წარმოშობით გურიიდან, ლანჩხუთიდან არის. მშობლები ბავშვობიდან ამჩნევდნენ ხატვის განსაკუთრებულ ნიჭს და ყველანაირად ხელს უწყობდნენ. შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. დასრულების შემდეგ კი მუშაობდა ხელოვნების პედაგოგად ლანჩხუთისა და თბილისის სკოლებში.
მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც მოუწია უცხოეთში სამსახურის ძებნა. უკვე რვა წელია იტალიაში ცხოვრობს. ხატვა წუთითაც არ მიუტოვებია. ფლორენციაში დანტეს სახლ-მუზეუმის გვერდით არსებულ გალერეაში გაწევრიანდა სახვითი ხელოვნების საზოგადოებაში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, სწორედ ემიგრაციაში შექმნა მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრები.
7 თებერვალს კი ფლორენციაში, „დანტეს სახლის“ გალერეაში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა, სადაც 7 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები წარადგინა. – მხატვარ ირმა ცინცაძის პერსონა.

– ბავშვობიდან გქონდათ ხატვის ნიჭი…
– ბედნიერი ბავშვობა მქონდა, გავიზარდე თბილ, განათლებულ ოჯახში. მზრუნველი მშობლები ყურადღებას არ მაკლებდნენ. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი როგორც პიროვნების, ასევე მხატვრის ჩამოყალიბებაში. პატარა ეპიზოდს გავიხსენებ: მამას ხატვა უყვარდა, საკმაოდ კარგად ხატავდა. როდესაც გაკვეთილებს ვამზადებდი და ხშირად ეს ხდებოდა მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, როდესაც განტვირთვა, ეგრეთ წოდებული შესვენება გვქონდა, მამა ფურცელზე იწყებდა მოხაზვას, ხატვას ესკიზების – ცხენის, ძაღლის, მხედრის, მართლაც საოცარი ოსტატობით ზუსტი მიმსგავსებით ხატავდა.
დროთა განმავლობაში თავისით გაჩნდა სურვილი, რომ ხატვა დამეწყო.12 წლის ასაკში დავიწყე ხატვა და ჩემი ასაკის კვალობაზე კარგად ვხატავდი. ვხატავდი ილუსტრაციებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით. ასევე დაინტერესებული ვიყავი პორტრეტების ხატვით. მახსოვს პირველი დედის პორტრეტი დავხატე, შემდეგ მამის, პატარა დაიკოსი, ფატი ბებიას, მეგობრის, მასწავლებლის და ა.შ.
– სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდით ხელოვნების პედაგოგად ლანჩხუთისა და თბილისის სკოლებში. 2017 წელს კი იძულებული გახდით, სამშობლო დაგეტოვებინათ და სამსახური უცხოეთში გეძებათ, სადაც ხატვის ნიჭი ახლებურად წარმოჩნდა… როგორ შეიქმნა პირველი ნახატები ემიგრაციაში?
– სამწუხაროდ, ეკონომიურმა მდგომარეობამ განაპირობა, რომ საბოლოოდ იტალიაში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, როგორც ბევრი თანამემამულე წავიდა ჩემამდე და ჩემს შემდეგ. ამას დიდი გულის ტკივილით აღვნიშნავ.
მოგეხსენებათ, ადამიანისთვის, რომელიც პირველად ჩადის უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს, რომ გარკვეული დრო დარჩეს სამუშაოდ, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა ძნელი ეტაპების გავლა უწევს ამ დროს, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. როდესაც სამსახური დავიწყე ჩემს მოხუც ქალბატონთან, თავისუფალ დროს ვუთმობდი იტალიური ენის უკეთ განმტკიცებას,სწორედ ამ სიძნელეების გადალახვაში დამეხმარა ჩემი პროფესია. მონატრებამ და სურვილმა მიბიძგა, რომ ხატვა დამეწყო.
2019 წლიდან პირველად დავხატე ჩემი ორი მეგობარი, დები – ნინო და ნანა, შემდეგ თამარის, შემდეგ უკვე იტალიელი ქალბატონის, იზაბელას პორტრეტი, ამავე პერიოდში დავხატე ჩემი ქალიშვილის – ნინოს პორტრეტი.
არ შემიძლია ვხატო მხოლოდ პორტრეტები, მიყვარს თავისუფალ რომანტიკულ თემებზე ხატვა. ასევე ვხატავ ნატურმორტს, პეიზაჟებს. ყველა ჟანრში მიყვარს ხატვა, რამდენადაც ამას დროის ფაქტორი განსაზღვრავს.
– მეცხრე წელია იტალიაში, ფლორენციაში, მუზეუმ-ქალაქში ცხოვრობთ, სადაც იტალიური რენესანსი დაიწყო… წარმოუდგენელია, შთაგონებას არ აძლევდეს შემოქმედს…
– ფლორენცია საოცარი, ლამაზი, ზღაპრული და ამავე დროს მომნუსხველი ქალაქია. როდესაც ფლორენციის ამაყ, გრანდიოზულ ისტორიულ ნაგებობებს, სკულპტურულ მარად უკვდავ ხელოვნებაში იძირები და მეტად უღრმავდები ქალაქის უკვდავებას, იმ ამაყი ქალაქისა, სადაც დიდი გენიოსები იშვნენ: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი…
ასევე ფლორენცია ცნობილია მედიჩების საგვარეულოს დინასტიით, რომელიც დიდ როლს ასრულებდა არა მარტო ფლორენციის, არამედ იტალიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში. ამ გვარის ერთ-ერთი პირველი გავლენიანი პირი გახლდათ ლორენცო მედიჩი.
– ფლორენციის “Gadarte”-ს ჯგუფისა და სახვითი ხელოვნების საზოგადოება „არტისტთა წრის“ წევრი მონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენებში. რომელ გამოფენაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– ცალკე ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ, ჩემი პროფესიული, შემოქმედებითი განვითარებისთვის მათთან ურთიერთმეგობრობამ დიდი გამოცდილება შემძინა. მადლიერი ვარ მათი.
– ხატავთ ცხოველებს, ადამიანებს… განსაკუთრებით გამოსახავთ ქალის პორტრეტებს…
– სხვათა შორის, ეს კითხვა დამისვეს ჩემს პერსონალურ გამოფენაზე. პორტრეტების ხატვას დიდ უპირატესობას რომ ვანიჭებ, ჩემმა ყოფითმა ცხოვრებამ განაპირობა. როდესაც ხატვას ვიწყებ, კომპოზიციასთან ერთად მხატვარი ქმნის თავის შეხედულებას, პროტესტს, ძლიერი და თავისუფალი ქალის პროტოტიპს, ასევე იმედგაცრუებას, სევდას, მაგრამ კვლავ მომავლის იმედს.
– თებერვალში დანტე ალიგიერის სახლ-მუზეუმში თქვენი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ხელოვნების კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებდნენ ემოციურობასა და აკადემიურ სტილზე. ფერების ჰარმონიაზე, ინდივიდუალურ სტილზე… თქვენი განცდა?
– პირველი პერსონალური გამოფენის კვალობაზე, ვერ დაგიმალავთ, ვაღიარებ, რომ დიდი ემოციური დატვირთვის იყო ჩემთვის. მარტივი არ იყო, უცხო ფართო საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი ჩემი შემოქმედებით. მეშინოდა, მაგრამ საკუთარ თავთან ვიმუშავე, ვამხნევებდი, ველაპარაკებოდი, როგორც მეორე ადამიანს – ირმა, შენ შეძლებ, არ მოდუნდე, არ მისცე უფლება, რომ რამეს შეუშინდე! ვფიქრობ, ეს შევძელი.
მინდა დავძინო, რომ ჩემს პერსონალურ გამოფენას არა მარტო იტალიის საზოგადოება ესწრებოდა, არამედ ასევე ესწრებოდა ჩვენი დიასპორის არაჩვეულებრივი საზოგადოება, ჩვენი ქართველი პოეტები, მხატვრები, მომღერლები და ა.შ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და უდიდესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ ხომერიკს, გიორგი რამაზაშვილს. ასევე ჩემს პერსონალურ გამოფენაზე ნათლად წავიკითხე ჩემი შემოქმედება, დავინახე სუსტი და ძლიერი მხარეები, რაც სამომავლო გეგმების განხორციელებაში უკეთ დამეხმარება.
– ერთი ნამუშევრის ამბავი…
– ჩემი ქალიშვილის ნინოს პორტრეტს გავიხსენებ…. ერთ დღეს ჩემი ნინოს ფოტოებს ვათვალიერებ, ამოვარჩიე ერთი ფოტო, რომლის დახატვა გადავწყვიტე. ფოტოზე ნინოს მარჯვენა ხელით მწვანე სტანდარტული კერამიკული ჭიქა უჭირავს, ამ ჭიქის შუა ცენტრში იალქნიანი გემი ჩავხატე, რომ კომპოზიცია ლამაზად შეკრული გამოსულიყო. მეორე დღეს გავიგე, რომ ნინომ სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა, კერძოდ ნიუ-იორკში. ვფიქრობ, დედის გული და ინტუიცია შეუმცდარია.
– მუშაობთ ოჯახში 95 წლის ქალბატონთან. დაძაბული გრაფიკი გექნებათ…
– ჩემი ქალბატონი ჯოვანა 95 წლის გახლავთ. მართალია, ღრმად მოხუცებულია, მაგრამ გაწონასწორებული და მშვიდია. მთავარია, ჩემი სამსახურის დაკისრებული მოვალეობა შევასრულო. ხუთშაბათს 14 საათიდან 20 საათამდე მაქვს თავისუფალი დრო და ასევე – კვირას. არადასვენების დღეებში ორი საათი ვისვენებ.
ამ თავისუფალი დროიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, დრო დავუთმო ხატვას.
– რომელი გამოცემა გამოეხმაურა თქვენს გამოფენას? ვინ ესწრებოდნენ იტალიელი ხელოვანებიდან?
– პირველ რიგში, მინდა გამოვყო ადამიანი, რომელიც უკვე წლებია, თითოეული ემიგრანტის გვერდში დგას და უანგაროდ ემსახურება, ეს გახლავთ ყველასათვის,~ საყვარელი პიროვნება, უნიჭიერესი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სარდინი. რასაკვირველია, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის, რომ ყველა მოვლენა გააშუქოს. ნინას დაარსებულია მისი გვერდი ERMEST TV.
ასევე გამომეხმაურა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც უკვე მრავალი წლებია ფლორენციაშია, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე გახლავთ და კულტურულ ღონისძიებებს აქტიურად უდგას მხარში.
ჩემი შემოქმედებით დაინტერესდა ფლორენციის ცნობილი ჟურნალის “LA TOSCANA NUOVA”-ს ჟურნალისტი Daniela Pronesti, რომელმაც ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა. სავარაუდოდ, ამ კვირას უკვე გამოიცემა ჟურნალი.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი პერსონალური გამოფენა გახსნეს: ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ Silvia RANZI -იმ და ამავე გალერეის პრეზიდენტმა, რომელიც მხატვარი გახლავთ – Franco Margeri-მ.
საქართველოდან კი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი გაზეთის „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ხათუნა ჩიგოგიძე გამომეხმაურა, ასევე, სავარაუდოდ, ამ კვირის ნომერში უნდა ვიყო.
ასევე დაინტერესდა ჩემი მშობლიური ულამაზესი პატარა ქალაქ ლანჩხუთის გაზეთის -„გურია თუდეის“ რედაქტორი, ბატონი მამუკა ქანთარია.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო.
– ფლორენცია და ფლორენციელები… რამდენად იცნობენ საქართველოს?
– ფლორენცია არის ულამაზესი, მომნუსხველი, უდიადესი მისი საინტერესო, დახუნძლული წარსული ისტორიით. ეს ქალაქი არის, როგორც დიდმა აკაკი გელოვანმა უწოდა, მარადიული ხელოვნების საგანძური, დიდი ცნობილი ავტორებით.
საქართველოს იცნობენ მეტ-ნაკლებად.
მინდა ასევე ჩვენი უსაყვარლესი და უნიჭიერესი თამარ ხომერიკის შესახებ აღვნიშნო, რომელიც ფლორენციაშია. უკვე მეორედ გამოსცემს ლექსების კრებულს და მაისში გეგმავს წიგნის პრეზენტაციას.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ბავშვობაში რაც იყო, ცხოვრების ბოლომდე არ გამნელდება მისდამი დიდი სიყვარული – ეს არის სპორტი.
– ოჯახი… ნინოს და მიხეილის დედა ხართ…
– ლაკონიურად აღვნიშნავ, რომ ჩემი ოჯახი ჩემი გადაწყვეტილების მიღებას გაგებით ეკიდება და ერთიანი სამომავლო გეგმები გვაქვს.
– ჯილდოები, ახალი ნამუშევრები… სამომავლო გეგმები…
– სერტიფიკატი დანტეს გალერეის, ჯერჯერობით ამით დავჯერდები. ბევრი გულში დამტკიცებული თემა მაქვს, რომლებსაც, იმედი მაქვს, მალე ტილოებზე გადავიტან. ვფიქრობ, სამომავლო გეგმებიც თავისთავად გამოჩნდება და უფლის წყალობით განვახორციელებ.








თამარ შაიშმელაშვილი