დაიბადა თბილისში 2009 წელს. სწავლა დაიწყო 97–ე საჯარო სკოლაში, მაგრამ ამჟამად სწავლობს თბილისის 85–ე საჯარო სკოლის მე–11გ კლასში. ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში გაიზარდა, პირველმა მოთხრობამ კი, რომელიც კონკურსისთვის დაწერა, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზი მოიპოვა.
თავისუფალ დროს უყვარს წერა, წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და უცხო ენების სწავლა. – ია შამუგიას პერსონა.
– მამა აფხაზეთიდან დევნილია… ხეზე მუშაობს… შემოქმედებით ატმოსფეროში გაიზარდეთ…
– დიახ, მამაჩემი ზურაბ შამუგია აფხაზეთიდან დევნილია. ხეზე მუშაობს. დედა, შორენა შამუგია, ბაღის მასწავლებელია. მყავს ორი ძმა.
ბავშვობიდან ბევრი მოგონება დამრჩა. დედაჩემს ბევრ წრეზე დავყავდი. სიმღერიდან დაწყებული, ტანვარჯიშით დამთავრებული. ყველაზე მეტად ცეკვა მიყვარდა. პატარაობისას ბალერინობაზე ვოცნებობდი, თუმცა შემდეგ ქართული ცეკვებზე გადავერთე. დამთავრებული მაქვს მუსიკალურის 6- წლედი, თუმცა პიანინოზე დაკვრა დიდად არ მხიბლავდა. მიუხედავად ბევრი ჰობისა, ყველაზე მეტი კარგი მოგონებები ქართული ცეკვის ანსამბლში მაქვს. ახლა აღარ დავდივარ, თუმცა ცეკვას ჩემს გულში მაინც დიდი ადგილი ექნება ყოველთვის.
– რომელი საგნები გიყვართ? თუ წერდით ბავშვობაში?
– უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარს, როგორიცაა ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მოქალაქეობა. ბავშვობაში ვწერდი დღიურებს, ვცდილობდი დამეწერა მოთხრობები, თუმცა დიდად არ მხიბლავდა ეს პროცესი, ამიტომაც მალევე ვანებებდი თავს. წერა უფრო თინეიჯერობისას შემიყვარდა.
– მოთხრობა „საქანელამ“ რევაზ ინანიშვილის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე პრიზი დაიმსახურა. როგორ დაიწერა ეს მოთხრობა?
– პირველ რიგში, ვიტყვი, როგორ აღმოვაჩინე რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი. 2025 წლის ზაფხულში დავიწყე მოთხრობის წერა, თუმცა მალევე შევწყვიტე, რადგან მოტივაცია არ მქონდა. მჭირდებოდა მოტივაციის წყარო, რათა მოთხრობების წერა გამეგრძელებინა. დავიწყე ინტერნეტში რაიმე სახალისო შემოქმედებითი კონკურსების ძებნა, და მალევე აღმოვაჩინე ეს კონკურსიც. მაშინვე დამაინტერესა და გავეცანი ყველაფერს.
ამ დღიდანვე დავიწყე მოთხრობაზე ფიქრი, ვეძებდი იდეებს და ინსპირაციის წყაროებს. ერთ ღამესაც, ძილამდე დავფიქრდი დღევანდელ პრობლემებზე მსოფლიოში. დიდხანს აღარ მიფიქრია, რადგან ყველაზე გავრცელებული პრობლემა ამ საუკუნეშიც (და ალბათ ყველა საუკუნეში) ომია, ავაწყვე ჩემს გონებაში პატარა სიუჟეტი, გოგონა და მისი ოჯახი ომის პერიოდში. იმ ღამეს აღარც დამიძინია, თუმცა თვითონ მოთხრობის დასაწერად, არ მოგატყუებთ და, დიდი ხანი დამჭირდა. ჩემი ცუდი ჩვევაა, ბოლო ვადამდე კუს ნაბიჯებით სიარული, ბოლო ვადის მოსვლის დღეს კი ერთიანად ყველაფრის დაწერა, ამიტომ „საქანელა“ თითქმის ერთ დღეში დაწერილი მოთხრობაა.
– თუ ფიქრობდით, რომ მოთხრობა ფინალში მოხვდებოდა და რა განცდა გქონდათ დაჯილდოებისას?
– მოთხრობის გადაგზავნიდან დავიწყე ოცნება და ფიქრი იმაზე, მოვხვდებოდი თუ არა ფინალში. რა თქმა უნდა, ცოტა ვნერვიულობდი წარუმატებლობაზე, თუმცა პირველად ვმონაწილეობდი კონკურსში, ამიტომ შედეგი დიდად აღარ მაშინებდა. მახსოვს, რომ დამირეკეს, როგორ ამიჩქარდა გულისცემა. თითქოს არ ველოდი, მაგრამ თან გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი (ეს ჩემი ოჯახის და მეგობრების გვერდში დგომის დამსახურებაცაა).
დაჯილდოებაზე კი არც კი მაინტერესებდა პრიზი, მერამდენე ადგილზე გავედი და ა.შ. მთავარი ის იყო, რომ გვერდში ჩემი ოჯახი მედგა. თუმცა ვაღიარებ, პირველივე ჩემი სახელო და გვარი რონ გავიგონე, გამიკვირდა კიდეც. დაბნეული გავედი და ასევე დაბნეულმა ავიღე დიპლომიც და პრიზიც. სიტყვის თქმის დროსაც მეტყობოდა ჯერ სიმორცხვე და შემდეგ დაბნეულობა.
– სამწუხაროდ, თქვენი თაობა ცუდად იცნობს აფხაზეთს – საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს… თქვენ როგორ ხედავთ მას წარმოსახვაში?
– მამის მოყოლილიდან და ინტერნეტიდან ვიცი, რომ აფხაზეთი ზღვისპირეთია. ძალიან მიყვარს სანაპიროზე მდებარე ქალაქები, ამიტომ შორიდან დანახულმა აფხაზეთმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მასზე რომ ვფიქრობ, თვალწინ წარმომიდგება: ზღვა, სანაპირო, ქვიშიან ნაპირზე წამოწოლილი ხალხი. აფხაზეთი, დამეთანხმებით, თავისი ულამაზესი პეიზაჟებით არის განთქმული, ამიტომ ამის აღწერაც რომ ვცადო, ვფიქრობ, სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ მის სილამაზეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ჩემი თვალით ვნახავ აფხაზეთს და ამჯერად არა წარმოსახვით, არამედ სინამდვილეში გავისეირნებ სანაპიროზე.
– უკვე მეორე მოთხრობაც დაწერეთ – „სიკეთით სავსე ქალაქი“. რაზეა ეს მოთხრობა?
– „სიკეთით სავსე ქალაქი” დავწერე ასევე კონკურსისთვის. ეს მოთხრობა არის ღარიბ გოგონასა და მის გატარებულ ახალი წლის ერთ დღეზე მეტროში. ამ მოთხრობით ვცადე, გადმომეცა რეალობა პატარა გოგონათი, „საქანელას“ მსგავსად, თუმცა მისგან განსხვავებით ამ მოთხრობას კარგი დასასრული აქვს.

– ამჟამად ინგლისურ წიგნს წერთ…
– ინგლისურ წიგნზე უკვე თვეებია ვმუშაობ. დასრულების შემდეგ ვაპირებ მის გამოცემას სხვადასხვა ქვეყანაში. ეს წიგნი არის რომანი თინეიჯერულ პრობლემებსა და ცხოვრებაზე. იმედია, მალე როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ვერსიას გამოვცემ და შანსი მომეცემა, რომ მასზე, როგორც წიგნზე ისე ვისაუბრო.
– საყვარელი მწერალი….
– ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე. ბავშვობიდანვე ვკითხულობ მის მოთხრობებს, ახლა კი ვცდილობ ყველა მისი რომანი წავიკითხო. ყველაზე მეტად მიყვარს რომანი „მე ვხედავ მზეს“.
– ჰობი… თან სწავლობთ, თან შემოქმედებითად მუშაობთ – როგორ პოულობთ თავისუფალ დროს ჰობისთვის?
– ჰობი, როგორც ვთქვი ბავშვობიდანვე ბევრი მაქვს. თავისუფალ დროს ვუკრავ გიტარაზე, ვკითხულობ წიგნებს, ვსწავლობ უცხო ენებს (კორეულს, ესპანურს) და, რა თქმა უნდა, ვწერ. მიუხედავად იმისა, რომ მალე აბიტურიენტი გავხდები, ახლაც არ მაქვს ნაკლები სამუშაო სკოლაში. ვცდილობ კარგად ვისწავლო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კარგად გამომდის. რომ ვთქვა, ძალიან ბეჯითი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. მათემატიკა და ფიზიკა ცოტა მიჭირს, ამიტომ ყველა საგანს ერთნაირად ვერ ვსწავლობ. ვცდილობ თავისუფალი დრო ყოველთვის გამოვნახო საწერად.
– რაზეა დამოკიდებული წარმატება?
– როგორც ჩემი, და ნაცნობების გამოცდილებიდან ვიცი, წარმატება ყოველთვის დამოკიდებულია შრომაზე. თუკი ბევრი იშრომე, არ არსებობს ოცნება, რომელსაც ვერ აიხდენ..
– პირველი შემფასებელნი?
– ჩემი ნაწარმოების პირველი შემფასებელნი არიან: დედაჩემი, ჩემი ოჯახი და მეგობრები.
– დღე ან ამბავი, საინტერესო ისტორია…
– 31 მარტი, 2025 წელი. ჩემი დაბადების დღე. ამ დღეს, ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელ დედამიწაზე, რადგან სწორედ ამ დღეს ამიხდა ბავშვობის უდიდესი ოცნება.
პატარაობიდანვე მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით – ძაღლები. ამიტომ ჩემი ოცნებაც იყო, რომ სახლში ძაღლი მყოლოდა. 31 მარტს კი ეს ოცნება ამიხდინეს დედაჩემმა და მამაჩემმა, როდესაც სკოლაში, მეორე გაკვეთილზე ნამცხვრითა და ლეკვით ერთად შემოვიდნენ და თან დიდი პანდა შემოჰყვათ.
თავიდან ლეკვი ვერ შევამჩნიე, თუმცა პანდასთან ცეკვის შემდეგ, მამაჩემის დანახვისას, დავინახე პატარა, მუჭის ხელა პუდელი. მაშინვე ტირილი დავიწყე, რა თქმა უნდა, ეს იყო სიხარულის ცრემლები. ლეკვს ლოკი დავარქვი, იმ დღეს კი ჩემს კლასელებთან ერთად კარგად გავერთე. მოგვიანებით კი დღე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარე „ისთ ფოინტში“. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან, მართლაც, დაუვიწყარია ის ემოციები, რაც ლოკის პირველად დანახვისას ვიგრძენი. ყველაზე საოცარი ამ ამბიდან, ლეკვის ჩუქებასთან ერთად, იყო დიდი ,გაბერილი პანდა დათვის შემოსვლა საკლასო ოთახში.
– სამომავლო გეგმები….
– მეორე მოთხრობითაც მორიგ კონკურსში გამარჯვება. სკოლის წარმატების დასრულების საფუძველზე, სტუდენტი უნდა გავხდე აუცილებლად და საყვარელ პროფესიას ვემსახურო.
მომავალში ვგეგმავ, დავამთავრო ინგლისურენოვანი წიგნი და გამოვცე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჯერჯერობით პროფესია არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა, ვფიქრობ: სცენარისტობას, ფილოლოგობას ან ჟურნალისტობას. იმედია, მალე ჩამოვაყალიბებ არჩევანს და ჩემს გეგმებსაც წარმატებით ავასრულებ.
თამარ შაიშმელაშვილი