ოლივიე როლენი და ლაშა ბაქრაძე საბჭოთა ისტორიის შესახებ დისკუსიას გამართავენ

 ფრანკოფონიის თვის განმავლობაში საქართველოს  ფრანგი მწერალი, ოლივიე როლენი ეწვევა. როგროც „კვირას“ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში განუცხადეს, ოლივიე როლენი, რომელმაც არაერთი ლიტერატურული პრემია მიიღო, საქართველოს სტუმარი იქნება  20-დან 26 მარტამდე.
21 მარტს, 18:00 საათზე,   ლიტერატურის მუზეუმში ფრანგ მწერალთან – ოლივიე როლენთან და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან – ლაშა ბაქრაძესთან შეხვედრა გაიმართება.  დისკუსიის თემაა „საბჭოთა ისტორია“.
შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე თარგმანით.
ოლივიე როლენი მრავალი წიგნის ავტორია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას 1994 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „პორტი სუდანი“ მოუტანა, რომელიც ფემინას პრემიით დაჯილდოვდა. 2002 წელს, მის ავტობიოგრაფიულ წიგნს „ქაღალდის ვეფხვი“ ფრანს კულტურის პრემია მიენიჭა.
2014 წელს, წიგნისთვის, „მეტეოროლოგი“, ოლივიე როლენი სტილის პრემიით დაჯილდოვდა. რომანში მოთხრობილია სტალინური პერიოდის რუსი სახელმწიფო მოხელის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც ჯერ ენთუზიაზმით შეხვდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას, მოგვიანებით კი, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი, თავად გახდა რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლი.
მთელი პატიმარობის განმავლობაში ის თავის ქალიშვილს წერილებს უგზავნიდა. რუსეთში მოგზაურობისას ოლივიე როლენი სწორედ ამ კორესპონდენციას აღმოაჩენს, რაც მას რომანის დაწერას გადააწყვეტინებს. „მეტეოროლოგი“ თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი. წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება ავტორთან შეხვედრისას.
ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახლმწიფო მუზეუმის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ლაშა ბაქრაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიეტრატურის ფაკულტეტი. მოგვიანებით, აკადემიური საქმიანობა ევროპაში გააგრძელა. იენის, ბერლინის, ბერნის, პოტსდამის და ვენის უნივერსიტეტებში ეუფლებოდა თეოლოგიას, სოციალურ მეცნიერებებს და თანამედროვე ისტორიას.
ლაშა ბაქრაძე ასწავლიდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვის და კონსერვაციის განყოფილებას, მუშაობდა გოეთეს ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (სოვლაბ), აქტიურად თანამშრომლობს ტელევიზიასთან, აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ და უცხოურ პრესაში. ლაშა ბაქრაძე წერს სცენარებს, არის ქართულ-გერმანული სასაუბროს ავტორი, რომელიც სამჯერ გამოიცა გერმანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები