე ზიდვა უნდა, როგორც დიდ ტკივილს“…

ოჯახიდან შეუყვარდა მუსიკა. ერთ დღესაც გაბედა და წაიღიღინა „ოროველა“… მას შემდეგ წარმატებას წარმატება მოჰყვა. მის მიერ შესრულებულ „ოროველას“ ფოლკლორის ცნობილი კორიფეები უკრავდნენ ტაშს, მათ შორის ჰამლეტ გონაშვილი…
სხვადასხვა ფილმსა და გადაცემაში, ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდა… ხელოვნების ჭეშმარიტი ქომაგის ტიტულს ფლობს და უამრავი მადლობა, დიპლომი და სიგელი მიიღო…
არის მწერალთა კავშირის წევრი 2015 წლიდან. იყალთოს სახალხო აკადემიის საპატიო წევრი, ღირსების ორდენის კავალერი კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.

პარალელურად მუშაობს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად კულტურისა და სპორტის საკითხებში. – ლეილა ლეგაშვილის პერსონა.

– დავიბადე 1964 წლის 23 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში, ანზორ და ქეთევან ლეგაშვილების ოჯახში. მამა სატყეო მეურნეობაში ტყის მცველად მუშაობდა, ძალიან თბილი, მოსიყვარულე მამა იყო, უნიჭიერესი  პოეტი, სახალხო მთქმელი გახლდათ. შეეძლო თამადობა სულ ლექსებით წაეყვანა, თან ექსპრომტად, რომ ყველას ეგონა, ლექსები ზეპირად იცოდა, თუმცა იქვე ქმნიდა, მისი ლექსების რვეულები მთელ სოფელს ჰქონდა გადაწერილი, მისი კაფიები ხელიდან ხელში გადადიოდა. არასოდეს მოჭრიდა ხეს,  ოჯახის წევრების წყრომის მიუხედავად, სახლში ზამთარშიც კი საკმარი შეშა არ გვქონდა. ერთხელ ბებიაჩემის ჩხუბის შემდეგ, ლექსი დაწერა და სატყეო მეურნეობის დირექტორს გაუგზავნა.
ეს ლექსი დიდი  და ძალიან სახუმარო იყო, რომელმაც მთელი სატყეო დეპარტამენტი მოიარა და უფროსობაც კი ჩამოუვიდა მამას, რათა კარგად გაეცნოთ. მამა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დედა ქეთევან ლეგაშვილი უზომოდ მშრომელი ქალი იყო, ოთხ შვილს გვზრდიდა  და არაფერს გვაკლებდა, მაშინდელ მეურნეობაში მუშაობდა და მოწინავე ადამიანი იყო, რისთვისაც ხშირად იწვევდნენ მაშინდელ რაიკომში დეპუტატად და ჯილდოებიც ჰქონდა. სიმკაცრის მიუხედავად, თავდადებული დედა იყო და არაფერი დაგვაკლო შვილებს სწავლისათვის.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღესაც 72 წლის ქალი იმდენს შრომობს, შემოდგომით ყველას ზამთრის სანოვაგეს გვიგზავნის. ამის გარდა, შვილიშვილების მესაიდუმლე და მეგობარია, მასზე როგორც შვილიშვილები, ასევე მათი მეგობრები ჭკუას კარგავენ.
– თელავის სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრეთ გუნდის დირიჟორის და მუსიკის მასწავლებლის კვალიფიკაციით. მუსიკა ბავშვობიდან გიყვარდათ და მღეროდით?
– დედა ძალიან კარგად მღეროდა, ძილის წინ საოცარ „ნანებს“ გვიმღეროდა და, საერთოდ, ღიღინი უყვარდა.
როდესაც აღმოაჩინა, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა, სოფლის მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა, პიანინო  კი დედის დედამ, ნინო ჯავახიშვილმა მიყიდა, რომელიც  გიტარის თანხლებით ასევე არაჩვეულებრივად მღეროდა. სწორედ  ბებიისგან  დედას, დედისგან კი მე დამყვა სიმღერის ნიჭი.  ამის გარდა, დედამ სოფლის გუნდში მიმიყვანა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი მღეროდა, აქედან დაიწყო  ჩემი, როგორც მომღერლის პირველი ნაბიჯები.
– როგორც ქართული-ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ჩაგწერეს იაპონელებმა და კომპაქტდისკიც გამოიცა…. მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს?
– გუნდში ძალიან ნიჭიერი ადამიანები მღეროდნენ. მათ ვუსმენდი და სახლში ჩუმად ვმღეროდი.
ერთ დღეს მეც გავბედე და წავიღიღინე „ოროველა“, თავისი ჩახვევებით.
ჩემმა მუსიკის მასწავლებელმა, მარინა კოლაშვილმა, მაშინდელი სამუსიკო სასწავლებლის გოგონათა გუნდის ლოტბარს – პავლე დემურიშვილს მოასმენინა ჩემი ნამღერი და 15 წლის ასაკში ასეთი ცნობილი ანსამბლის სოლისტი გავხდი, ასევე პავლე დემურიშვილმა აიღო თავის თავზე ჩემი შემდგომი განათლების საქმე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე მომამზადა საგნებში და  თელავის სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩავირიცხე.
პარალელურად ვმღეროდი  და არაერთი წარმატება მოვიპოვე როგორც რესპუბლიკის, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამ გუნდთან ერთად ჩამწერეს იაპონელებმა და გამოსცეს კომპაქტდისკი ჩვენს ანსამბლზე, შემდეგ კიდევ გვესტუმრნენ და ასევე ჩამწერეს ანსამბლ „წინანდალთან“ ერთად.
გუნდთან ერთად რამდენიმე წელი გამოვდიოდი საკავშირო ფესტივალზე „ქება ვაზისა“, რომელიც ჩემი „ოროველათი“ იხსნებოდა.
ამავე გუნდთან ერთად ჩამწერა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის მაშინდელმა პირველმა არხმა, ირაკლი ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) ფილმში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გადაიცა „ვრემიით“ და შემდეგ დიდხანს გადიოდა ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხზე. ამ გუნდს უკავშირდება ჩემი არაერთი წარმატება სხვადასხვა ფესტივალის, გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალის, ტალინის საერთაშორისო ფესტივალის, იუგოსლავიის და და სხვა.
– რატომ გადაწყვიტეთ ფილოლოგობა?
– სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გავაგრძელე. საერთოდ სკოლაში წარჩინებით ვსწავლობდი, ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, ვხატავდი კარგად, სკოლის ღონისძიებებს სულ მე და ჩემი დები ვაფორმებდით, ასევე ლოზუნგებს და პლაკატებს პარადებისთვის, კედლებზე სულ ჩვენი ნამუშევრები ეკიდა, თუმცა ქართული ენა და ლიტერატურა ძალიან მიყვარდა და, სიმღერის გამო მიმართულება შემეცვალა, რადგან სამუსიკო სასწავლებელში აღმოვჩნდი, დამთავრებისთანავე ბედი ინსტიტუტში ვცადე.
წერაში თავისუფალი თემა ავირჩიე, მაშინ ასეთი თემა მოვიდა: „ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!“, თემაში  ჩემი საქართველოს სიყვარული ისე ჩავაქსოვე, სულ ლექსებით გავაფორმე, რომელიც იქვე შევქმენი, და ჩემი მამიდის – ნაზი პეტრიაშვილის საქმიანობა  მოვიყვანე მაგალითად, რომელიც საბჭოთა კავშირის უმღლესი ყრილობის დეპუტატი იყო, შრომის გმირის წოდება ჰქონდა და მთელი საქართველო პატივს სცემდა, როგორც ქვეყნის წარჩინებულ ადამიანს.
მახსოვს, კიბეებზე ვიჯექი, კალთაში 3 წლის შვილი ანა მეჯდა, ნიშნებს აცხადებდნენ, ჩემი ნიშანი არ ჩანდა, ბოლოს წამოსასვლელად ავდექი, რომ გამოაცხადეს ჩემი  ხუთიანი. ისე ავტირდი, ბავშვიც ავატირე. ჩემი თემა ჩემი სტუდენტობის პერიოდში რაიონის გაზეთში დაიბეჭდა.
– როგორ დაიწყო მოღვაწეობა ხელოვნებაში და კერძოდ, მუსიკაში?
ამავე ინსტიტუტში შეიქმნა ანსამბლი „ოროველა“, რომლის სოლისტიც ვიყავი. სტუდენტობის პერიოდში ამ ანსამბლიდან  სამჯერ გავხდი სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული.
მახსოვს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის  შენობაში, სადაც დასკვნითი ტური ჩატარდა, „ოროველა “ შევასრულე, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა, ასევე ჟიური, სადაც  ფოლკლორის ცნობილი კორიფეები: კუკური ჭოხონელიძე, გომარ სიხარულიძე, ანზორ ერქომაიშვილი… იყვნენ. კიდევ გამამეორებინეს სიმღერა, ამჯერად „დაიგვიანეს“ შევასრულე, შემდეგ პოლიტექნიკურის რექტორატმა კაბინეტში მიმიწვია და პატარა ლამაზი შეხვედრით გადამიხადა მადლობა.
პარალელურად, იმავე დღეს, დღის საათებში მთაწმინდის პანთეონში, ლექსების კონკურსში გამოვედი,  სადაც ასევე პირველი ადგილი აიღო ჩემმა ლექსმა საქართველოზე. ამ ჟიურისთან ერთად პოეზიის ჟიურის წარმომადგენლებიც იყვნენ. როდესაც სცენაზე სიმღერა დავიწყე, ვერ მოუთმენია ჟიურის თავმჯდომარეს და ხმამაღლა უთქვამს, აი, ეს გოგო გახდა გამარჯვებული და სხვანაირად როგორ იქნებოდა, თურმე როგორ უმღერიაო.
სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი ხართ…
– ამ ფესტივალებიდან ძალიან შევუყვარდი მაშინდელი განათლების მინისტრს დავით ჩხიკვიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა ბაქოში ამიერკავკასიის სტუდენტურ ფესტივალზე გაეგზავნა ჩვენი ანსამბლი, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს სტუდენტური ფესტივალების გამარჯვებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები გამოდიოდნენ.
მატარებლების სადგურზე თვით მინისტრმა გაგვაცილა, ასე გავემგზავრეთ  ბაქოში 120 სტუდენტი.
რეპეტიციებიდანვე აიტაცეს ბაქოსა და სომხეთის სტუდენტებმა ჩემი ნამღერი, რის გამოც უდიდესი ყურადღების ცენტრში მოვექეცი, ხოლო კონცერტის დროს არ წყდებოდა აპლოდისმენტები.
კონცერტის შემდეგ, 26 კომისრების მემორიალთან ჯარისკაცების კორიდორით მივყავდით ჩვენი ანსამბლი, როგორც გამარჯვებული და მე წინ ყვავილები მიმქონდა, ენით აუღწერელი სიხარული იყო ეს ყოველივე, მეორე დღეს კი, 9 მაისს, აფშერონთან გვირგვინით შემამკობინეს ძეგლი, რომელიც გადაიცა „ვრემიით“, მაშინ სიმღერის დედოფლის წოდება მომანიჭეს, ჩემი ნამღერი კი დიდხანს გადიოდა აზერბაიჯანის ტელევიზიით.
ერთ დღეს თელავის ინსტიტუტს ეწვია საკავშირო განათლების მინისტრი იაგოდინი, მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  ოთარ ჩერქეზია, ცეკას მდივანი გურამ ენუქიძე, განათლების მინისტრი დავით ჩხიკვიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე, რომელთაც მოისმინეს ჩემი შემოქმედება და ძალიან მოიწონეს, ხოლო იაგოდინმა  უთხრათ, რომ თბილისში გადავეყვანე რომელიმე ცენტრალურ უნივერსიტეტში და იქ გამეფართოვებინა ჩემი შესაძლებლობები.
მართლაც, გურამ ენუქიძემ, რომელიც უკვე განათლების მინისტრად დაინიშნა, გადამიყვანა თბილისში, პუშკინის ინსტიტუტში, სადაც გავაგრძელე სწავლა დაუსწრებელ ფაკულტეტზე და პარალელურად ფოლკლორისტიკის ფაკულტეტზე და მაშინდელ მუსიკალურ საზოგადოებასთან არსებულ თეატრ „ვერნისაჟში“ ვმუშაობდი, ასევე ვმღეროდი ანსამბ „უშბაში“ და ამავე ინსტიტუტში  გოგონათა ანსამბლი მყავდა.
ანსამბლ „ვერნისაჟიდან“ კონცერტებს ვმართავდით როგორც სახელმწიფო ფილარმონიაში, ასევე მოსკოვში, „დომ კინოში“ და საქართველოს წარმომადგენლობის ცენტრში. ერთ-ერთი კონცერტიდან მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა საინფორმაციო გადაცემამ („120 წუთი“) ჩაწერა ჩემ მიერ შექმნილი სიმღერა: „მე, მაშინ მოვალ, როცა აღარ დამელოდები“ – ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის  და დილის საინფორმაციო გადაცემაში გაუშვა სრული ვერსია.
– თქვენ მიერ შესრულებული სიმღერები სხვადასხვა ფილმში მოხვდა… ირაკლი ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) ფილმი მთავრდება თქვენი სიმღერით… ასევე თქვენი ნამღერი მსოფლიო კინოეკრანებზე მოხვდა. „შეხვედრა სამყაროს დასალიერში“ გადაიღო „ოსკაროსანმა“ რეჟისორმა ბერნარდ ჰერცოგმა… რით იყო საინტერესო  ეს შეხვედრები?
– ერთ დღეს დამირეკეს თელავიდან, რომ მეძებდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზია, რომელსაც ცნობილმა რეჟისორმა, პუბლიცისტმა, იმიტატორმა ირაკლი ანდრონიკოვმა დაავალათ, რომ მოეძებნათ ქართველი გოგონა, რომელსაც ალავერდში მოუსმინა. მართლაც, ჩამიყვანეს თელავში და ისევე ჩემს საყვარელ პავლე დემურიშვილის გოგონათა ანსამბლთან ვიმღერე და ირაკლი ანდრონიკოვზე გადაღებულ ფილმში არის ეს ნამღერი.
ამავე წელს იაპონიიდან ჩამოვიდა დელეგაცია, რომელსაც უნდოდა მოესმინა ანსამბლი „რუსთავი“ და ჰამლეტ გონაშვილი, რადგან თავისი თვალით  ენახათ, როგორ ახვევს ადამიანი ყელში ბგერებს. სამწუხაროდ, ჰამლეტ გონაშვილი გარდაცვლილი იყო და ჩვენი ანსამბლი წარუდგინეს.
ამ ჩაწერის დროს იყალთოს აკადემიაში დაემთხვა ანსამბლ „სუხიშვილების“ სტუმრობა, ჩამწერმა ოპერატორმა ბრძანა, ჩაწერაში ხელი მეშლება და ყველა გარეთ გავიდესო.
მახსოვს ნინო რამიშვილის განრისხება, თვითონ გავიდნენ, ასეთ მარგალიტებს რომ გვპარავენ, ვინ იცის, სად გამოიყენებენო, შემდეგ ილიკოსაც ანიშნა, არ გახვიდეო, უხერხულობა ჩამოვარდა, მერე აუხსნეს იაპონელს, ვის წინაშე იდგა და მაშინ ყველა ანსამბლის წევრი ქვაფენილზე დასვეს, მხოლოდ მარცხნივ ნინო და მარჯვნივ ილიკო იდგნენ, საოცარი სურათი იყო, არასოდეს დამავიწყდება, მე ნინოს ვუყურებდი და ისე ვმღეროდი, მის თვალებში ცრემლიც შევნიშნე.
დამთავრებისას ნინოს მიუყვანეს ჩემი თავი და ჩამიხუტა, შემდეგ წევრები შემომეხვივნენ და მლოცავდნენ.
ნინოს წინასწარმეტყველება ახდა, რამდენიმე წლის წინ, „რუსთავი 2“-ის გადაცემას ვუყურებდი, რუსკა გიორგაძის „მსოფლიო კონოეკრანებზე,“ რუსკა აცხადებდა, რომ კიდევ ერთი სიმღერა იქცა საუნდტრეკად, ახლა უკვე „ოსკაროსან“ რეჟისორის ბერნარდ ჰერცოგის ფილმში „შეხვედრა სამყაროს დასალიერში“, რომელსაც თელავის გოგონათა გუნდი ასრულებსო. მართლაც, ამოვიცანი ჩემი ნამღერი, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
– ედუარდ შევარდნაძის ფილმში „სამი სიცოცხლე“ მისივე სურვილით გადაგიღეს… როგორ გაიხსენებთ შევარდნაძეს?
– მინდა გავიხსენო ედუარდ შევარდნაძის შესახებ რამდენიმე ეპიზოდი.
მას უყვარდა ჩემი სიმღერა და ყოველთვის მცნობდა, სადაც არ უნდა დავენახე.1996 წლიდან ახმეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლაგაზრდობის სამსახურის უფროსად ვმუშაობდი, მაშინდელ გამგებელთან – ირაკლი ჯამრულიძესთან ერთად აღვადგინეთ „თუშეთობის “დღესასწაული, ერთ-ერთ წელს ედუარდ შევარდნაძე გვესტუმრა.
ახლად გახსნილ სალოცავში ნათლობა უნდა ჩაგვეტარებინა, ჩემი თანამშრომლის, მთათუშეთის ბიბლიოთეკარის მაია იჭირაულის ბიჭი მე უნდა მომენათლა. მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, მე ნათლული არ მყავს და მეც მოვნათლავო, წაავლო ჩემს გოგონას – ანა მაისურაძეს ხელი და ჩვენ მოვნათლავთო. მართლაც, შედგა ეს ნათლობა, და შემდეგ კონცერტზე ნათლულიც მოიკითხა და დაასაუქრა.
ამ კონცერტზე მე და ჩემმა გოგონამ შევასრულეთ სიმღერა „ხიდი“, რომლის ტექსტიც გურულ გოგონას ეკუთვნის, იყალთოში ამღერდა და ჩვენც ჩვენებური ვარიანტით ვიმღერეთ, პრეზიდენტმა მიგვიხმო და გვკითხა, იმ ღელეზე სიმღერაში რომ ამბობთ, მართლაც არის ხიდიო?! ჩვენ ვუპასუხეთ, რომ არ იყო ხიდი, მაშინ პრეზიდენტმა მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს გია არსენიშვილს უთხრა, რომ იმ ღელეზე ხიდი გაკეთებულიყო, ერთ  წელში ღელეზე ხიდი აშენდა და „სიყვარულის ხიდი“ ჰქვია. ეს ხიდი ბატონმა ბიძინა სონღულაშვილმა ააშენა. სუფრის დამთავრების შემდეგ ბატონმა ედუარდმა ხელკავი გამიყარა და ვერტმფრენისკენ მივყავდი, თავისი განუმეორებელი იუმორით მიმართა გამცილებლებს, აქ, მთაში, ვერ დაგიტოვებთ ამ ბულბულსო და ტრაპამდე ასე სიცილ-სიცილ მივყავდი, მერე გადამეხვია და დამემშვიდობა.
ხოლო ჩვენი ნამღერი „ხიდი“ მისივე თხოვნით გამოყენებული იქნა ფილმში „სამი სიცოცხლე“, რომლის დასასრულს გადის ეს სიმღერა. სამწუხაროდ, არ მაქვს კადრები.
მინდა მოგახსენოთ, რომ გასულ წელს ავსტრიის ტელევიზიამ, რეჟისორმა ჰუგო ზემფმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახური სუფრული სიმღერები“ ჩემზე, ჩემს ოჯახზე და 94 წლის ლოტბარსა და მომღერალზე ანდრო სიმაშვილზე. ფილმის პრეზენტაცია იყო კონსერვატორიაში და თელავის თეატრში, ასევე ავსტრიის დიპლომატიურ კორპუსში და სხვა წრეებში, ხოლო წელს ხელმეორედ ამავე რჟისორმა გადაიღო ფილმი „ნანები“,  სადაც ვმღერით  სამი თაობა – მე, ჩემი შვილი ანა მაისურაძე და დედაჩემი ქეთევან ლეგაშვილი, ასევე ჩვენი მეგობრები, მაია ახმეტელი, ნინო ბაქრაძე და ჟანა ხანჯალიაშვილი.
– „ოროველა“ რამდენიმე წელი აზერბაიჯანის ცენტრალური ტელევიზიით… მართლაც, გულში ჩამწვდომად მღერიხართ…
„ოროველას“, ძირითადად, მამაკაცები ასრულებენ, ჩემი ვარიანტი განსხვავდება, რა თქმა უნდა. ერთხელ ოთარ თაქთაქიშვილმა მომისმინა ალავედის ტაძარში და თქვა, მე რამდენჯერმე მომიხდა ამ გოგონას მოსმენა და არცერთხელ არ უმღერია ერთნაირად, ყველა ნამღერი სხვადასხვანაირიაო, სხვათა შორის, ჩამწერა და, როგორც მითხრეს, ქართულ „ოქროს ფონდში“ უნდა შევინახოთო.
თელავის თეატრში ცნობილი სეფსისოლოგის, აკადემიკოს ირაკლი ბოჭორიშვილის იუბილე ტარდებოდა, მაშინ გოგონათა ანსამბლმა დარბაზიდან გავშალეთ სიმღერები, „ოროველა“ შევასრულე, ჰამლეტ გონაშვილს ოთახიდან რადიოფიცირებიდან მოუსმენია, სცენაზე გამოვიდა და თქვა, ასეთი ნამღერი „ოროველა“ საოცარია და განუმეორებელი, ამღერეთ ეს გოგონა, მე მსმენელის როლში მირჩევიაო.
ერთხელ ალავერდში ანსამბლი „რუსთავი“ და ჩვენი გოგონათა გუნდი საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრს შევარდნაძეს და კულტურის მინისტრს ტიაჟენიკოვს ველოდებოდით. მოვიდა ჰამლეტი და მითხრა, ჯერ შენ აარჩიე, რომელს იმღერებ – „დაიგვიანეს“ თუ „ოროველას“ და მერე მე ვიმღერებო. ძალიან გამოხატავდა ჩემდამი სიყვარულს. შევპირდი, მამაჩემს გავხართ და უნდა გაგაცნოთ – მეთქი და კარგი ვაზის ნამყენებსაც ხომ მომცემსო, მიღიმოდა.
– გამოეცით პოეზიის კრებული „ჰიმნი გაზაფხულის რტოთა“.  პარალელურად წერთ სიმღერებს, რომლებსაც თქვენივე ტექსტებზე ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები ასრულებენ…
– სიმღერის პარალელურად ვწერ ლექსებს და სიმღერებს ჩემივე ტექსტებზე, პოეზია ბავშობიდან მიყვარს, ჩემი ნამდვილი სახე ლექსში და სიმღერაშია, რადგან ცხოვრება ხშირად გვართმევს რეალური ხასიათის გამოვლენის საშუალებას, სულ საჯარო სამსახურებში ვმუშაობ თანამდებობებზე და უხერხულია, ემოციებით, აღმაფრენით და დაღმაფრენით, ტკივილითა და სიხარულით  დახუნძლულ ჩემს შინაგან ბუნებას ვავლენდე, თუმცა, ჩემი რთული ცხოვრებიდან გამომდინარე, მაინც ვინარჩუნებ წონასწორობას.

 

გთავაზობთ ჩემს ერთ ლექსს  „მარანი“ (ეძღვნება მამაჩემის, ანზორ ლეგაშვილის ხსოვნას)

შევაჭრიალე მარნის კარი, პატრონნაქები,
აქ ყველაფერი იყო წმინდა, ალალ-გლეხურად    
და უფროს- უმცროს ქვევრებს თავზე მძიმე სარქვლები,
როგორც ქუდები ნამუსისა, ისე ეხურათ,

აქ პაპაჩემის ტრიალებდა სპეტაკი სული
და მამაჩემის ლექსის ბწკარი ისევ ღვიოდა,
მხოლოდ საწნახელს ჩამოეშვა უმწეოდ ტუჩი
და დანესტილი ღაწვებიდან ცრემლი სდიოდა.

ენატრებოდა ტკბილ ბადაგით დასვრილი ტანი
და  ყურძნის ჭყლეტით გახელებულ ვაჟკაცთა ლხენა,
ცარიელ ქვევრში ჩამღერებულ ბადაგის ბანი
და ამოვსებულ ყანყრატოდან პირველის მღერა.

სავსე გოდრები ჩაკუმსული მწიფე ყურძენით
და  გამდიდრებულ პაპაჩემის საამო მღერა,
სახლის დედაბოძს ჩასობილი მსხვილი ლურსმნები
და ზედ ტყუპ-ტყუპად აჯაგნული ყურძნების წყება.

კასრებზე მწკრივად ჩამომდგარი თიხის დოქები ,
შიგ ჩაკიდული ძაბრი, როგორც გამშრალი ცური,
უდედო ღვინის მოლოდინში თეთრი ბოცები
და  ნივრის მწნილით აქოთებულ ქილების სუნი.

საყრდენ კედელზე მიყრდნობილი რძის სადღვებელი
და აქეთ-იქით დაჭყეტილი საცრის თვალები,
ზედაშეს ქვევრი, ქალებისგან ხელუხლებელი,
და  თეთრ ნაწნავად ჩამოშლილი ნივრის გალები…

თვალწინ დამიდგა სუფრის ტკბილი ჩამომთავრებით,
ურმის კოფოზე შემომჯდარი დაღილი ღამე,
სავსე ქვევრები წარამარა ამომთქნარებით
და საწნახელის ვალმოხდილი, მთვლემარე სახე.

ახლა კი ბეღელს დასტყობია უკაცო ხელი ,
აქ არც კერია ძველებურად აღარა ლხინობს,
საწნახელს, კედლებს დასდებია ნაღველის ფერი
და ზედაშეშიც მხოლოდ დოქით ჩაუდგამთ ღვინო….

მოვაჭრიალე პირუჩუმრად კარები მძიმე ,
ცრემლიან თვალზე რწმენის სხივი მაინც კიაფობს,
ფუძის სიყვარულს მოაკითხავს ოდესმე ვინმე,
რომ საწნახელი ძველებურად აახმიანოს!

– ოჯახი…
– ჩემი შემოქმედების უმეტესი ნაწილი ჩემს მეუღლეს, ზურაბ სამადაშვილს ეძღვნება, იგი უნიჭიერესი და ცნობილი ადამიანი იყო, ცნობილი ექიმის  ირაკლი სამადაშვილის და რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის ნინო გომურაშვილის ვაჟი.
ზურა ტელევიზიებიდან ბავშვობიდან გახდა ცნობილი, როგორც არაბუნებრივად ნიჭიერი ბავშვი, მეოთხე კლასში უკვე ინგლისურად საუბრობდა. მაშინ ეს უიშვიათესი იყო, შემდეგ მაღალ კლასებში, თითით საჩვენებელი მოსწავლე იყო, მაშინ იყო ასეთი სატელევიზიო გადაცემა „ცხრაკლიტული“, სადაც ზურა ალამდარი იყო და მთელმა საქართველომ გაიცნო, როგორც უდიდესი ჭკუისა და აზროვნების ადამიანი.
ზურა 1993 წელს რუსეთში წავიდა, მას საკმაოდ განვითარებული და შემოსავლიანი ბიზნესი ჰქონდა, ამიტომ რუსულ ბაზარზე უნდოდა დამკვიდრება, რვა თვე კავშირი გვქონდა, საკუთარი თანხის აღებას ვერ ახერხებდა, რომ დაბრუნებულიყო, სახლში კი ჩვენ ველოდებოდით, მე, 10 წლის ანა, ერთი წლის გიორგი და ხანში შესული მამა. სამწუხაროდ, მისი კვალი გაქრა და დღემდის უამრავი დარდი, ტკივილი და რაც მთავარია, უამრავი  კითხვის ნიშანი გვაწუხებს.
ჩემი ვაჟი, გიორგი სამადაშვილი,  ახლა უკვე 24 წლისაა და ისევ იმის იმედით ვცხოვრობთ, რომ გამოჩნდება და ამ უდიდეს ტვირთს ჩამოვიხსნით.
ჩემი გოგონა ანა მაისურაძე არაჩვეულებრივ ოჯახშია გათხოვილი, ჰყავს მეუღლე სოსო გიგოლაშვილი და სამი შვილი – დავითი, მარიამი და შოთი. ანა ერეკლეს სახელმწიფო მუზეუმში დირექტორის მოადგილედ მუშაობს, სოსო კი იურისტია და მელიორაციის სამსახურში – ალაზნის მაგისტრალის უფროსია.
ანა არაჩვეულებრივად მღერის, უკრავს, კარგი დედა და მეუღლეა.
ჩემი პირველი შემფასებლები ჩემი შვილები და სიძეა, ისინი ძალიან მანებივრებენ, ამით გადავიტანე ეს ცხოვრებაც.
რაც შეეხება პოეზიის კრებულს, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით  აღარ მომასვენეს მეგობრებმა და გადავწყვირტე, შემოქმედებითი საღამო გამემართა, საღამოსთვის წიგნი დამიფინანსა ჩემი ოჯახის უახლოესმა ადამიანმა, ამაგიანმა და სიკეთით სავსე პიროვნებამ ბატონ ბიძინა სონღულაშვილმა, ასევე საღამოს წარმატებულად ჩატარებისათვის საჭირო უამრავ საკითხის გადაჭრაში დამეხმარა ბატონი ბადრი წილოსანი, ასევე ჩემი უახლოესი მეგობრები, ნუკრი ალავიძე, მერაბ ჭუნიაშვილი, გელა ბახტურიძე, ზეზვა გოჩილაიძე, გია ემირიძე, თამარ ჭონიშვილი, თამარ ნადირაძე და სხვები.
ჩემს საღამოზე პირველი ნაწილი შევასრულე ხალხური სიმღერები, მეორე ნაწილში ჩემი სიმღერები შეასრულეს თემურ წიკლაურმა, სოფო ბედიამ, ბესო კალანდაძემ, გიო ხუციშვილის ბენდმა, აჭარის ვაჟთა ანსამბლმა „ბათუმი“, თელავის ქალთა ანსამბლა „თელავი“, ნათია ქოროღლიშვილმა, ტატო გოდერძიშვილმა,, ანსამბლმა „მეგობრები“, მარიტა ხვედელიძემ, ანა მაისურაძემ, პოეზია აიკითხეს ნანა ცინცაძემ, მაია ახმეტელმა, თემო ხუნაშვილმა, საღამო გაიხსნა „მარიგოლდის“ ქართული სამოსებით და ეკრანზე ამოვიდა მზე აფხაზეთიდან, რის ფონზეც ჩემი ლექსი წაიკითხეს მარიტა კუბაშვილმა და ზაქრო რაზმაძემ.
საღამოს ბოლოს შესრულდა „ჰიმნი კახეთზე“, რომლის ტექსტი მე მეკუთვნის, მუსიკა – ტატო გოდერძიშვილს. საღამო დაუვიწყარი გამოვიდა.
რამდენიმე თვეში საღამო განახლებული ვარიანტით ჩატარდა თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის „მუზაში“, ვარდისფერი შემოდგომის კვირეულის ფარგლებში.
რაც შეეხება ჩემს სიმღერებს, ყველაში ჩადებულია ჩემი ცხოვრება, ტკივილი და გრძნობები, ამდენად, ყველა სიმღერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, მითუმეტეს, საოცრად ასრულებენ მომღერლები.
– წელს, „ოქროს ტალღა-2017“- ზე რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული გახდა  თქვენი სიმღერა „გელოდი“, რომელსაც ასრულებდა სოფო ბედია… რას ფიქრობთ ზოგადად საესტრადო სიმღერების ხარისხზე, თუნდაც ტექსტებზე… რამდენად სრულყოფილია?
– წელს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე  ჩემი სიმღერა „გელოდი“ გახდა „არ დაიდარდოს“ რჩეული, ამ სიმღერას საოცრად ასრულებს სოფო ბედია. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო, სხვათა შორის, ხმის მიცემის ფეისბუქგამოკითხვაში სოფოს მიერ შესრულებულმა ამ სიმღერამ 60000 ხმა მიიღო.
ჩემი მეგობარი ავსტრიიდან ქალბატონი ნონა ლომიძე მწერდა, ყოველდღე ამ სიმღერით ვიწყებ, სულ ზეპირად ვისწავლეო, ასევე ძალიან ვიხალისე ჩემი მეგობრის, ცნობილი ქორეოგრაფის გელოდი ფოცხიშვილის იუმორზე, რადგან ჩემი სახელი დაარქვი სიმღერას, ყოველდღე ხმას გაძლევთო. ამ კონკურსმა იმდენი სითბო და სიყვარული დამანახვა ადამიანების, შემეშინდა კიდეც, დიდ სიყვარულსაც ისეთივე ზიდვა უნდა, როგორც დიდ ტკივილს.
ამჟამად რამდენიმე სიმღერას ვგეგმავ, მე დღეები არ ვუნდები, მთავარია დრო მქონდეს, ვჯდები და ვიწყებ ერთნაირად სიმღერას. ტექსტიც მაშინ მოდის და მელოდიაც.
ასევე მაქვს ახალი ლექსები და ვგეგმავ ახალი წიგნის გამოცემას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები