ხაშურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილ;იტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შენობა ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.
ახალი საბავშვო ბაღი 6 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც ადაპტირებული იქნება.
სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ფარგლებში ობიექტის მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა, მოპირკეთდება შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვლება კარ-ფანჯარა, მოეწყობა სველი წერტილები, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, შეიცვლება წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემა.
ამ ეტაპზე შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტს მსოფლიო ბანკი 735 751 ლარით აფინანსებს. ხაშურელი პატარები განახლებულ ბაღში შემოდგომიდან მივლენ.
პროექტი 2017 წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში დასრულდება.