მწერალთა სახლში ემიგრანტი მწერლის ნანა ჩხაიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

„ჩემი იავნანა გიმღერე – ზღვისპირეთელი“- ასე ეწოდება ემიგრანტი პოეტის, ნანა ჩხაიძის კრებულს, რომლის წარდგინება და შემოქმედებითი საღამო საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

ავტორის რიგით მე-8 წიგნში ქართულთან ერთად შესულია თარგმანები – აფხაზურ, ინგლისურ და თურქულ ენებზე, რაც ერთგვარად მანიშნებელია შემოქმედის ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენის. ავტორი ბავშვობიდან წერს ლექსებს, რომლებიც ეტაპობრივად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალებში. 90 წლების სიდუხჭირემ აიძულა ემიგრაციაში წასვლა, სადან გულის ნადების, სიყვარულის, მონატრების შვებას პოეზიაში კლავდა. „ჩემი იავნანა გიმღერე – ზღვისპირეთელი“ კი ეძღვნება შვილიშვილებს – „მორიგ წიგნს ვუძღვნი ჩემს შვილიშვილებს – გიორგი და არიადნი აგგელოუებს და მათთან ერთად ყველა იმ არაქართული გვარის მატარებელ ბავშვს, რომელთა გვარების უკან ქართველი ემიგრანტი დედები დგანან. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს ბავშვები ფლობენ ქართულ ენას, დადიან ამ ქვეყნებში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებში, გაერთიანებულები არიან სხვადასხვა ქართულ წრეზე, მოღვაწეობენ ქართულ თეატრებსა და ცეკვებში.დიახ, ქართული იავნანით იწყება მათთვის მეორე მშობლიური ენის სწავლა…“- ამბობს პოეტი.
ღონისძიება გაიმართა სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის „Art კლუბის“, ფესტივალი მემკვიდრეობის და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით.

კრებულში თავმოყრილი პოეზია გააცოცხლეს 51-ე სკოლის მოსწავლეებმა ნინა გოგატიშვილმა, სალომე ჭიღლაძემ, ალექსანდრა მწითურმა, ნენე გაგოშიძემ, თინათინ ცატავამ, ნინო ზუმბაძემ, ქეთი ფარჯიკიამ, ნინო გორგოშიძემ, ნინო ცხაკაიამ, ნანა ზუხბაიამ, ანდრია ხარაიშვილმა. გაიმართა ამავე მოსწავლეების ნახატების გამოფენა და არტ კორაბორაცია, სადაც ლექსი, მუსიკა, ქორეოგრამია შეერწყმა ერთმანეთს.
„განსაკუთრებული მადლობა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე წიფურიას საუკეთესო, შემოქმედებითი მოსწავლეების აღზრდისათვის და ამავე სკოლის პიარს, ნანა ვერულაშვილს, რომელმაც ორგანიზება გაუწია წიგნის გამოცემას. ღონისძიებას და მოსწავლეებთან ერთად შეძლო ულამაზესი საღამო ეჩუქებინა ჩემი გულშემატკივრებისათვის. მნიშვნელოვანია სკოლის მხარდაჭერა და მოსწავლეთა დაინტერესება სკოლის გარე აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური უნარების წარმოჩენას“- განაცხადა ნანა ჩხაიძემ.

მონაწილე, ალექსანდრე მწითურის თქმით მიიღო დიდი გამოცდილება. იყო ემოციურად დატვირთული საღამო -„ ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარვსდექი. გავეცანი ემოციურ პოეზიას და ვიგრძენი სიტყვის ძალა“.

კრებულის რედაქტორია ნანა ვერულაშვილი. მასში შესული თარგმანები ეკუთვნით ნინა შაჰინს (თურქული), თამარ კალაძეს (ინგლისური), რიტა მარგანიას (აფხაზური). „ნანა ჩხაიძის პოეზია ინდივიდუალურია, ვიდრე საზოგადოებრივი. იგი გამოირჩევა ემოციური გულწრფელობითა და შინაგანი განცდების უშუალო გადმოცემით. ტექსტში მძაფრად იგრძნობა ემიგრაციასთან დაკავშირებული ტკივილი. მოცემული პოეტური ნიმუშების შერჩევისას ჩემს უმთავრეს მოტივს წარმოადგენდა თუ რამდენად ორგანულად მოხდებოდა დედანში არსებული ფონეტიკური და რიტმული სტრუქტურის რეპროდუქცია თურქულ ენაზე. წიგნი საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია წიგნის ყდა, რომელიც ნია ტაკიძეს ეკუთვნის. მარინისტული პეიზაჟი კარგად ეხმიანება წიგნის მეორე სახელწოდებას – ზღვისპირეთელი. ზღვა ასოცირდება უსასრულობასთან, თავისუფლებასთან, მონატრებასთან“- განაცხადა ნინა შაჰინმა.

წიგნის რედაქტორის თქმით: „ქართული ენისა და კულტურის ელჩები საზღვარგარეთ“ – ასე შევაფასებ თითოეულ ქართველს, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცავს ქართულ სიტყვას. თავის ნაფიქრს გადმოსცემს პოეზიაში. სიტყვით აცნობს ეროვნულობას ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებს. განსაკუთრებით კი ბავშვებს… ემიგრაციაში მყოფი პოეტები, მასწავლებლები, სულიერი მოძღვრები ეწევიან დიდ ეროვნულ, თუმცა უხმაურო ღვაწლს. დღეს ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, გაცნობა განსაკუთრებით ესაჭიროება იმ მოზარდებს, რომლებიც სამშობლოდან შორს დაიბადნენ, მშობლიური ენა გახდა თითქოსდა უცხო…. მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ლექსი კი მჯერა თაობებში დაბადებს პოეზიისადმი, მისი მემკვიდრეობისადმი ინტერესსა და სიყვარულს. ამ მიზეზით შეიქმნა ემიგრანტი პოეტის – ნანა ჩხაიძის კრებული „ჩემი იავნანა გიმღერე“- „ზღვისპირეთელი“, სადაც თავმოყრილია ეროვნულ მოტივებზე შექმნილი, ავტორის გულიდან წარმოთქმული სტროფები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები