„ათასობით საქმეს იხილავენ მოსამართლეები, თავმჯდომარე კი ამ დროს იმაზე ზრუნავს, ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ არ დარჩეს“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თამარ ალანიამ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და “რუსთავი 2 “-ის გენდირექტორის საუბრის შინაარსს ამორალური და სასამართლო საქმიანობასთან შეუფერებელი უწოდა.
როგორც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მამუკა ახვლედიანმა ეთიკის წესები უხეშად დაარღვია. ალანიას თქმით, აღნიშნული მაგალითი საკმარისია იმაზე სასაუბროდ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს მსგავსი დამოკიდებულება საქმისა და კოლეგებისადმი.
“შეიცავდა თუ არა აღნიშნული ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს – საბჭოს ამის შესახებ არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა, ეს არის შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია, თუმცა ის მორალური მხარე, რომელიც ეხებოდა მოსამართლის ქმედებას – საბჭოს თითოელი წევრის, მათ შორის ჩემი მხრიდან, შეფასებული იყო, როგორც ამორალური და სასამართლო საქმიანობასთან შეუფერებელი. იმ დროს მოქმედი მოსამართლის მხრიდან დაირღვა ყველა ეთიკური წესი და ნორმა, რომელიც უკრძალავს მოსამართლეს იქონიოს კომუნიკაცია და კავშირი მხარესთან და ისაუბროს სხვა მოსამართლის კვალიფიკაციაზე.
მიუღებელია არამარტო მოსამართლის მხრიდან მოსამართლის კრიტიკა, ასევე მიუღებელია ყოფილი მოსამართლის მხრიდან საუბარი განვლილ მოვლენებთან ან ყოფილ კოლეგებთან დაკავშირებით. ახვლედიანი საუბრობს სხვა მოსამართლეებთან კომუნიკაციის სურვილზე და ბოდიშის ფორმა აქვს მის მდგომარეობას (რა ქნას არ იცის). ეს საკმარისია იმაზე სასაუბროდ, რომ ეს არის მიუღებელი. ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო და ასეთი დამოუკიდებულება არც ერთ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს საქმისა და კოლეგის მიმართ. ის რაც მოვისმინეთ, ეს არ იყო მოსამართლის კარგი სახის მაჩვენებელი იმ პირობებში, როდესაც ათასობით საქმეს იხილავენ მოსამართლეები, შრომობენ იმისთვის, რომ მოქალაქეებს განცხადებები დაუკმაყოფილონ, თავმჯდომარე კი ამ დროს იმაზე ზრუნავს, რომ ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ არ დარჩეს“, – განაცხადა თამარ ალანიამ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერის საკითხი განიხილეს. ამასთან, დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, რომელშიც მათი საერთო პოზიცია იქნება დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები