ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია, დაახლოებით ოთხ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს დეზინფორმაციის ღრუბლის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაადანაშაულონ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში.
„ახლა თურმე გამოჩნდა, რომ ირანსაც ვეხმარებით, ალბათ ვენესუელასაც ვეხმარებით, ნიკარაგუას და კიდევ არ ვიცი, ვის. ეს ყველაფერი არის იმდენად მდაბიო ხარისხის ტყუილი, მერე თავად უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.