დეპუტატებმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ახალი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობა შეაფასეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის და ზედამხედველობის ახალი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა განახორციელებს.
„პირველი, რაც უმთავრესია, ჩვენ გვექნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, ამას მოყვება მთელი რიგი კანონპროექტების ინიცირება, რომელიც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებასთან. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს – საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესზე ძლიერდება კონტროლის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ჩვენ როგორც პარლამენტს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებს, მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. მათ შორის რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები როგორიც არის საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები, რაც ამ პროექტში არის ასახული. მნიშვნელოვანია ასევე რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და მას ექნება უფრო ეფექტური შესაძლებლობები, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ახალი სსიპ-ის დამოუკიდებლობის გარანტიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. „როგორც ყველა სსიპ-ს, ამასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო შექმნის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინები. ეს პაკეტი შემუშავდა იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც თვლიან რომ სახელმწიფო იმსახურებს ნდობას, ამავე დროს საჭიროა ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა პაკეტის შემუშავებაში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი სისტემის შექმნაზე და მის მნიშვნელობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა. მისი შეფასებით, საკითხზე შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ისეთი პროექტი მოამზადა, რომელიც არსებულ გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს. “საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს ახალ პროექტს, რომელიც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან რომ ის პასუხობს სამივე მოთხოვნა რაც დღის წესრიგში იდგა. ერთი – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, მეორე – უსაფრთხოების გარანტიები და მესამე, ეს არის ადამიანის უფლებების უპრეცენდენტოდ დაზღვევის მექანიზმები. ამ პროექტის მიხედვით სასამართლო კონტროლს დამატებული პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ამას კიდევ დამატებული ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა მაღალ ლეგიტიმაციას მოითხოვს, მართლაც უპრეცენდენტო დაცულობის მექანიზმს შექმნის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები