„ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც დაუღალავი შრომის შემდეგ მაყურებლისგან დამსახურებულ აპლოდისმენტებს იღებ“ – ნინა ისიპაშვილი, ბავშვობიდან დაწყებული ბალეტის სიყვარული და „ბალეტების ბალეტი“ – „გედების ტბა“

ბავშვობიდან დაიწყო ბალეტის სიყვარული. შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის  ბალეტის N46 საჯარო სკოლა დაამთავრა.
ამჟამად  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავეა, ახალი თაობის წარმომადგენელი.  ცეკვავს წარმოდგენებში: „გედების ტბა“,ლაურენსია“,მაკნატუნა“,მძინარე მზეთუნახავი“,ოტელო“,ჟიზელი“,ბაიადერა“, დონ კიხოტი“.
ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც დაუღალავი შრომის შემდეგ მაყურებლისგან დამსახურებულ აპლოდისმენტებს იღებ. ბალეტი ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არისის წლების განმავლობაში ცხოვრების წესად იქცა. მიუხედავად ტკივილისა და სირთულეებისა, მაინც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. – ნინა ისიპაშვილის პერსონა.

–   ბალეტის სიყვარული დაიწყო…
– ბალეტის სიყვარული დედაჩემმა ჩამინერგა, ამიტომ პატარა ასაკში შემიყვანეს ბალეტზე. დროთა განმავლობაში თავადაც მივხვდი, რომ ამ პროფესიამ ძალიან შემაყვარა თავი და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
– რა იყო საინტერესო ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბალეტის N46 საჯარო სკოლაში სწავლის დროს? ვინ შეასრულა დიდი როლი ბალეტის სიყვარულში?
– სკოლის მოგონებებიდან ყველაზე საინტერესო ჩვენი ყოველდღიური რუტინა იყო, რომელიც სხვა სკოლების ბავშვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. დილის 9 საათიდან საღამოს 6-7 საათამდე გვიწევდა სკოლაში ყოფნა — რეპეტიციები, კლასები და პროფესიული განვითარება. ჩვეულებრივი სკოლისგან განსხვავებით, დღეში 8-10 გაკვეთილი გვქონდა, სადაც ბალეტის გაკვეთილებიც შედიოდა. ეს დიდი დატვირთვა იყო, თუმცა ამ გადმოსახედიდან შრომატევადი და ძალიან საინტერესო პერიოდი აღმოჩნდა.დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ მარგარიტა ზერცალოვას, რომელიც დაწყებით კლასებში ჩემი ბალეტის პედაგოგი იყო და სწორედ მან გამიღვივა ბალეტისადმი განსაკუთრებული გრძნობები. მოგვიანებით, უფროს კლასებში, ჩემი პედაგოგი ნინა დიდებულიძე გახლდათ, რომელმაც კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის მოცეკვავე ხართ. განცდა, როდესაც პირველად ოპერის თეატრის სცენაზე იცეკვეთ…
– ოპერის სცენაზე ჩემი პირველი გამოსვლა ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან მოულოდნელად, თითქმის რეპეტიციების გარეშე მომიწია ცეკვა. სცენაზე დგომა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი, რომ ქართველი მაყურებლისა და ჩემი პედაგოგებისთვის მაქსიმუმი მეჩვენებინა. ზოგადად, სპექტაკლი რაც უნდა ემოციური და სტრესული იყოს, დასრულებისთანავე ყოველთვის დადებითი ემოციებით ვიმუხტები.– მრავალ სპექტაკლში ცეკვავთ.  საყვარელი წარმოდგენა?
– ჩემი შესრულებული ბალეტებიდან გამოვარჩევ პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, რომელსაც ხშირად „ბალეტების ბალეტსაც“ უწოდებენ. როგორც მაყურებლისთვის არის მისი ყურება უდიდესი სიამოვნება, ასევე ჩემთვისაც მისი შესრულება განსაკუთრებულ ბედნიერებასთან არის დაკავშირებული.
 ახალი თაობის წარმომადგენელი რას იტყოდით ქართულ საბალეტო სკოლაზე?
– მთელ საქართველოში ბალეტის მიმართულებით ერთადერთი პროფესიული სასწავლებელი ჭაბუკიანის სასწავლებელია. ვფიქრობ, ამ სფეროს და თავად სასწავლებელს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.
–   ფავორიტი ბალერინა/ბალერონი?
– რამდენიმე ფავორიტი ბალერინა მყავს, ვისაც ვაკვირდები და ვისგანაც ვიღებ შთაგონებას. ქართველებიდან გამოვარჩევ ნინო ანანიაშვილს, ხოლო უცხოელებიდან — მარიანელა ნუნიესს.– შემოქმედებითი პროცესი… როგორ ემზადებით ამა თუ იმ როლისთვის და რაზეა წარმატება დამოკიდებული?
– წარმატება დამოკიდებულია შრომაზე, შემართებასა და მონდომებაზე. მომზადების პროცესი ძალიან ინდივიდუალურია — ვცდილობ, მუდმივად ვიმუშაო საკუთარ თავზე. ინსპირაციას სხვადასხვა ბალერინისგან ვიღებ, თუმცა ვცდილობ, ჩემი სტილი და ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო.
–  საინტერესო ამბავი…
– ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდი იყო პანდემია, რომელიც დაემთხვა სკოლის დასრულებას. ამ დროს ბევრი კითხვა გამიჩნდა საკუთარ თავთან — ღირდა თუ არა ასეთ რთულ პერიოდში ასეთი რთული პროფესიის არჩევა. საბედნიეროდ, გვერდით მყავდა ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა.  ყველაფრის მიუხედავად, განვაგრძე საკუთარ თავზე მუშაობა და დღემდე მადლიერი ვარ მისი მხარდაჭერისთვის.–  კლასიკური და თანამედროვე ბალეტი… რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
– ამ ეტაპზე უპირატესობას კლასიკურ ბალეტს ვანიჭებ, რადგან ამ წლებში სწორედ კლასიკურ რეპერტუარში მეტი გამოცდილება დავაგროვე. თუმცა მომავალში მსურს თანამედროვე ბალეტშიც გამოვცადო თავი.– როდის მოაქვს პროფესიას ბედნიერება? რას ნიშნავს ბალეტი თქვენთვის?
– ყველაზე დიდი ბედნიერება არის მაშინ, როდესაც დაუღალავი შრომის შემდეგ მაყურებლისგან დამსახურებულ აპლოდისმენტებს იღებ, განსაკუთრებით – ქართველი მაყურებლისგან. ბალეტი ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის — ის წლების განმავლობაში ცხოვრების წესად იქცა. მიუხედავად ტკივილისა და სირთულეებისა, მაინც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.– ბოლო დროს მრავალი წარმატებული გასტროლი გქონდათ….
– ამ პროფესიის წყალობით მომეცა შესაძლებლობა, მენახა ადგილები, რომელთა მონახულებაზეც ადრე მხოლოდ ვოცნებობდი. ასევე განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ მქონდა შანსი, მეცეკვა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ სცენაზე.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ცურვა. თავისუფალ დროს ვცდილობ ამ აქტივობას დავუთმო დრო, რადგან ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
– სამომავლო გეგმები?
– ამ ეტაპზე კარიერულ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული და ჩემი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება.

 

                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები