ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა ორივე მსოფლიო ომი მოიგო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ორივე მსოფლიო ომი მოიგო, თუმცა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლი არ ახსენა.
„და გახსოვდეთ: ჩვენ მოვიგეთ პირველი მსოფლიო ომი. ჩვენ მოვიგეთ მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ მოვიგეთ ყველა ომი, რომელიც მათ შორის მოხდა. ჩვენ მოვიგეთ ყველა ომი, რაც კი მანამდე მომხდარა“, – თქვა ტრამპმა შეერთებულ შტატებში ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
როგორც რუსული მედია წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი უარს ამბობს საბჭოთა კავშირის წვლილის აღიარებაზე მეორე მსოფლიო ომში. მან ადრე გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკამ ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორივე მსოფლიო ომში გამარჯვებაში. ამასთან, მან 8 მაისი გამარჯვების დღედ გამოაცხადა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მეტი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა მოიგო როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომები.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ტრამპი მეორე მსოფლიო ომში შეერთებული შტატების როლს აზვიადებს.