ხმაურის ზღვრული ნორმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიულ პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება

კანონპროექტი ხმაურის შესახებ პარლამენტის სამმა კომიტეტმა განიხილა და მას დადებითი დასკვნა მისცეს. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე დადებით დასკვნას კიდევ ორი, ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტებიდან ელოდება, რის შემდეგაც იმედოვნებს, რომ კანონი 2017 წლის ივლისს ძალაში შევა.
კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხმაურის ზღვრულ ნორმაზე და იმ სანქციების შესახებ ისაუბრა, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებათ.
„კანონით განისაზღვრება დღის და ღამის საათები. დღის საათები იქნება დილის 7 დან საღამოს 11 საათამდე პერიოდი, აღნიშნულ პერიოდში ხმაურის დასაშვები ზღვარი 40 დეციბელია, 11- დილის 7 -მდე კი ზღვრული ნორმა 30 დეციბელი.
თუ პატრული დარღვევას გამოავლენს, პირველ ეტაპზე იქნება გაფრთხილება, ფაქტის მეორედ გამეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 150 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. თუ ეს ყოველივე მესამედ ან უფრო მეტჯერ განმეორდა, ჯარიმები ორმაგდება ფიზიკურ პირს 300, ხოლო იურიდიულს 1000 ლარი დაეკისრება. ვფიქრობ, ეს იქნება შემაკავებელი ნორმა იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს მიეცეთ საშუალება მშვიდად დაიძინონ სახლებსა თუ სასტუმროებში. ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ ბიზნესი სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა აკეთონ. მათ, ვისაც ხმაურზე აქვს საქმიანობა აწყობილი, მოუწევთ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ხმის ჩახშობა, რომ გარეთ ისეთი დოზით არ გამოვიდეს ხმა რომ გარშემომყოფები შეაწუხონ“, – აღნიშნა თედო კობახიძემ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, შს სამინისტრო ლარებში, 15 000 ევროს ეკვივალენტს გამოყოფს, რითაც პატრულის თანამშრომლებისთვის სპეციალური ხმაურმზომების შეძენა მოხდება. სპეციალური ხელსაწყოთი პირველ ეტაპზე პატრულის ყოველი მესამე ეკიპაჟი იქნება აღჭურვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები