“რა კავშირი აქვს გლდანში დატრიალებულ ტრაგედიას გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში ბრალდებულთან”?

“28 ივნისს, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 5 წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”, – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“თუმცა იმას, რაც ქერჩის ქუჩაზე მოხდა, გაუფრთხილებლობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. პირიქით, მეზობლების გადმოცემით, სამ მცირეწლოვან ბავშვს მამა განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა. ბავშვების დედა ცოტა ხნის წინ სამუშაოდ წავიდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მეზობლების ინფორმაცია. მათი თქმით, ბავშვებს მხოლოდ მამა ზრდიდა. ტრაგედიაც ზუსტად იმ დროს დატრიალდა, როდესაც მამა შვილებისთვის სადილს ამზადებდა”, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
ცნობილია, რომ 5 წლის ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სისტემატურ მკურნალობას საჭიროებდა. ლუკას ორი ძმა დარჩა, მათ შორის ერთ-ერთი მისი ტყუპისცალია. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით დატოვა ბავშვები საკუთარმა დედამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს, მანამდე კი ოჯახს ფინანსურად მათი ახლო ნათესავი – დარჩო ხეჩუაშვილი ეხმარებოდა.
ეს ის პიროვნებაა, რომელიც გასული წლის 4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ფიგურირებს. ამავე საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი გარდაცვლილი ბავშვის მამას, ბორის ჩაგუნავას. ეს უკანასკნელი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა, თუმცა საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. დარჩო ხეჩუაშვილი კი, რომელსაც ბრალი გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი, ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.
გლდანში, ქერჩის ქუჩა N22-ში, იქ, სადაც გასულ კვირას ტრაგედია დატრიალდა, სამართალდამცველებმა ჩხრეკა 2016 წლის 7 ოქტომბერს ჩაატარეს. ბორის ჩაგუნავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოიღეს სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა. მეორე დღესვე მოხდა თავად ჩაგუნავას დაპატიმრება.
„პრაიმტაიმის“ ცნობით, წარდგენილ ბრალდებაში ბორის ჩაგუნავამ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ, დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავა სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით, შესაბამისად, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობითი სასჯელით დატოვა. პროკურატურას საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც ის ჩაგუნავასთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას ითხოვს.
გარდაცვლილი ბავშვის მამა, 41 წლის ბორის ჩაგუნავა გივი თარგამაძის საქმეში გამოჩენამდე, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბატალიონში მსახურობდა. ის ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან არის დაკავშირებული ძალოვან სტრუქტურებთან. მისი კარიერული წინსვლა კახა თარგამაძის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. 1997-98 წლებში ჩაგუნავა გახლდათ სპეცდანიშნულების რაზმის – „დელტას“ მებრძოლი, 1999 წელს კი – შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მებრძოლი. 2000 წელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოფიცერი გახდა. 2000-2002 წლებში – ანტიტერორისტული ცენტრის ოფიცერია. საინტერესოა, რომ წლების შემდეგ, ის თავად აღმოჩნდა ტერორიზმში პირდაპირ თუ ირიბად ჩათრეული და დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმეზე პატიმრობამისჯილი.
2016 წლის ოქტომბერში ჩაგუნავა ჯერ კიდევ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც მისი დაკავების შემდეგ ასეთი რამ გვიამბო:
„პოლიციას ფაქტი დავუდასტურე. იარაღი თავად შევინახე საწოლის ქვეშ და პოლიციასთან ტყუილის თქმა არც მიფიქრია. მართალი გითხრათ, არ მესიამოვნა, დათომ (ხეჩუაშვილი) იარაღი ჩვენთან რომ მოიტანა შესანახად, მაგრამ მისგან იმდენი სიკეთე გვახსოვს, უარი ვერ ვუთხარით. დათო ყოფილი ძალოვანია და იარაღი სულ ჰქონდა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამას ასეთი ამბები მოჰყვებოდა. ახლა კი გამოდის, რომ შარში გავეხვიეთ“, – აცხადებდა ნატა ჩაგუნავა.
ბორის ჩაგუნავამ დანაშაული აღიარა, ჩვენება მისი სიძის, დარჩო ხეჩუაშვილის წინააღმდეგ მისცა და დაადასტურა, რომ შეიარაღება მასთან სახლში სწორედ ხეჩუაშვილმა მიიტანა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხეჩუაშვილმა ქვეყანა აფეთქების დღესვე, ოკუპირებული ცხინვალის გავლით დატოვა.
„პრაიმტაიმმა“ 42 წლის დარჩო ხეჩუაშვილის შესახებ თავის დროზე, რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის გარკვევა მოახერხა. მათ შორის, ცნობილი გახდა მისი კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან.
2008 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე, ანუ „ნაციონალური“ ხელისუფლების შეცვლამდე, დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში (კუდ-ი) მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები