დავით ქართველიშვილი – რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ და იწყება გარდაუვალი ეტაპი: ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც უკვე ხუთჯერ გვაქვს ნანახი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.

მისი თქმით, ქართული „რადიკალური პოლიტიკა“ რომაელი არისტოკრატების ანტიკურ ნადიმს ჰგავს.

„ძველ რომში იმდროინდელ „პეროიან“ არისტოკრატთა შორის არსებობდა ერთგვარი განსაკუთრებული გასართობი – უსასრულო ნადიმი. თავდაპირველად სტუმრები დიდი ენთუზიაზმით ეტანებოდნენ სუფრას: ათობით კერძი, ეგზოტიკური სოუსები, ხმაური, სადღეგრძელოები, მეგობრობაზე და მასპინძლის დიდებაზე აღფრთოვანებული სიტყვები. მაგრამ ცოტა ხანში გარდაუვალი მომენტი დგებოდა – კუჭი პროტესტს იწყებდა. მაშინ სტუმრები დროებით განზე გადიოდნენ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შემდეგ კი თითქოს არაფერი მომხდარა, ისევ ბრუნდებოდნენ სუფრასთან და იმავე ენთუზიაზმით აგრძელებდნენ ნადიმს.

ბოლო წლების ქართულ „პეროიან“ ოპოზიციას რომ დააკვირდე, უნებურად სწორედ ეს ანტიკური ტრადიცია გახსენდება. ჯერ საზეიმოდ ცხადდება მორიგი „ისტორიული ალიანსი“: ხმამაღალი განცხადებები, ერთობის ფიცი, „ბედნიერი“ სახეებით გადაღებული სელფები და დარწმუნება, რომ აი ახლა ყველაფერი ნამდვილად სერიოზულადაა. მათი პოლიტიკური მენიუ როგორც ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება: ლოზუნგები, დეკლარაციები, გეგმები, კომიტეტები, საკოორდინაციო საბჭოები. ატმოსფერო ძველი რომის ბანკეტის დასაწყისს ჰგავს.

მაგრამ სულ ცოტა ხანში – პოლიტიკური „კუჭი“ იწყებს ხმაურს. ალიანსის პარტნიორები „უცებ“ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ.

და იწყება გარდაუვალი ეტაპი: ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც უკვე ხუთჯერ გვაქვს ნანახი. ერთმანეთის „მონატრებით“ და „სიყვარულით“ გამაძღრები, ალიანსის პირის ღრუში ორი თითის მოთავსებით, პოლიტიკურ კუჭს დროებით ასვენებენ. იმისთვის, რომ კვლავ დაუბრუნდნენ ერთმანეთს სახარებისეული აკვიატებით: „ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა“. თითოეული ამ პროცესიდან თითქოს „განახლებული“ გამოდის და მზად არის მორიგი გაერთიანებისთვის. ამიტომაც ჰგავს ქართული „რადიკალური პოლიტიკა“ რომაელ „პეროიანთა“ ამ ანტიკურ ნადიმს. და თუ ამ პროცესის ციკლურობას დავაკვირდებით, საქმე უკვე არც „მენიუშია“ და არც „კერძებში“. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური ნადიმის მთავარი კერძი, თავად ეს ტრადიცია გახდა…“, – წერს დავით ქართველიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები