“ჩვენ გვექნება სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს და სტაბილურობას ქვეყანაში”

„ჩვენ გვექნება სისტემა, რომელიც რეალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს და სტაბილურობას ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია, რაც ასევე იყო ერთ- ერთი მოთხოვნა ამ რეფორმისთვის.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს, ასევე პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს, რომ დღეს ჩვენ ეს პაკეტი წარგვედგინა და უახლოეს პერიოდში მოვახდინოთ მისი ინიცირება. ჩვენ გვექნება სისტემა, რომელიც რეალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს და სტაბილურობას ქვეყანაში. ინიცირებული იქნება კანონთა ახალი პაკეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და უნდა გითხრათ, რომ შემუშავებული დებულებები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებაში მოცემულ მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქცია გამოეყოფა ცალკე და გადაეცემა სსიპ-ს, რომელსაც თვითონ არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები და საგამოძიებო მიზნებისთვის აი ამ ინფორმაციის გამოყენების საჭიროება, რაც ასევე იყო ერთ ერთი მოთხოვნა ამ რეფორმისთვის. აქვე უნდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძლიერდება კონტროლის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ბუნებრივია აქ იგულისხმება საპარლამენტო კონტროლი, აქ იგულისხმება პარლამენტის ნდობის ჯგუფის კიდევ უფრო გაუმჯობესებული მანდატი, აქ არის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და აქ არის ანგარიშვალდებულების სხვა მექანიზმები, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ მაღალ ხარისხს ანგარიშვალდებულების და ამ სისტემით დაცული იქნება ფარული მიყურადება ნებისმიერი გარე ჩარევისაგან უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო დღემდე და ბუნებრივია, ეს ქმნის უფრო მეტ გარანტიებს, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკი შემცირდეს და დავიდეს მინიმუმამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები მომზადებულია იმგვარად, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები არ დაზარალდეს, არ შესუსტდეს რამენაირად, მაშინ, როცა დღეს საქართველო რეგიონში ერთ ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყნის სტატუსით აკეთებს პოზიციონირებას, როცა ჩვენი პრიორიტეტი არის სტაბილური განვითარება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და როდესაც საქართველოს უყურებს არაერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და ინვესტორი. ჩვენ სამუშაო პროცესის შედეგად ძირითადად აი ამ კონტრუქციაზე ვთანხმდებით და წარვადგინეთ ეს კონტრუქცია, თუმცა აქვე უნდა გითხრათ,რომ კანონშემოქმდებითი პროცესი, რომელიც ელოდება ამ პაკეტს, ჯერ კიდევ წინ არის და მთელი რიგი დეტალები, რაზეც თუნდაც შეკითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან შეიძლება კრიტიკული შენიშვნები ჰქონდეთ სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ჩვენ პარლამენტში ძალიან საინტერესო პროცესი გველოდება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასვეს ძალიან მწვავე შეკითხვები, მაგალითად თუ როგორი იქნება ამ ორგანოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, როგორი იქნება კონტროლის მექანიზმები ნდობის ჯგუფის მხრიდან, რა ინტენსივობით მოხდება ეს. ასევე დაისვა შეკითხვები ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით და იმ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მომავალში იქნას გამოყენებული. ასევე დაისვა შეკითხვები , თუ ვის ეკუთვნის ეს სსიპ , ბუნებრივია ამ შეკითხვებზე არსებობს პასუხებიც. ვთქვათ, თუ შეკითხვა არის, ვის ეკუთვნის სსიპ, მე შემიძლია გითხრათ , რომ ის იქნება სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მაგრამ ის იქნება დამოუკიდებელი. ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთან, ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ მინისტრთან , ამ მოცემული პაკეტით, ჩვენ სწორედ ასე მოვახდენთ ამ ცვლილებების მიღებას განხილვების შემდეგ. თუმცა, ამ ნიუანსებთან დაკავშირებით წინ გვაქვს კანონშემოქმედებითი პროცესი და არ არის გამორიცხული, კონკრეტულ დეტალებზე სხვა მოსაზრებები ჩვენ მივიღოთ უკვე პარლამენტში. ხელმძღვანელი პირის არჩევის წესი ,ჩემის აზრით არის საკმაოდ ჩართულობითი, ანუ უზრუნველყოფს ჩართულობას. ამას აკეთებს სპეციალური კომისია, რომელიც შემდეგ წარუდგენს პრემიერ მინისტრს, ხოლო პრემერი შემდგომში დანიშნავს, თუ ამ მოდელის მიღებას მოვახდენთ.. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული გამოცდილება, რომელსაც აქვს სანდოობის მაღალი ხარისხი და რომელსაც აქვს ის უნარ ჩვევები, რაც საჭიროა ,რომ გაუძღვეს ამ ტიპის ორგანიზაციას. თუმცა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არ არის არჩილ თალაკვაძის გადასაწყვეტი მოსაზრებები, თუ ვინ უნდა იყოს ხელმძღვანელი, ეს კრიტერიუმებიც იქნება ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული. არასამთავრობოების მოთხოვნა და მათი პოზიცია არის რაც ბუნებრივად უნდა იყოს. ისინი მოითხოვენ ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს და ისინი მოითხოვენ კონტროლის ეფექტურ მექანიზმებს, ჩვენ ვცადეთ, რომ ეს მოთხოვნები და ეს სტანდარტი დაგვეკმაყოფილებინა ამ პროექტით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები