ზელენსკი: უკრაინამ კატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში პროფესიონალური სამხედრო ჯგუფები გაგზავნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების სამი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში – კატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში გაგზავნეს.
„ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი ჯგუფები. სამი გუნდი პროფესიონალია, სრულად აღჭურვილი… ამ კვირაში სამივე გუნდი სამ სხვადასხვა ქვეყანაში იქნება. პირველი სამი ქვეყანა, სადაც ჩვენი შეთანხმებების თანახმად გავაგზავნეთ, არის კატარი, ემირატები და საუდის არაბეთი“, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მიმართვა დრონების გარიგების პროგრამის ნაწილია, რომელიც უკრაინამ ადრე აშშ-ს შესთავაზა.
„პირველ რიგში, ჩვენ ვაყენებთ საზენიტო საბრძოლო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების საკითხს, რომლებიც ჩვენთვის დეფიციტურია. ვსაუბრობთ PAC-2-ზე, PAC-3-ზე. და ზოგადად, თქვენ იცით, რომ ერთი წლის წინ ჩვენ შევთავაზეთ აშშ-ს დრონების გარიგება, რომელიც მოიცავდა ინტერცეპტორებს და არა მხოლოდ – ასეთია ჩვენი ზოგადი გამოცდილება, ჩვენი ზოგადი წარმოების შესაძლებლობები იმ მოცულობით, რომელსაც დღეს არ ვიყენებთ. ანუ, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ფინანსები, რომ დავაფინანსოთ მთელი წარმოება, ჩვენი ყველა შესაძლებლობა. ჩვენ ეს შევთავაზეთ ყველა ამერიკელს, ჩვენს პარტნიორებს. და ის ფაქტი, რომ დღეს ახლო აღმოსავლეთს რაღაც მოთხოვნა აქვს ჩვენ მიმართ, ეს ყველაფერი, ვთქვათ, დრონების შეთანხმების ნაწილია, პრინციპში. ამიტომ, დრონების შეთანხმება აბსოლუტურად აქტუალურია აშშ-სთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.