სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
სამეგრელოში გადაუღებელმა, ხანგრძლივმა წვიმამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ამასთან, ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს, სოფელ ნაკიფუში კი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი. საჩინოში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ქალღალში მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობის ადიდების შედეგად, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა.
სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მან რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა. პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.
სტიქიის კერებში წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. წუხანდელთან შედარებით, წყლის დონემ მდინარეებზე იკლო, ამ დროისთვის, სამეგრელოში აღარ წვიმს.