დღეს ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია გაიმართება

დღეს, 1 თებერვალს, 18:00 საათზე, ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა ეროვნულ არქივში წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული წყაროების მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე განხილული იქნება ქართული წყაროების მნიშვნელობა გვიანი შუასაუკუნეების ისტორიის კვლევაში.
წარმოდგენილი იქნება ქართული წყაროების მაგალითები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ირანის სეფიანთა იმპერიის შესწავლისათვის. მიუხედავად იმ წნეხისა, რომელიც საქართველოში ირანის ბატონობას მოჰყვა (ეს საბუთების ორენოვნებაშიც გამოიხატება), ქართული წყაროები ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს წარმოადგენს და პოლიტიკურთან ერთად, იურიდიული ძალაც შეინარჩუნეს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველო თითქმის ერთადერთი რეგიონი იყო სეფიანთა გარემოცვაში, სადაც მოქმედებდა მშობლიური ენა. ციციშვილების მაგალითზე კომპლექსურად განიხილება, თუ რა როლი ეკისრებოდა თავადაზნაურობას ამ პერიოდის ისტორიულ პროცესებში და ახალი ქართლის ცხოვრება, რომელიც ამ უნიკალური რეგიონის წარმოჩენის მიზნით შეიქმნა ამავე პერიოდში.
ლექციაზე მიმოხილული იქნება ამ პერიოდის მოღვაწეები (მაგ. ვახტანგ VI) და ის კულტურული პროცესები, რაც სეფიანთა ბატონობის დროს მიმდინარეობდა საქართველოში.
ლექციის მეორე ნაწილი დაეთმობა XVI-XVIII საუკუნეების იაპონიის ისტორიოგრაფიას. ლექციის დასასრულს მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ ისტორიოგრაფიას გლობალური ისტორიის შესწავლისთვის და ზოგადად, რა პოტენციის მატარებელია ქართული წყაროები.
ცნობისათვის: ჰიროტაკე მაედა – ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1995 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი; 2006 წელს – ტოკიოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორი; 1995 წელს და 1999-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში;
მისი სტატიები დაბეჭდილია იაპონიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.
კითხულობდა ლექციებს ჰოკაიდოს, ოსაკას, კიუშუსა და იაპონიის სხვა უნივერსიტეტებში. მიწვეული იყო მიჩიგანის, სტანფორდისა და იელის უნივერსიტეტების კონფერენციებში.
მისი პუბლიკაცია – „ქართველები სეფიანთა ირანში“ დაიბეჭდა ორჯერ – 2008 და 2011 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები