როგორ გამოძერწა ანა ჩიქოვანმა „ვეფხისტყაოსნის“ გმირი – თინათინი ლინ კოფინისთვის…

თუთის ბაღში გამართული „კონცერტები“ ბავშვობიდან ახსოვს. ბავშვობიდან უყვარდა ხატვაც… სამხატვრო აკადემიაში, ჯერ სამოქალაქო არქიტექტურის სპეციალობაზე სწავლობდა, შემდეგ კი ფერწერის ფაკულტეტზე… ამბობს, რომ დიდი ბედნიერება იყო  ესმა ონიანთან და დიმიტრი თაყაიშვილთან ურთიერთობა… ერთხანს ფერწერისა და ხატვის პედაგოგადაც მუშაობდა.
მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევა –  ფლობს ხელსაქმეს, ულამაზეს  სამკაულებს და თოჯინებს ამზადებს… უკრავს პიანინოზე, გიტარაზე, ფანდურზეც, ჭიანურზე… საკუთარი სიმღერებიც დაუწერია. წერს მოთხრობებს, არის მთარგმნელთა კლუბის  წევრი. – ანა ჩიქოვანის პერსონა.

 – ბავშვობა ზღაპრულ გარემოში გავატარე.  მუშთაიდის ბაღის გვერდით, მაშინ  თუთის პლანტაციები იყო,  მეაბრეშუმეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის.  ბებიაჩემი – ანა იმ ინსტიტუტში მუშაობდა და ჩვენი სახლიც თუთის „ტყეში“ იდგა.   ხშირი იყო ჩვენს ეზოში გაშლილ სუფრასთან ლხენა, ნათესავი თუ მეგობარი – ყველა ეშურებოდა ჩვენს „ბაღნარში“ ყოფნას. ბებია, მამა და ბიძები შესანიშნავად მღეროდნენ;  მათგან ვისწავლე  ქალაქური თუ  ხალხური სიმღერები.  თუთის ბაღში გამართული „კონცერტები“ ჩემი ბავშვობის მშვენიერი მოგონებაა.
დედ – მამა – ნანა და გიორგი, ძალიან ლამაზი წყვილი იყო.  ჩემი  ერთგული და მზრუნველი მამა უკვე ათი წელია აღარ მყავს. დედა,  ასაკის მიუხედავად, ახლაც ძალიან ლამაზი და წარმოსადეგი ქალია.
სკოლის პერიოდი
– მიუხედავად იმისა, რომ სკოლა წარჩინებით დავამთავრე, არ მიყვარდა გაკვეთილებზე ჯდომა და ხშირად  ხატვით ვირთობდი თავს. ერთხელ,  როცა  მშობლები სამოგზაუროდ იყვნენ,  ანა ბებო დავითანხმე და სკოლა გავაცდინე. დიდხანს არ გასტანა  სიხარულმა, ჩემი დამრიგებელი და კლასელი ბიჭი დამადგნენ თავზე, გაცდენის მიზეზის გასაგებად.  ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ მერჩია, მიწა გამსკდომოდა. დიდხანს ვერ ვინელებდი კლასელის „ღალატს“,  რომელმაც ლონდა მასწავლებელი მომიყვანა სახლში.
– სწავლობდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ჯერ სამოქალაქო არქიტექტურის განხრით, შემდეგ კი ფერწერის ფაკულტეტზე – კინო-ტელე მხატვრობის განხრით...
– არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლისას, აკადემიიდან რამდენიმე სტუდენტი გაგვიშვეს ბულგარეთში, არქიტექტურის ბიენალეზე. ეს მოგზაურობა და ბულგარეთის „ოქროს ქვიშებზე“ გატარებული კვირები, სტუდენტობის  ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.
ფერწერის ფაკულტეტი კი,  ჩემს საყვარელ პოეტთან და ფერმწერთან, ესმა ონიანთან და დიდ პროფესიონალ კინომხატვართან, – დიმიტრი თაყაიშვილთან ურთიერთობის და მათგან ცოდნის მიღების დიდი ბედნიერება იყო.  ესმა ონიანის პოეზია  ავტორის  გაცნობამდე მიყვარდა. როცა მის ფერწერას გავეცანი, მივხვდი, რატომ მიზიდავდა მისი  მგრძნობიარე, ფერადი  ლექსები. ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ ამ  საოცრად უშუალო, თბილ და  კეთილ პიროვნებას.  სიამოვნებით ვიქნებოდი მთელი ცხოვრება სტუდენტი.  აკადემიაში იმდენი საინტერესო რამ ისწავლებოდა…  ყველაფერს ვედებოდი: მოდელირების, თექის, ქანდაკების, დაზგური გრაფიკისა და დიზაინის მეცადინეობებსაც ვესწრებოდი ხოლმე მეგობრების წყალობით. სწავლას ახლაც ვაგრძელებ, ყველაფერი ახალი – ჩემთვის გამოწვევა და  სიამოვნებაა.
სამწუხაროდ, აკადემიის კედლებიდან გასული, ჩემი თაობის ადამიანებისთვის  ნაცნობ უიმედობაში აღმოვჩნდი. კინოსთვის და შენებისთვის სად ეცალა არეულ ქვეყანას… ჰოდა,  გავხდი  ფერწერისა და ხატვის პედაგოგი. ვასწავლიდი, აგრეთვე, კომპოზიციას, ხელოვნების ისტორიას, ხაზვას…  ჯგუფში, სადაც  პირველად შევედი, რამდენიმე ჩემზე უფროსი სტუდენტი სწავლობდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მალე დავმეგობრდით. იმ პირველი ნაკადიდან ყველა კარგად მახსოვს და მიყვარს.
– ხელსაქმე გეხერხებათ… როდის დაიწყეთ ხელნაკეთი სამკაულების და თოჯინების დამზადება?
– ხელსაქმე – კერვა, ქსოვა, ქარგვა… ყოველთვის მიყვარდა, კარგად გამომდიოდა და ალბათ იმიტომ.  12-13 წლისა თოჯინების  თეატრის  წრეზე  დავდიოდი, უკვე  მსახიობი მეგონა თავი.   მაშინ შევკერე სასცენო თოჯინებისთვის სამოსი და ალბათ კარგად გამომივიდა, რადგან მას მერე, ახალი კოსტიუმებით  გამოგვყავდა „მსახიობები“  სხვადასხვა ღონისძიებაზე. თოჯინების კერვაც მაშინ ვცადე პირველად.
– თქვენი თოჯინა – თინათინი, ამას წინათ, ვეფხისტყაოსნის ახალი ინგლისურით მთარგმნელს, ამერიკელ პოეტ, ლინ კოფინს გადაეცი საჩუქრად...
– რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გმირი – თინათინი პოლიმერული თიხისგან გამოვძერწე.
ლინ კოფინი მთარგმნელთა კლუბის შეხვედრაზე მოვიდა და კლუბის საპატიო წევრის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ვისაუბრეთ თარგმანზე, ჩვენი კლუბის საქმიანობაზე, მის სამომავლო გეგმებზე. ეს თოჯინა კლუბის სახელით გადავეცი, სხვა საჩუქრებიც მიიღო.
თქვენი სამკაულები ულამაზესია…
– სამკაულების კეთება ბავშვობაში ალბათ ყველა გოგონას უცდია.  მეც ჩემთვის რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ გასაყიდად და საჩუქრებად სამკაულების დამზადება  ახლახან დავიწყე.   ესეც ერთგვარი შემოქმედება და  სიამოვნებაა ჩემთვის.  სამკაულებისა და სხვა ნაკეთობების გამოფენის მოწყობა ძალიან მინდა და იმედი მაქვს, ახლო მომავალში მოვახერხებ.
–  მთარგმნელთა კლუბის წევრი ხართ
– მთარგმნელთა კლუბის წევრი ვარ  2014 წლიდან. ამ კლუბის წყალობთ ვთარგმნი არა მარტო იმ ენებიდან, რომელიც ვიცი (რუსული, ინგლისური) არამედ  ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, არაბულულ, სპარსულ და სხვა  პოეზიას.
ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი, აღმოსავლეთმცოდნე -ალექსანდრე ელერდაშვილია. მისი დამსახურებით კლუბს აქვს საკუთარი გამომცემლობა -„პოეტური თარგმანის ბიბლიოთეკა“. უკვე  მრავალი წიგნი გამოიცა, სადაც შესულია ბ-ნ ალექსანდრეს და კლუბის წევრების თარგმანები. კლუბის  მთავარი სიამაყე  „პოეტური თარგმანის ანთოლოგიაა“, სადაც შესულია 200-ზე მეტი  მთარგმნელის მიერ 300 პოეტის ლექსების თარგმანები, შუა საუკუნეებიდან დღემდე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ წიგნში ჩემი თარგმანებიც შევიდა.
პირველად  ვთარგმნე  ემილი დიკინსონის  „მთვარე“.  როცა თარგმნას ვიწყებ, პარალელურად რამდენიმე ვერსია გამომდის, შემდეგ ძალიან მიჭირს მათგან საუკეთესოს ამორჩევა;  ზოგადად ჩემი ნამუშევრების შეფასება  მიჭირს; ამიტომ ოჯახის წევრების და მეგობრების  აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის.
 თქვენ მიერ ერთი თარგმნილი ლექსი
–  შემოგთავაზებთ „პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში“ შესულ ერთ-ერთ ჩემს თარგმანს.
ფედერიკო გარსია ლორკა „მწარე სიყვარულისა“

მეშინია არ დავკარგო საოცრება,
ნატიფი ვით ქანდაკება, თვალხატული.
მისი სუნთქვა ღამით ღაწვზე მეფინება,
როგორც ვარდი, ზმანებიდან გადმოსული.
გაღმა ნაპირს შერჩენილი ხე ვარ ხმელი
უყვავილოდ, უნაყოფოდ დატანჯული,
სევდის ჭია მხრავს და საშველს აღარ ველი,
ამ ნაპირზე კაეშანში გადარგული.
შენ ხარ ჩემი საგანძური დაუთვლელი,
ჩემი ჯვარი, ტკივილი და შავი მთვარე,
მე ძაღლი ვარ – შენ პატრონი, მბრძანებელი,
რაც მარგუნე ის მოვიგე – ბედი მწარე,
შემოდგომის ეს ფოთლები, ფერყვითელი,
შენს მდინარეს სამკაულად გაატანე.

–  წერთ მოთხრობებს, რომლებსაც ჟურნალ „ფანტასტის“ ყველა ნომერში იბეჭდება. რამ დაგაწყებინათ წერა და რომელ მოთხრობას გამოარჩევდით?
– ძნელია ვთქვა – რამ „მაიძულა“, რატომ ვწერ. ალბათ მსიამოვნებს ეს საქმეც და იმიტომ. ძალდატანებით და შთაგონების გარეშე ვერაფერს რომ ვერ გავაკეთებ, ფაქტია. ჩემი მოთხრობები და თარგმანები სხვა ჟურნალებშიც იბეჭდება, მაგრამ ჟურნალი „ფანტასტი“ – „კლუბ ფანტასტის“ და მისი ხელმძღვანელის – ირაკლი ლომოურის შრომისა და ენთუზიაზმის ნაყოფია.
მე, როგორც ამ კლუბის წევრი, ვცდილობ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში ამ ლიტერატურული ჟანრის პოპულარიზაციის საქმეში.       განსაკუთრებით მიყვარს ჩემი ვრცელი მოთხრობა – რომანი – „ქვის ფრთები“. ეს არის ფანტასტიკურ-ალეგორიული ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია ალტერნატიული რეალობა, სადაც ცხოველებს მაღალი ცნობიერება და საკუთარი ცივილიზაცია აქვთ.  ძალიან მინდა ეს ისტორია წიგნად გამოვცე და ბევრმა მკითხველმა გაიცნოს  ჩემი  უჩვეულო გმირები.
უკრავთ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე… წერთ სიმღერებს…
– ჩემი თაობის თითქმის ყველა ბავშვი მუსიკალურ განათლებას იღებდა. თვლიდნენ, რომ ჰარმონიული განვითარებისთვის მუსიკა აუცილებელი იყო და არც ცდებოდნენ. ჩემი და პიანისტია  და  სახლში სულ მისი პიანინოზე „კაკუნი“ ისმოდა. ამიტომ მხოლოდ დედაჩემის ძალდატანებით ვისწავლე პიანინოზე დაკვრა. გიტარა კი მხოლოდ ჩემი სურვილით შევისწავლე და ახლაც ჩემი საყვარელი ინსტრუმენტია. ვუკრავ ფანდურზეც, ჭანურზეც კი  დამიკრავს.  ჩემი აზრით, თუ ადამიანს კარგი მუსიკალური სმენა აქვს, მისთვის არცერთი მუსიკალური ინსტრუმენტი უცხო არაა.
ოთხმოციანების ბოლოს, მომღერალთა კვარტეტის წევრი ვიყავი და მოცეკვავეთა ანსამბლთან ერთად კონცერტებით შემოვიარეთ რუსეთი, უკრაინა,  ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.   სიმღერებს კი ვწერ, მაგრამ, „ჩემს სიმღერებს ხალხი მღერის-მეთქი“,  ვერ დავიკვეხნი. საჯაროდ, დიდი აუდიტორიის წინაშე  მხოლოდ ორი სიმღერა გავიტანე. მგონი, მოეწონა ხალხს.
მეუღლე და ორი შვილი გყავთ…
– ჩემს მეუღლესთან – დიმიტრი  ბიჩინაშვილთან,  16  წლიდან ვმეგობრობდი. შემდეგ მეგობრობას სიყვარულიც დაემატა და გაცნობიდან 12 წლის შემდეგ დავქორწინდით. გვყავს ორი ქალიშვილი. უფროსი – ია,  ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის  წარჩინებული სტუდენტია. უმცროსი – ეკა კი ჯერ სკოლაში სწავლობს, მაგრამ ისიც საუკეთესო მოსწავლეა კლასში. ჩვენს ოჯახს ხუმრობით „ოქროს მედალოსანთა კლუბს“ ვეძახი, რადგან ყველას თითო წითელი დიპლომი მაინც უდევს ჯიბეში  (უმცროსსაც, სავარაუდოდ, იგივე  ელის )…
მრავალმხრვი ნიჭით ხართ დაჯილდოებული. როგორ ფიქრობთ, ფასდება ნიჭი საქართველოში?
– სამწუხაროდ, დღეს არც ნიჭი და არც მუყაითი შრომა  ფასდება. მრავალი ნიჭიერი ადამიანი რჩება ჩრდილში. ვისაც „კომერციის ფხა“ მოჰმადლა ღმერთმა, რაღაცას ახერხებს, მაგრამ დანარჩენები არარეალიზებულნი და გულგატეხილნი რჩებიან.  როცა ქვეყანას უჭირს,  ხელოვანი  ყველაზე მეტად იჩაგრება.  ბუნებით ოპტიმისტი ვარ და იმედს არ ვკარგავ, რომ უკეთეს დროებასაც მოვესწრები.
გეგმები… რაზე ოცნებობთ?
 – გეგმა ბევრი მაქვს, ოცნება კი ჩემი მოგონილია…   ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელება – გამოფენაა ეს თუ წიგნის გამოცემა – გარკვეულ თანხებს მოითხოვს. ყველაფერი მაინც პროზაულ და უსიამოვნო თემასთან შეჯახებით ფერხდება. მაგრამ, ყველაფერი მოგვარდება და ერთ მშვენიერ დღეს, მოგიწვევთ ჩემი წიგნის წარდგენაზე დარბაზში, სადაც ჩემი ნამუშევრები გამოიფინება!

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები