კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადაეცა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადაეცა, რომელიც 40 ერთეულზე მეტ ყუთს შეიცავს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არქივი ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა და სისტემაში მოჰყავდა გიორგი ჩიტაიას ერთგულ მოწაფეს და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის აღმწერს, პროფესორ თამილა ცაგარეიშვილს.
„დღეს გიორგი ჩიტაიას პირადმა არქივმა ბინა დაიდო ხელნაწერთა ცენტრის პირადი არქივების ფონდში, მისი დიდი მასწავლებლის ივანე ჯავახიშვილის ასევე დიდი კოლეგა-მეცნიერების: კორნელი კეკელიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, ისიდორე დოლიძის, შალვა ამირანაშვილის, აკაკი სურგულაძის, გიორგი მელიქიშვილის არქივების გვერდით“, – წერია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.