დარახველიძე – სახდეპის მიერ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელებაზე: საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს
“საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
კერძოდ, დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელების შესახებ ისაუბრა.
“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გზამკვლევი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ ქვეყნის გარეთ მოგზაურობას. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია 4 კატეგორიად საფრთხის რისკის მიხედვით პირველიდან მეოთხე დონის ჩათვლით. ქვეყნები, რომლებიც პირველ კალათაში მოხვდნენ, ითვლებიან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად მათი მოქალაქეების მოგზაურობისთვის და საქართველო სწორედ ამ კალათაში მოხვდა. რაც შეეხება სხვა მეზობელ სახელმწიფოებს და ასე შემდეგ, ნაწილმა მეორე კალათაში, ნაწილმა კი მესამე და მეოთხე კალათაში გადაინაცვლეს. ეს შეფასება ეფუძნება იმ უსაფრთხოების რისკების შეფასების ანალიზს, რაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს შეფასება და მისი მოხვედრა პირველ კალათაში განაპირობა სწორედ იმ სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ასევე, დადებითად შეფასდა სახელმწიფო უწყებების და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ძალიან სწორად შეფასდა ქვეყანაში არსებული ვითარება და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები ამერიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.