„გრიგოლ რობაქიძის არქივში ორი წერილი აღმოჩნდა, იმის დასტურად, თუ როგორ გაახარა ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა მხცოვანი მწერალი“ – დავით გურგენიძე, ჭადრაკი და დიდი მონაგარი

ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ჭადრაკს მიუძღვნა… არის საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში,
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და პრიზიორი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში. 1000-ზე მეტი ეტიუდის ავტორი.
2000
წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი 1994-2004 ლებში.
50-
ზე მეტი საჭადრაკო წიგნის ავტორი, მათ შორისანდრია დადიანი ცილისწამებიდან ჭეშმარიტებამდე“, „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“ – ექვსი  ნაწილი, საქართველოს განათლების სამინისტროს ლიცენზირებული სახელმძღვანელოები და სხვა.
 – დავით გურგენიძის პერსონა.
 

–    ჭადრაკი ბავშვობიდან შეგიყვარდათ…
– ჩემი ბავშვობის წლებში დიდი წარმატებით თამაშობდა პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე. გვარის ფენომენის გათვალისწინებით ჭადრაკით დაინტერესება ბუნებრივია. თამაში მამამ მასწავლა.
 – პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრეთ. სტუდენტობის წლები და ჭადრაკი…. ვინ შეასრულა თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი, რომ ჭადრაკში წარმატებებისთვის მიგეღწიათ?
– გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართული საეტიუდო სკოლა მსოფლიოში უკვე აღიარებული იყო. ბევრს ვსწავლობდი ჩემი უფროსი კოლეგებისგან: გია ნადარეიშვილისგან, ველიმირ კალანდაძისა და ვაჟა ნეიძისგან. იმ პერიოდში მათთან ბევრი კოლექტიური ეტიუდი შევადგინე. შემდგომში ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა გორელ, საჭადრაკო კომპოზიციის დიდოსტატ იოსებ კრიხელთან.

დავით გურგენიძე, რევაზ თავარიანი, გია ნადარეიშვილი, ვაჟა ნეიძე. 1970წ.

–  უამრავ წიგნს შორის ხართ ავტორი წიგნისა: „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში” (ხუთი ნაწილი). თავიდან ალბათ არც იყო 5 წიგნად ჩაფიქრებული…  
– ამჟამად ვმუშაობ წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში” მეექვსე ნაწილზე. 2013 წელს გამოვეცი პირველ ქართველ მოჭადრაკეზე მონოგრაფია – „ანდრია დადიანი – ცილისწამებიდან ჭეშმარიტებამდე”. მასალების ძიების პროცესში შემხვდა მრავალი ფაქტი, რომელიც ცნობილი ქართველების ჭადრაკთან ურთიერთობას შეეხებოდა. მართალია ამ ფაქტებს ანდრიასთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებისთვის მისი გაცნობა აუცილებლად ჩავთვალე. ეს არის საინტერესო ამბები XI საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. პირველ წიგნის (456 გვ.) შემდეგ ჩემი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალ-ახალ ინფორმაციებს მაწვდიდნენ. გავიცანი საქართველოს მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

ანდრია დადიანის ძეგლთან

– ხართ საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და პრიზიორი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში… 1000-ზე მეტი ეტიუდის ავტორი. შარშან მადრიდშიც კი წაიკითხეს ლექცია თქვენი ეტიუდების სამეცნიერო მნიშვნელობაზე… და მაინც, რატომ გაგიტაცათ ეტიუდებმა? რა ხიბლი აქვს ასეთი?
– მე საგარეჯოს რაიონის სოფელ ჩაილურში გავიზარდე და  სწავლა თბილისში 55-ე საშუალო სკოლაში მეცხრე კლასიდან გავაგრძელე. ჭადრაკის პირველი წიგნი, რომელიც დედამ მიყიდა გია ნადარეიშვილის ეტიუდების კრებული იყო. მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი და საჭადრაკო ფიგურების დაფაზე „ცეკვამ” წარუშლელი კვალი დატოვა. შარშან გამოვეცი წიგნი „1001 საჭადრაკო ზღაპარი”- პირველი ნაწილი.
წიგნში შერჩეული ეტიუდები მოცემულია მსოფლიოს გამოჩენილი დიდოსტატებისა და ცნობილი საჭადრაკო კომპოზიტორების კომენტარებით.
ამჟამად მეორე ნაწილზე ვმუშაობ და ორივე ტომში სრულად იქნება წარმოდგენილი ჩემი საჭადრაკო მონაგარი. პირველ ქართველ მოჭადრაკესა და მეცენატზე ანდრია დადიანზე რა სიახლეებს მიაკვლიეთ წიგნის წერის დროს?
– შევაგროვე ანდრიას 330-მდე პარტია და კომბინაცია. ჩემმა მეგობრებმა საზღვარგარეთიდან მომაწოდეს ძვირფასი და უნიკალური მასალა. ამ წიგნში აქცენტი ანდრიას პარტიებზე გადავიტანე. შემდეგ ბიოგრაფიის შესწავლა დავიწყე და აღმოჩნდა, რომ მისი ბიოგრაფია მთლიანად დამახინჯებული იყო. ყველა სიახლე ანდრიას ბიოგრაფიაზე წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში” სხვადასხვა ტომებშია გაბნეული. დაგეგმილი მაქვს ანდრიას ბიოგრაფია, პარტიების გარეშე, ორი წლის შემდეგ ცალკე წიგნად გამოვცე.– დიდი ადამიანები და ჭადრაკი… უამრავი ფაქტი გაქვთ მოძიებული… მათ შორის, დიდ მწერალზე ლევან გოთუაზე, რომელმაც სიცოცხლის მესამედი გადასახლება-პატიმრობაში გაატარა. გვიამბეთ, როგორი სიყვარული აკავშირებდა ჭადრაკთან?
– ლევან გოთუას საოცრად უყვარდა ჭადრაკი.  წერილები მის შესახებ გამოქვეყნებული მაქვს წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში” რამდენიმე ნაწილში. (ნაწილი I – გვ .214; ნაწილიIII- გვ 329;ნაწილიV-გვ.201-201).
შემიძლია შემოგთავაზოთ ორი ამონარიდი ამ წიგნიდან. პირველი აღებულია ლევან გოთუას წერილიდან „ჭადრაკის დედოფალი“, რომელიც 1971 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში” დაიბეჭდა.
„მზე როდესაც ღრუბლიანში ამოდის, სხივები შავ-თეთრა უჯრედებად აფორეჯებენ არეს… მაშინ ცხოვრებაც ამ უჯრედებში შემოქმედურად ბრუნავს. დიახ, მზეც ხშირად თამაშობს ჭადრაკს! ჩემთვის ეს მარტო ხატოვანი თქმა როდია?! ადამიანის გონებრივი სრბოლა ხომ ყველაზე უფრო ჭადრაკის რთულ კვანძებში ჰპოვებს ასახვას. როდესაც ისტორიულ დრამებსა და რომანებს ვწერ, თითქოს ძველად ნამყოფ, აღმდგარ, დიდებულ ჩრდილებს ვეთამაშები ჭადრაკს. ჩემ წაგებულ თუ მოგებულ ხელზე არას ვიტყვი. ეს მკითხველის საქმეა… მე კი – ძველ მოჭადრაკეს – მრავალ მეფე-დედოფალთან „მითამაშნია“… მაგრამ ერთ, ცოცხალ, ახალგაზრდა დედოფალთან.

ნონა გაფრინდაშვილთან და ნანა ალექსანდრიასთან ერთად


დიახ, გვირგვინოსანთან, ვერ გავბედე თამაში… მოვყვეთ თავიდან… საქართველოში ჭადრაკიც ისევე ძველია, როგორც მწიგნობრობა და სამხედრო წრთობა. მას ხელოვნებად სთვლიდნენ. მაგრამ არასოდეს ჭადრაკს არა ჰქონია ჩვენში ასეთი გატაცება და ნიჭთა გამოვლენა, როგორც უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში. ახლა ამ სულიერი კულტურის დარგშიაც გვყვანან ოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და დიდოსტატიც… მაგრამ მათ შორის ბრწყინავს ერთი სახელი, რომელიც ყოველმხრივ გვხიბლავს და არა მარტო თავისი თაობის კრებით სახედ მიგვაჩნია. მას არც მეფური ბისონი აცვია, არც ოქროს ქოშებზეა შემდგარი… მაგრამ არც სპილოს ძვლიდან არის ნაკვეთი… იგი – ქართული სისხლ-ხორცია, შემართებული გონებითა და თავაზიანი ქცევით, ადრევე დაბრძენებულ მჭევრი თვალებით. ნონა გაფრინდაშვილი უკვე კარგა ხანია – ჩვენ ნონად გადაიქცა“.

ნონა გაფრინდაშვილთან და თენგიზ გიორგაძესთან ერთად

ლევან გოთუა 1963 წლის 31 მაისს „ლიტერატურულ საქართველოში“ ტიგრან პეტროსიანის მსოფლიო ჩემპიონობას სპეციალური წერილით გამოეხმაურა: „ჭადრაკის სამყაროს ახალი გვირგვინოსანი“, სადაც წერს – „ჭადრაკი ადამიანის გონების ერთ-ერთი საოცრებათაგანია. კაცობრიობის სულიერ სამყაროში, მას ფრიად საპატიო ადგილი უჭირავს. იგი ცალკე, არც მეცნიერებაა, არც ხელოვნება, არც სპორტი, არამედ ყველაფერია. ეს ნაწილ-ნაწილ ერთად აღებული და კიდევ რაღაც, რაც გვხიბლავს, გვაფიქრებს, გვაბრძოლებს და გვაღელვებს… ვუსურვოთ მას ღირსეული მოღვაწეობა ამ შავ-თეთრა სამყაროს ასპარეზზე. ვუსურვოთ უშამათობა და აღმაფრენა თბილისის ჭადრაკული საბუდრიდან აფრენილ შევარდენს“.
მწერალმა ცხოვრების საბჭოური პერიოდის დიდი ნაწილი ციხეებსა და გადასახლებაში გაატარა. 1926 წელს, როცა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლეს, თბილისში 2 წლით ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. გოთუამ არჩევანი ვლადიკავკაზზე შეაჩერა, სადაც ჭადრაკში ქალაქის ჩემპიონი გახდა.
ლევან გოთუამ ჭადრაკის თამაში შვილსაც ასწავლა. ლელა გოთუა მოგვიანებით დაწერს, რომ `მამა ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და ამაყი იყო, როცა „ვუგებდი“.– არქივში გრიგოლ რობაქიძის წერილები აღმოჩნდა, საიდანაც ჩანს. რომ ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვება მისთვის სიცოცხლის ბოლო სიხარული იყო…
– სხვადასხვა პუბლიკაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასახელოთ, ვის ერკინებოდა 64-უჯრიან დაფაზე გრიგოლ რობაქიძე: მიხაკო წერეთელი, გიონ საგანელი, ელიზბარ ზედგინიძე.
საინტერესოა მისი რეაქცია ნონა გაფრინდაშვილის მიერ მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებაზე. როგორც ცნობილია, ნონა ჩემპიონი გახდა 1962 წლის 17 ოქტომბერს, რობაქიძე კი იმავე წლის 19 ნოემბერს ჟენევაში გარდაიცვალა. მის არქივში ორი წერილი აღმოჩნდა, იმის დასტურად, თუ როგორ გაახარა ახალგაზრდა ჩემპიონმა მხცოვანი მწერალი. ერთი წერილის ადრესატი მისი ნათესავი სანდრო ფანჩულიძეა, ხოლო მეორე კი 9 ნოემბერს პარიზში კალისტრატე სალიას გაეგზავნა.
– „გაიგებდა; ნონა გაფრინდაშვილს საოცრად დაუმარცხებია ბიკოვა 9:2!”.
P.S. საოცრად გახარებული იყო ქალბატონი ნონა, როდესაც, რამდენიმე წლის წინ, ეს ამბავი მოვუყევი.
–  წლებია ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მთავარი მწვრთნელი ხართ. მომავალ თაობებს ასწავლით ჭადრაკს. დღეს დიდია ჭადრაკით დაინტერესებულ ბავშვთა რაოდენობა…
– პიონერთა სასახლის საჭადრაკო სკოლაში 1968-70 წლებში ვმეცადინეობდი. 2002-2025 წლებში კი სკოლის პედაგოგი ვიყავი. მიხარია, რომ 2016 წელს ნანა ალექსანდრიასთან ერთად დავწერე წიგნი სასახლის საჭადრაკო სკოლის საამაყო ისტორიაზე: „სასახლის საჭადრაკო ვარსკვლავი”.
– ჰობი…
– ბავშვებთან გაკვეთილები, წიგნებისთვის ძიება და კვლევა, მათი დასაბეჭდად მომზადება, საჭადრაკო ეტიუდების შედგენაზე მუშაობა, დრო თითქმის აღარ რჩება… და მაინც ვახერხებ ყველა მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრების ნახვას.– რაზე მუშაობთ ამჟამად?
– ამჟამად ვმუშაობ ვარკეთილის მრავალფუნქციურ საზოგადოების ცენტრში. ვამთავრებ წიგნის „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში” – მეექვსე. დასკვნით ნაწილი. მინდა მომავალ წელს დავდეჭდო ჩემი ეტიუდების რჩეული „1001 საჭადრაკო ზღაპარი” – მეორე ნაწილი.

 

                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები