„ამ წიგნებს დიდი შრომა და ენერგია შევალიე“… – როგორ შეაუღლა ცისანა ბურდილაძის მშობლები გალაკტიონმა

ცნობილი საბავშვო მწერლისა და მთარგმნელის – არნო ონელის (ალექსანდრე ბურდილაძის) ოჯახში გაიზარდა. სწორედ ოჯახიდან დაჰყვა სურვილი, პედაგოგი გამხდარიყო და ბავშვების სწავლა-აღზრდაში წვლილი შეეტანა. 17 წლის ასაკიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
წლების მანძილზე მუშაობდა განათლების სამინისტროში უფროს მეთოდისტად და მთავარ სპეციალისტად. 30-ზე მეტი  ინგლისური ენის სასკოლო და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია…
ცხოვრებაში მრავალი წინააღმდეგობა შეხვედრია, მაგრამ დაბრკოლება გადაულახავს და თავდაუზოგავი შრომით წარმატებისთვის მიუღწევია. – პედაგოგისა და გამომცემლის, ცისანა ბურდილაძის პერსონა.

16441359_10158206885820711_903466807_n

„დავიბადე თბილისში, ბავშვობა რუსთაველზე, „ლაღიძის წყლებთან“წულუკიძის ქუჩაზე გავატარე. მამაჩემი ცნობილი მწერალი, საბავშვო პოეტი არნო ონელი (ალექსანდრე ბურდილაძე) იყო. 1921 წელს რაჭიდან, ონიდან რომ ჩამოვიდა თბილისში, ქუთაისის პედაგოგიური კურსები ჰქონდა გავლილი და სახალხო მასწავლებლის წოდებით სოფელ დიღმის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. თბილისში ახალგაზრდა მწერლებსა და ლიტერატურულ საზოგადოებას დაუკავშირდა, პირველი პოეტური ნათლობა გალაკტიონ ტაბიძისგან მიიღო, გალაკტიონმა თავის ჟურნალში დაბეჭდა მისი ორი ლექსი, რამაც დასაბამი მისცა არნო ონელის სამწერლო მოღვაწეობას. ამის შემდეგ ბავშვების საყვარელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, შიო მღვიმელს დაუახლოვდა, რომელიც მისი მეგობარი და მასწავლებელი იყო. სწორედ შიო მღვიმელის დამსახურება იყო, არნო ონელი საბავშვო პოეტი რომ გახდა და მრავალი ლირიკული და საბავშვო წიგნი გამოსცა.
დედა – ნინო წერეთელი დამსახურებული პედაგოგი იყო. იგი 40 წელზე მეტი მუშაობდა საბავშვო ბაღის აღმზრდელად, 1993 წელს მას 90 წლის ასაკში მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის პრემია.
12 წლიდან ნინო ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი წერეთლის ოჯახში. ცისანა ბურდილაძეე
გიორგი წერეთლის მეუღლემ, საზოგადო მოღვაწემ, „ჯეჯილისა“ და „კვალის“ რედაქტორმა ანასტასია თუმანიშვილმა-წერეთელმა იშვილა, გზაზე დააყენა და პედაგოგიურ სასწავლებელში ასწავლა. მერე დედა საბავშვო ბაღში მუშაობდა.  ანასტასიას სურვილი იყო, რომ მისი შვილობილის მეუღლე მწერალი ყოფილიყო, რომ გიორგი წერეთლის ბინა არ გამოკეტილიყო მწერლებისა და მოღვაწეებისათვის. გალაკტიონ ტაბიძის დიდი მონდომებით მომხდარა არნო ონელისა და ნინო წერეთლის შეუღლება. მწერლების შეკრებაზე  უნახავს მას დედაჩემი, მოსწონებია, დედაჩემი უარზე მდგარა, მაგრამ გალაკტიონ ტაბიძის მონდომებით შეუღლდნენ.
თბილისში არნო ონელი თბილ და სასიამოვნო ოჯახურ გარემოში ცხოვრობდა, ჯერ კვალის, შემდეგ წულუკიძის ქუჩაზე…
კვალის ქუჩაზე უზარმაზარი ბინა ჰქონდა გიორგი წერეთლის ოჯახს, მაგრამ კომუნისტები რომ მოვიდნენ, გიორგის შვილები კაკი და ლევანი, ელენე მენშევიკები იყვნენ… და ის ბინა გაცვალეს იმის შიშით, რომ არ ჩამოერთმიათ, წულუკიძის ქუჩაზე უფრო პატარა ბინაში გადავიდნენ.  დედაჩემი, ვიდრე მე სკოლაში არ შევედი, 40 წლის მანძილზე აბრეშუმის ფაბრიკის საბავშვო ბაღში მუშაობდა… მაშინ ლენინის ქუჩაზე იყო საბავშვო ბაღი (ახლანდელი კოსტავას ქუჩა) და მეც იქ დავდიოდი.
პირველ სკოლაში ვსწავლობდი, პარალელურად მუსიკალური სკოლა დავამთავრე, იმავე წელს მოსკოვის პროსპექტზე, 124-ე საჯარო სკოლასთან არსებულ სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, სადაც 11 წელი დავყავი.არნო ონელი
სწორედ მშობლებმა განაპირობეს ჩემი დიდი სურვილი, გავმხდარიყავი პედაგოგი და ბავშვობის სწავლა-აღზრდაში გარკვეული წვლილი შემეტანა“…

…17 წლის ასაკიდან ცისანა ბურდილაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა სკოლასა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში…
1975-2004 წლებში უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლებისა  და შემდეგ განათლების სამინისტროში უფროს მეთოდისტად და მთავარ სპეციალისტად მუშაობდა… 2000 წლიდან კი უკვე ინგლისური ენის  წიგნებსაც გამოსცემდა  სკოლებისთვის…
ამბობს, რომ სამინისტროსთან შეთავსებით ასწავლიდა ინგლისურს თბილისის 125-ე საჯარო სკოლაში. საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ, როგორც პედაგოგს საგნის სახელმძღვანელოები ვერ აკმაყოფილებდა და იდეა დაებადა, სავარჯიშოები და ტესტები შეედგინა.
„გადავწყვიტე, სავარჯიშოებით და ტესტებით წიგნი გამემდიდრებინა, სახელმძღვანელო გამეთანამედროვებინა, რომ სასწავლო პროცესისთვის სრულყოფილი ყოფილიყო, უფრო სასიამოვნო ყოფილიყო სასწავლებლად,  გრამატიკულად ცოტა მოძველებული ფორმები იყო, პროგრამის მიხედვით გავაკეთე ოთხივე წიგნი“.
ასე გამოიცა 2004 წელს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების გაძლიერებული სწავლების გადამუშავებული და შევსებული ინგლისური ენის სახელმძღვანელობი – II-V კლასების ჩათვლით, რომლის ავტორები არიან:  ნ. ტატიშვილი, ნ. ჩიგოგიძე და ც. ბურდილაძე. ყველა სახელმძღვანელოს აქვს თავისი სავარჯიშოები და საკონტროლო ტესტები.
ამ წიგნებზე დიდი მოთხოვნა იყო და ამით ასწავლიდნენ მთელ რესპუბლიკაში.
ამავე პერიოდში ქალბატონმა ცისანამ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც გამოსცა. ამ დამხმარე სახელმძღვანელოებით ახლაც სწავლობენ  ბავშვები.16357281_1425735534117094_799638363_o
„2008 წელს წიგნებზე სახელმძღვანელოებზე ახალი კონკურსი გამოცხადდა. პირველი წიგნი რომ გავაკეთე, სამინისტროს თანამშრომელმა, როგორც ხდება ხოლმე, ძალიან შემავიწროვა. ყველანაირად ცდილობდა, რომ კონკურსში არ გავსულიყავი. ასეთი საშინელი პერიოდი ცხოვრებაში არ მქონია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ დამემართებოდა და ასე უსამართლოდ მომექცეოდნენ. მაგრამ დღე და ღამე გავასწორე მხატვართან ერთად, ილუსტრაციებიც დავურთე და მხატვრობით გამზადებული რომ მივიტანე, იძულებულნი გახდნენ, მოეწონებინათ, „ინგლისური ენა დ I: მოსწავლის წიგნი“  ყველაზე საუკეთესო გამოდგა დანარჩენებს შორის. ასე  მომცეს გრიფი. 5 კლასის ჩათვლით გამოვიდა ამ გამოცემის სერია.
მაშინ ცნობილი ვიყავი, მთელ რესპუბლიკაში, ინგლისური ენის სახელმძღვანელოები საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოდიოდა და იყიდებოდა. ყველგან ამ წიგნებით სწავლობდნენ…
იმ პერიოდში უკვე  შაშკინი იყო განათლების მინისტრი,  იფიქრა, რაღა ამათ ნახონ სარგებელიო და უკვე მე-6 კლასის სახელმძღვანელოზე ვიწყებდით მუშაობას, გააუქმა ყველა საგნის ყველა წიგნი. წავიდა ლონდონში, ჩამოიტანა „მაკმილანის“ უვარგისი სახელმძღვანელო,  დღემდე ტირიან, იმ სახელმძღვანელოთი რომ ასწავლიან მასწავლებლებიც და ბავშვებიც. ზეპირმეტყველება გაგვაკეთებინეს ამერიკული სტანდარტებით… რანაირად შეიძლება ამერიკის სასწავლო გეგმით ქართველ ბავშვს ინგლისური ასწავლო?ცისანა ბურდილაძე ოჯახი
შაშკინს 4 დონის წიგნი ჰქონდა ჩამოტანილი და პირველიდან მეექვესე კლასამდე ასწავლიდნენ. როგორც ამბობდნენ, კარგად მოითბო ხელი და თან ტერორში ჰყავდა მასწავლებლები და დირექტორები სკოლებში.  სხვა  წიგნს ვერ იყენებდნენ მაგისი მინისტრობის პერიოდში… მონაწილეობა აღარ მიმიღია სახელმძღვანელოების კონკურსში. დარწმუნებული ვიყავი, რომ არცერთ ავტორს არ მოგვცემდა გრიფს, ჩემს წიგნებს სკოლაში არ შეუშვებდა.  ასეც მოიქცა.  მარტო თავის წიგნს მისცა გრიფი“…
ორი წლის განმავლობაში ქალბატონი ცისანა 125-ე საჯარო სკოლის დირექტორადაც მუშაობდა…
„სკოლის დირექტორად  2 წელი ვიყავი, 2007-ის მარტიდან მივყავი ხელი და თუ რამე გასარემონტებელი იყო, სულ ჩემი თანხით მოვაწესრიგე. არა ფანჯრები, არა იატაკი, არა სინათლე, არაფერი ამ სკოლაში არ იყო. ღობეებიც კი აღვადგინე, ფარდები დავკიდეთ და, როგორც შემეძლო, ისე მოვაწყე სკოლა… ამაში საკუთარი დიდძალი თანხა დავხარჯე.
სექტემბრისთვის  ბევრი რამ გავაკეთეთ. ყველა ბავშვისთვის (სულ კონტინგენტი 150 მოსწავლისგან შედგებოდა) ჩემი ჰონორარიდან  შევიძინე ყველა საგნის სახელმძღვანელო, უფასო წრეები გავხსენი, 7-8 წრე მქონდა, ყველანაირი – ცეკვის, სიმღერის, ინგლისურის, აერობიკის…  მე ვიხდიდი წრეების ფულს… რომ დაინახეს სკოლის წინსვლა და გამოცოცხლება, ძალიან ბევრი წასული ბავშვი ისევ უკან, ამ სკოლაში  დაბრუნდა…
ყველანი გაოცებულნი იყვნენ, მშობლები და ყველა სტუმარი მე მეუბნებოდა მადლობას. რომ ეს სკოლა მოვასულიერე, დახურვას გადავარჩინე, აღვადგინე, ბავშვებს ყველა წიგნი უფასოდ ჰქონდათ…
მინდოდა, ეს სკოლა მართლა სასახელო ყოფილიყო მთელ თბილისში. სამინისტროში ისედაც ხედავდნენ, რა გავაკეთე ორი წლის განმავლობაში. თქვენი გულისთვის ვაჩერებთ მაგ სკოლას, თორემ ამ წუთში ოპტიმიზაციაში გავუშვებთო, – მეუბნებოდნენ“…
მაგრამ… უმადურობამ თავისი ქნა. როგორც ხდება ხოლმე, უკმაყოფილონი აქაც აღმოჩნდნენ… და ბოლოს, ქალბატონმა ცისანამ აღარ მოისურვა ამ სკოლაში მუშაობა… შემდეგ კი ოპტიმიზაციის ბრძანებასთან ერთად დაიხურა სკოლაც…16326485_1425735530783761_708628638_o
ცისანა ბურდილაძე სულ  30-ზე მეტი  ინგლისური ენის სასკოლო და დამხმარე სახელმძღვანელობის ავტორია.
„მინდოდა, ჩემეული გრამატიკის სახელმძღვანელოც შემექმნა და გავაკეთე ინგლისური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოც, რომელიც 2015 წელს გამოიცა. წიგნი შედგენილია ინგლისური ენის გრამატიკაში არსებული თანამედროვე ცვლილებების გათვალისწინებით, იგი მოიცავს მორფოლოგიისა და სინტაქსის თითქმის ყველა ძირითად საკითხს, მართლწერის წესებსა და ფონეტიკას. თეორიული მასალის განმტკიცება ხდება ინგლისურ-ქართული წინადადებებით, ილუსტრაციებითა და სავარჯიშოებით. მაგრამ, სამწუხაროდ, სამინისტრომ პრეზენტაციის უფლება არ მოგვცა. სანიკიძის მინისტრობის პერიოდში ვერ შევედით სკოლაში“…
„დღეს არ ვიცი, რა რეფორმა გატარდება და რა მოელის სასკოლო სახელმძღვანელოებს… თუ მოვახერხე, დონეების მიხედვით ჩაფიქრებული მაქვს სავარჯიშოების და ტესტების კარგი წიგნის შეკვრა, რადგან მეტი მოთხოვნაა ამაზე. ჯერჯერობით უამრავი რამის გაკეთება შემიძლია…
სამი ოპერაცია გავიკეთე და რომ გამოვდიოდი საავადმყოფოებიდან, თითქმის ლოგინში ვწერდი ამ წიგნებს. დღე და ღამე არ დამისვენია. 1990 წლიდან დაწყებული ზაფხულშიც არსად წავსულვარ. ამ წიგნებს დიდი შრომა და ენერგია შევალიე…ნინო წერეთელი
იმ პერიოდში არანაირი დამხმარე სახელმძღვანელო არ იყო წიგნის გარდა, ამ წიგნებმა დიდი შეღავათი მისცა მასწავლებლებს. დღესაც კერძო მასწავლებლები ამ წიგნებით ამეცადინებენ ბავშვებს, რადგან სავარჯიშოებით და ტესტებით ყველაზე კარგად, ადვილად შესასწავლი მეთოდით შედგენილი წიგნებია.
დღეს უამრავი სახელმძღვანელოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავტორებმა არ იციან ბავშვის შესაძლებლობები, რა დონის სჭირდებათ, რანაირად, როგორ უნდა მიაწოდო.
შაშკინმა კონკურსი რომ გამოაცხადა, მაშინ ვიმუშავე და ყველა წიგნი გავამზადე. რა სტანდარტიც იყო, იმ სტანდარტის მიხედვით 6-ვე კლასის წიგნი შევადგინე. თუ გამოცხადდება გრიფირება, მზად მაქვს ეს წიგნები და მივიღებ მონაწილეობას“…
– ოჯახი… მეუღლე ადრე გარდაგეცვალათ…
– მეუღლე გიორგი ლეჟავა 47 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. მამამისი უნივერსიტეტის ლექტორი ვახტანგ ლეჟავა იყო. გეომორფოლოგიის კათედრაზე მუშაობდა.
ასე ახალგაზრდა დავქვრივდი და მას მერე მუხლი არ ჩამიხრია, 2 ვაჟი მყავს – ვახტანგ და ალექსანდრე ლეჟავები. ამდენი რამ ვაკეთე, უფროსი ვაჟიც ცალკე დავასახლე, მშენებელია. ორი ქალიშვილი ჰყავს: უფროსმა ანა ლეჟავამ ვაშინგტონის საბალეტო აკადემია დაამთავრა. ახლა არის ახალგაზრდა ელჩი გაეროში, ამერიკის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, საბალეტო ხელოვნების პარალელურად, საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.photo_0170271402flzrre
სოფო ლეჟავა  – თეატრალურის მეორე კურსზეა. არის  ფორტეპიანოს უმაღლესი კლასის პიანისტი. ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა. ახლა მარჯანიშვილის თეატრში როლზე მიიწვიეს, ძალიან კარგია გარეგნობით.
მეორე შვილი ალექსანდრე ლეჟავა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს. სამი შვილი ჰყავს – ნიკოლოზი, ელენე და ვაჩე.
განათლებისა და სახელმძღვანელობის პრობლებემზე საუბრის გარდა,  წუხს იმასაც, რომ საერთოდ წიგნის სიყვარული დაიკარგა. რომ სათანადოდ არ არიან დაფასებულები როგორც არნო ონელი, ასევე სხვა ცნობილი საბავშვო მწერლები და პოეტები – შიო მღვიმელი, ილია სიხარულიძე, მაყვალა მრევლიშვილი, მარგო თომაძე, გიორგი კაჭახიძე…
მათ უზადო შემოქმედებას არ იცნობს არც პედაგოგების უმრავლესობა და არც ბავშვები… თუმცა თბილისის სხვადასხვა სკოლაში მოღვაწე უმაღლესი დონის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ირინა სიხარულიძემ მოსწავლეებს შეაყვარა არნო ონელის ლექსები და პოემები.
მან რამდენჯერმე მოაწყო არნო ონელის ხსოვნისადმი მიძღვნილი დილა, სადაც დიდი პატივით იყო მიწვეული თავად ქალბატონი ცისანა (ნინორა) ბურდილაძეც…ანასტასია
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმძღვნელოების გარდა,  ცისანა ბურდილაძემ თავისი ლექსების, მოთხრობებისა და ზღაპრების კრებული ინგლისურ ენაზე სწორედ მშობლებს მიუძღვნა…
„გალაკტიონის მიერ შეუღლებულთ ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. ნინო ღირსეული ცოლი იყო არნო ონელისა. მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი. მან ასევე კარგ ადამიანად აღზარდა ჩემი ორი ვაჟიშვილი“… – ამბობს ქალბატონი ცისანა.
ნინო წერეთელი 98 წლის ასაკში 2003 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია მეუღლის გვერდით, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები