სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მწერლის იუბილე აღინიშნა

დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 359-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად აღინიშნა.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ქართველი მეიგავის
ლიტერატურული მუზეუმის ეზოში 25 ივნისს დილიდან საზეიმო განწყობა სუფევდა. ულამაზესად მორთული ეზოს ყველა კუთხე სხვადასხვა აქტივობისათვის მოეწყო. მოსულ სტუმრებს სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მიერ წარმოდგენილი გამოფენა დახვდათ. პარალელურად, გამოიფინა ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებიც. პატარების განწყობაზე ბოლნისის თოჯინების თეატრმა იზრუნა.
საზეიმო პროგრამა მრავალფეროვანი იყო, რომელიც კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა დაამშვენეს. პროგრამის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის დარბაზში, 2015-2016 წლის სკოლის 17 მედალოსნის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კულტურული ღონისძიების პარალელურად, სპორტული აქტივობებიც ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში, სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია შეეძლოთ. ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში ტრადიციულად, სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები