გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ევროპული ECO ფორუმის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

რომში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, როგორც ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე, ევროპული ECO ფორუმის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ორჰუსის კონვენციის როლი და მისი მნიშვნელობა ევროპული დემოკრატიის გაღრმავებაში. შეხვედრის მიზანი იყო მთავრობების, საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების გაცვლა, ორჰუსის კონვენციის ქმედითობასთან დაკავშირებით.
​მაია ბითაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობაზე, როგორც უმთავრეს საშუალებაზე, რომლის დებულებების ეროვნულ დონეზე ეფექტიანი იმპლემენტაცია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაღრმავებას. მაია ბითაძემ, ასევე, ისაუბრა ორჰუსის კონვენციის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. კერძოდ, აღნიშნა, რომ ორჰუსის კონვენციით, უზრუნველყოფილი საზოგადოების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების ეფექტიან რეალიზებას, შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
​მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა, ამ კუთხით, საქართველოში განხორციელებულ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, კერძოდ ისაუბრა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტზე, რომელიც ძალაში შესვლის შემდგომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, მათ შორის, ორჰუსის კონვენციის დებულებების ეროვნულ დონეზე ეფექტიან იმპლემენტაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო, ასევე, ორჰუსის კონვენციის შესრულების, იმპლემენტაციის და სხვა რეგიონებში გავრცელების შესახებ შეხვედრასა და რევოლუციური საინფორმაციო შესაძლებლობების, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის გამოყენების შესახებ დისკუსიებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები