„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად” –  „ენის კეთილი ელჩები“ სახალისო გაკვეთილებს ატარებენ

პროექტივიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად„თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით დაიწყ.
29 მარტიდან თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილი მესამედან მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება.
საგანმანათლებლო  პროექტის ფარგლებში ქართული ენის კეთილ ელჩებად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი უკვე შეირჩა.
პროექტის მიზანია, ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად.
გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას.
ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მხარდამჭწერები არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

 რუსუდან ჯიქიაპროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი:
– პროექტი „ქართული ენის ფესტივალი“ ეკუთვნის საგანმანათლებლო ცენტრს – „ცამდე“ და ცამდე იმედებით, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა. ფესტივალის პირველ ეტაპზე მომზადდა სახალისო გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებისთვის. ეს არის ამბავი ქართული ენის შესახებ, რომელიც ბოროტმა ენებმა ცხრაკლიტულში დაამწყვიდეს და ახლა ბავშვებთან ერთად უნდა დავიხსნათ.
გაკვეთილებს მთლი საქართველოს მასშტაბით სტუდენტები ატარებენ, რომელთაც უკვე მიენიჭათ „კეთილი ენის ელჩის“ სტატუსი.
ფესტივალის შემდეგ ეტაპზე 9 თანამედროვე მწერალი დაწერს ამბავს „ორ ენაზე“. მინიატიურები შეიქმნება მოზარდებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი პრობლემები, ეკოლოგია, პატრიოტიზმი და დასავლური ღირებულებები და კიდევ რამდენიმე. „ორ ენაში“ კი ასეთ ამბავს ვგულისხმობთ: თითოეული მინიატიურა დაიწერება ავთენტური, თვითმყოფადი, ცოცხალი და ეკლექტური ქართული ენით და იგივე მინიატურა წარმოდგენილი იქნება ბარბარიზმებით, სლენგებითა და ჟარგონებით – რაც თვალნათელს გახდის – როგორ შეიძლება ამბავმა გამოიწვიო გულწრფელი ემოცია ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში იგრძნობოდეს, როგორ მახინჯდება მშობლიური ენა მისი დაბინძურებით.
პროექტის კულმინაცია ოლიმპიადაა ქართულ ენასა და ლიტერატურაში – სადაც მესამედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთმანეთს მშობლიური ენის ცოდნაში შეეჯიბრებიან. გამოვლინდება 100-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ სტიპენდიას, ისწავლიან და დაისვენებენ „შერვუდის“ საგანმანათლებლო ბანაკში, მიიღებენ ველოსიპედს, ელექტრონულ წიგნს, პლანშეტს და კიდევ უამრავ საინტერესო და საჭირო პრიზს. ოლიმპიადაზე რეგისტრაცია შესაძლებელია საიტზე: tsamde.ge.

მირიან ხოსიტაშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე:
– ეროვნული ბიბლიოთეკა ამ პროექტს – „ქართული ენის ფესტივალს“ და „ენის კეთილ ელჩებს“ მხარს უჭერს, რადგან პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ პროექტის განხორციელება, ვინაიდან დღეს ქართულ ენაში უამრავი ბარბარიზმი შემოვიდა, მეტყველების დროს ხშირად გვესმის არაქართული სიტყვები და ეს, სამწუხაროდ,  ნორმად იქცა.
ქართულმა ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად საჭიროა განხორციელდეს გარკვეული პროექტები, რომლებიც ენას დაიცავს ბარბარიზმებისაგან. ქართულ ენაში  ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე ენა მუდმივად განიცდიდა სხვადასხვა ენის გავლენას, თავის დროზე შესამჩნევი იყო ბერძნული ენის გავლენა, შემდეგ სპარსულის, არაბულის, ოსმალურის, რუსული და დღეს უკვე თვალშისაცემია ინგლისური ენის გავლენა.
ცხადია, მსოფლიოს ნებისმიერ ენაში  ასეთი გავლენები არსებობს, და სხვადასხვა ენიდან ნასესხები სიტყვები გააჩნია ამა თუ იმ ენას, მაგრამ როდესაც ქვეყანას აქვს ენა, რომელსაც ამ თუ იმ სიტყვის უამრავი შესატყვისი გააჩნია, ასეთი ენა არ უნდა დაბინძურდეს სხვა ენიდან შემოსული ბარბარიზმებით და მოსაფრთხილებელია. ქართულმა ენამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა  ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ცხადია, ყოველი ქართველის მოვალეობაა, რომ ენა შევინარჩუნოთ შეურყვნელად.
როგორც აღვნიშნე,  ეროვნული ბიბლიოთეკა არის ამ პროექტის მხარდამჭერი, ეროვნული ბიბლიოთეკა აკეთებს რამდენიმე ლექსიკონის ბაზას, რაც გულისხმობს ისეთი ლექსიკონების შექმნას, როგორიც არის: უცხო სიტყვათა, ტოპონიმთა, ეთნოგრაფიული ლექსიკონი…
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ ლექსიკონებზე ღია წვდომაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.  ამ პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ვგეგმავთ საინფორმაციო შეხვედრებს და დიდ ღონისძიებებს, რაც მოიაზრებს ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმას და გულისხმობს მის დაცვას ბარბარიზმებისგან.
ამის გარდა, ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტის ორგანიზატორებთან ერთად აპირებს ბროშურების გამოცემას, და ასევე გეგმავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, რაც ენას გადაარჩენს. ასევე ჩვენ ვაპირებთ რეგიონალურ ბიბლიოთეკებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების მოწყობას, რათა პროექტი გასცდეს დედაქალაქს და მთელი საქართველო მოიცვას.

 ბექა ადამაშვილი – მწერალი:
– ამ პროექტს  ამბის შინაარსობრივ ნაწილში ვეხმარებოდით:  მე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და დიანა ანფიმიადი. ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან იყო ჩართული თეა ბურჭულაძე.
მნიშვნელობას რაც შეეხება, ცხადია, მნიშნელოვანია იმ კუთხით, რომ ბავშვებისათვის სახალისო ფორმით ქართული ენის შესახებ ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. მართალია, ერთი საათი არ არის საკმარისი, სრულყოფილი ცოდნის გადასაცემად, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვები დაფიქრდნენ ზეპირ თუ წერით მეტყველებაში დაშვებულ ყოველდღიურ შეცდომებზე და მომავალში ეცადონ, რომ ეს შეცდომები თქმისთანავე გამოასწორონ თვითონ.
პერსონაჟს რაც შეეხება – მისი სახელია სქრინშოთა. წარმოშობით არის ლექსიკიდან, კერძოდ ლექსიკო სითიდან და არის ენების გასუფთავების საერთაშორისო ექსპერტი. აქვს ფენომენალური მახსოვრობა და რასაც ერთხელ წაიკითხავს, ყველაფერი გონებაში ებეჭდება. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. ჩვენ გვინდოდა ისეთი გმირი, რომელიც თამაშით და გრამატიკული გამოცანების მეშვეობით, ბავშვებთან ერთად გაასუფთავებდა ენას და შემდეგ იმდენად მოეწონებოდა ეს ენა, რომ აქ დარჩენას გადაწყვეტდა. სწორედ ამიტომ ენის წიაღში ერთსაათიანი მოგზაურობის შემდეგ, ბავშვებს ეძლევათ დავალება, რომ სქრინშოთას ქართული შესატყვისი მოუძებნონ და ჩვენს ენაში დატოვონ.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე – მწერალი:

– ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით იმ ნიშნით, რომ მთლიანად მორგებულია ახალ თაობაზე, ახალგაზრდებზე, ბავშვებზე. პროექტი, ასე ვთქვათ, მათთვის გასაგებ ენაზე შეიქმნა და მიმართულია იქითკენ, რომ სწორი ქართული ენის პოპულარიზაცია მოხდეს მათ თაობაში, რომ ახალმა თაობებმა იმეტყველონ ქართულად, მით უფრო, ეს პრობლემა დგას – ძალიან ბევრი ახალი ბარბარიზმი და კალკი შემოდის ენაში… და ახალი თობები უფრო მეტად მეტყველებენ არასწორად.
რას შეეხებათ პერსონაჟებს, ამ გათვლით მოხდა პერსონაჟების მოფიქრებაც: რადგან პროექტის მიზნობრივი აუდიტორია მოსწავლეები და სტუდენტები არიან, პერსონაჟები და პერსონაჟებზე გადახდენილი ამბებიც  სახალისო და იუმორით სავსეა, რათა მთელი პროექტი თამაშ-თამაშ განხორციელდეს და მოსაწყენი არ იყოს.
ძალიან საინტერესო პროექტია და თითოეული ბავშვი, რომელიც ამ პროექტში ჩაერთობა, თან გაერთობა და სასიამოვნოდ დაამახსოვრდება ეს პროცესი, თან მიიღებს ძალიან საჭირო, სასარგებლო ინფორმაციას, ვფიქრობ, თითოეულ მათგანს დააფიქრებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, იმეტყველონ ქართულად.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები