იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვარამია-ახვლედიანის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, “რუსთავი 2“ – ის გენერალური მდივნის ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
საბჭოს წევრები მიუღებლად მიიჩნევენ უკანონოდ მოპოვებული პირადი საუბრის ჩანაწერების გავრცელებას, თუმცა ასევე გამოხატავენ აღშფოთებას სასამართლოს თავმჯდომარესა და საქმის მხარეს შორის შემდგარი კომუნიკაციის გამო.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა საზოგადოების, საერთო სასამართლოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსისადმი! საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბ-ნ მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის გამართული პირადი საუბრის ფარულ ჩანაწერებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიუღებლად მიიჩნევს უკანონოდ მოპოვებული პირადი საუბრის ჩანაწერების გავრცელებას მედია სივრცეში და იმედოვნებს, რომ საქმე ჯეროვნად იქნება გამოძიებული და დადგინდება ჩანაწერების გავრცელების მიზანი და პასუხისმგებელი პირები. იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რომლის ადეკვატურობა საუბრის მონაწილეებს არ უარყვიათ, გამოხატავს აღშფოთებას სასამართლოს თავმჯდომარესა და საქმის მხარეს შორის შემდგარი კომუნიკაციის გამო.
განხილვაში მყოფ საქმესთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარესთან იმ სასამართლოს თავმჯდომარის ნებისმიერი კომუნიკაცია, სადაც აღნიშნული საქმე იხილება, ყოვლად დაუშვებელია და წარმოადგენს არა მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის პრინციპების, არამედ „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას, ამასთან, არა მარტო სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ დაინტერესებული მხარის მხრიდანაც. მიუღებელია სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან დაინტერესებული მხარისათვის ერთგვარი მობოდიშება, რომ გავლენას ვერ ახდენს საქმის უშუალოდ განმხილველ მოსამართლეზე და მისი სხვა განცხადებები, რომელიც ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისადმი მხარეებისა და საზოგადოების ნდობას. მოსამართლე არ უნდა უშვებდეს, რომ დაინტერესებული მხარე მას სთავაზობდეს თანამდებობიდან ხმაურიან გადადგომას იმ მიზნით, რომ გადადგომის ფაქტი ამ მხარის მიერ გამოყენებულ იქნეს საქმეზე მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, საქმის ბედზე გავლენის მოსახდენად და არაჯანსაღი პოლიტიკური ინსინუაციებისათვის. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია მოსამართლის მხრიდან იმის დაშვება, რომ დაინტერესებული მხარე მას სთავაზობდეს ფინანსურ მხარდაჭერას სკანდალური გადადგომის სანაცვლოდ.
ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებასაც, რომ როგორც თავად დაინტერესებულმა მხარემ ნ. გვარამიამ განაცხადა, ეს კომუნიკაცია შედგა სწორედ მაშინ, როდესაც სასამართლოში შესაბამისი სამოქალაქო დავის განხილვა და მასთან დაკავშირებული ვნებათა ღელვა „პიკში იმყოფებოდა“. აღნიშნული საუბრის შინაარსის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთო სასამართლოების ავტორიტეტს და მართლმსაჯულებისადმი ხალხის ნდობას. ვინაიდან მ. ახვლედიანი დღეს აღარ წარმოადგენს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, დისციპლინური პროცედურების ჩარჩოებში დეტალურად გამოიძიოს საქმე და სავარაუდო ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სამართლებრივი ღონისძიება გამოიყენოს მის წინააღმდეგ. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ სამოსამართლო ეთიკის მოთხოვნების შესრულების ვალდებულება გრძელდება სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. ამ კონტექსტში, იუსტიციის უმაღლეს საბჭო საჯაროდ, მკვეთრად უარყოფითად აფასებს ამგვარ ფაქტებს და მსგავსი დარღვევების პრევენციის მიზნით, განზრახული აქვს გააძლიეროს სამოსამართლო ეთიკის პრინციპების შემდგომი სწავლება, მათ დაცულობაზე კონტროლი და მოსამართლეთა შესაბამისი ანგარიშვალდებულება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის უზრუნველსაყოფად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმეორებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არ გულისხმობს ოდენ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობას, იგი თანაბრად გულისხმობს დამოუკიდებლობას საქმის მხარეებისგან, და რომ ამ პრინციპების დაცვა ევალება არა მხოლოდ მოსამართლეს, არამედ პროცესის მონაწილეებს, დაინტერესებულ მხარეებს და მთელ საზოგადოებას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაჩნია, რომ სავარაუდო ფაქტები ფართო საზოგადოების მსჯელობისა და განხილვის საგანი უნდა გახდეს. საქმის დაინტერესებული მხარის მიერ სასამართლოს თავმჯდომარისათვის გადადგომის სანაცვლოდ, ფინანსური მხარდაჭერის შეთავაზებას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის დაცვის პრინციპთან და მედიის თავისუფლებასთან. საპირისპიროს მტკიცება წარმოადგენს უკანონობის გამართლების, განუკითხაობის დამკვიდრებისა და მედიის თავისუფლების სასამართლოს საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობას, კერძო ინტერესების დასაცავად და მართლმსაჯულების ინტერესების საზიანოდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოხატავს სრულ მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლოს მედიის წარმომადგენლებთან და მთელ საზოგადოებასთან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის საკითხებზე, მათ შორის მოსამართლესთან კომუნიკაციისა თუ სასამართლოს დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები