კახეთში კალიის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის – იტალიური კალიის საწინააღმდეგო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს. ქიმიური წამლობა აქტიურად მიმდინარეობს კახეთში – დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებსა და ქვემო ქართლის რეგიონში. უკვე დამუშავებულია 2 400 ჰექტარი. სააგენტოს სპეციალისტები წამლობას სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ.
„ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ატარებს, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნარგავების დაცვას განადგურებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის გავრცელება. ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობა კი, პირდაპირ კავშირშია როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფასთან, ასევე, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.