პირველად, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია ლგბტ ორგანიზაცია “ინსაიტის” ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათი თქმით, სასამართლომ უარყო მოძრაობა “ყველა ერთად!”-ის სააპელაციო საჩივარი, რომელიც წინა სასამართლოების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ისახავდა მიზნად.

დესნიანსკის რაიონული სასამართლოს განაჩენის თანახმად, ზორიან კისია 2024 წლის ივნისიდან ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა და მას იქ პარტნიორთან ერთად გამგზავრება სურდა. იმ დროს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან უკრაინის კანონმდებლობით ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის ოჯახური კავშირი.

“ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების სამართლებრივი აღიარებისთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის. იმ ფონზე, როდესაც კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები (რეგისტრირებული პარტნიორობა ან ქორწინება), სასამართლოს მიერ ოჯახური ურთიერთობის ფაქტის აღიარება ამ ეტაპზე ასეთი წყვილების უფლებების დაცვის ერთადერთი მექანიზმია”, – ნათქვამია ლგბტ ორგანიზაციის განცხადებაში.

ამრიგად, უკრაინელი დიპლომატის, ზორიან კისისა და მისი პარტნიორის, ტიმურ ლევჩუკს შორის ოჯახური ურთიერთობის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები