პროფესიით მხატვარია. მოსე თოიძის სამხატვრო ლიცეუმი გობელენის სპეციალობით დაამთავრა. შვიდი წელია დიანას ჩანთები ინტერესით და მოწონებით სარგებლობს სოციალურ ქსელში. ჩანთების გარდა ამზადებს სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარს. ამბობს, რომ თითოეულ მოდელში უდიდესი შრომაა ჩადებული. – დიანა ხარაზიშვილის პერსონა.
– როდის დაიწყო ხატვის სიყვარული?
– პატარა ასაკიდან ვხატავ. სახლში, ბაღში, სკოლაში მუდმივად ვხატავდი და სახლშიც, მახსოვს, ყველგან ჩემი ნახატები იყო მიმოფანტული. შემდეგ ამას მოყვა ქსოვა, ნივთების დამზადება. პატარაობიდან თვითონ რაღაც ლამაზის შექმნის პროცესი მხიბლავდა ყოველთვის.
– სამხატვრო ლიცეუმში გატარებული წლები…
– ეს წლები ძალიან კარგად და თბილად მახსენდება, ბევრი მეგობარი, ბევრი ახალი ნამუშევარი და ხელოვნების დიდი სიყვარული. ეს იყო ის პერიოდი, როცა ზუსტად მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში და რა მანიჭებდა სიამოვნებას.
– პირველი ჩანთები…
– ჩანთების დამზადების იდეა თითქოს თავისით მოვიდა. მანამდე სამკაულებს ვამზადებდი და ფეისბუქგვერდიც მქონდა, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვდებდი.
ერთხელაც სახლში ყოფნის დროს გადავწყვიტე ერთი ჩანთის დამზადება და მოქსოვა მეცადა, ფოტოები რომ გადავუღე და სოციალურ ქსელში დავდე, დიდი გამოხმაურება მოყვა და ასე ნელ-ნელა განვითარდი ამ მიმართულებითაც. დღეს უკვე ასობით ჩანთა მაქვს დამზადებული.
– ფერდოვანი და დახვეწილია თქვენი ჩანთები. მათგან რომელი უფრო გეძვირფასებათ?
– ყველა ჩემი ნამუშევარი ჩემთვის განსაკუთრებულია, თუმცა ალბათ უფრო მძივებით დამზადებულ ჩანთებს გამოვყოფდი, რომელიც ჩემს მომხმარებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თავისი ბზინვარე და თვალშისაცემი დიზაინის გამო.
– ქსოვთ და გობელენებით ქარგავთ ჩანთებს. რამდენი ხანი სჭირდება ერთ ჩანთას და რა მასალას იყენებთ მუშაობისას?
– ჩანთის დიზაინს გააჩნია, მაგრამ ძირითადად სამი დღიდან ერთ კვირამდეა ხოლმე საჭირო, გააჩნია დიზაინის სირთულეს. ვიყენებ როგორც ბისერებს, ასევე მარგალიტებს, მაკრამეს ძაფსა და ნატურალურ ქვებს.
– საინტერესო ისტორია…
– განსაკუთრებულად საინტერესო არაფერი მახსენდება, თუმცა ის ფაქტი ნამდვილად გასახსენებელია, რომ ერთხელ ჩემმა ერთგულმა მომხმარებელმა მთხოვა ერთდროულად 25 ჩანთის დამზადება თანაც ერთ თვეში. საოცრად დატვირთული პროცესი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველა ნამუშევარი უნიკალური და ულამაზესი გამოვიდა
– შვიდი წელი საყვარელი საქმით ხართ დაკავებული. ამ ხნის მანძილზე ალბათ ბევრი გიფიქრიათ დიზაინზე, სტილზე, მასალებზე… სულ სხვაა, როცა მას მხატვარი ამზადებს და არა უბრალოდ მოყვარული. როგორ ახერხებთ თანამედროვეც იყოს და ორიგინალურიც?
– ჩანთის შექმნისას, როგორც მხატვარი, ყოველთვის ვფიქრობ ფერების შეხამებაზე, კომპოზიციაზე, ბალანსზე, თანამედროვე ტენდენციებსა და მოთხოვნებზე, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ვინარჩუნებ საკუთარ ხელწერას. ჩემთვის მთავარია ჩანთა არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუში იყოს, არამედ ფუნქციურიც.
– ქართული თემატიკით შექმნილი ჩანთები რა ნიუანსებით არის გამორჩეული?
– ზოგიერთ მოდელში ვიყენებ ქართულ ორნამენტებსა და ტრადიციულ დეტალებს. ასეთ ჩანთებს მეტი სიმბოლური დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის.
– „დიანას ჩანთები ყველაზე ფერადი ჩემი ზღაპარი“ – ეს წარწერა თქვენი დევიზივით არის. უმეტესად რომელ ჩანთებზეა მოთხოვნილება?
– შეფასებები მართლა ყოველთვის დადებითია, ყველაზე მეტად ბისერებით შექმნილი ჩანთებია მოთხოვნადი, რადგან ერთი შეხედვითაც ჩანს, თითოეულ ამ მოდელში რამდენი შრომა და დეტალია ჩადებული.
– საგაზაფხულოდ, დღესასწაულებისთვის, ახალ დიზაინს შესთავაზებთ მომხმარებლებს?
– გაზაფხულისთვის კიდევ უფრო ფერად, ყვავილებით შთაგონებულ ახალ დიზაინებს იხილავს ჩემი მომხმარებელი.
– ჰობი.
– გარდა ამ ყველაფრისა, დიასახლისი ვარ. ჩემთვის გემრიელი კერძების მომზადებაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესია
– ოჯახი როგორ გიდგათ მხარში?
– ოჯახი ჩემი დიდი მხარდამჭერია ამ ყველა პროცესში. ყველა თავის მხრივ ჩართულია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ჩემი ნამუშევრები.
– სამომავლოდ…
– მინდა ჩემი ნამუშევრები უფრო მეტმა ადამიანმა იხილოს, შევქმნა კიდევ უფრო განსხვავებული და უნიკალური ახალი დიზაინები, და ალბათ ერთ დღესაც ჩემი გამოფენა მქონდეს.



თამარ შაიშმელაშვილი