ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანზე – „ხომ დავინახეთ ახლა, რეალურად, საფრთხე რა ყოფილა?!“

„ჩვენ რომ მაგრად არ დავმდგარიყავით, სასამართლო სისტემაში იქნებოდა ადამიანი, რომელიც მოსამართლის მანტიით რას გააკეთებდა, კაცმა არ იცის“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ საბჭოს საგანგებო სხდომაზე, გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერზე მსჯელობისას განაცხადა.
ამასთან, ლევან მურუსიძემ არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სასამართლოს წინააღმდეგ, მათი მხრიდან, თვეების განმავლობაში ცილისმწამებლური ბრალდებები ისმოდა. მურუსიძის თქმით, არასამთავრობოები საბჭოს მიერ ჩანიშნულ სხდომებზე არასოდეს მიდიოდნენ და მამუკა ახვლედიანს ხვდებოდნენ.
როგორც მურუსიძემ განაცხადა, სწორედ მამუკა ახვლედიანის განცხადებაზე დაყრდნობით დადეს დასკვნა, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა და კორუფციაა.
„მინდა პატივისცემით მივმართო არასამთავრობო სექტორს – ხომ დავინახეთ ახლა, რეალურად, რაში არის საქმე და, რეალურად, საფრთხე რა ყოფილა. ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო, მიუხედავად ასეთი თავდასხმებისა, მივიდა დასკვნამდე, რომ შეინარჩუნოს სასამართლო სისტემა. ეს შეკრება და შეფასება მნიშვნელოვანია. თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირი ლანძღვა სასამართლო სისტემის, რადგან წყარო აწვდიდა ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს. როდესაც ჩვენ ვნიშნავდით შეხვედრას, სასამართლო სისტემაზე სასაუბროდ ჩვენთან არ მოდიოდნენ და მიდიოდნენ მამუკა ახვლედიანთან და, რეალურად, მამუკას განცხადებების საფუძველზე დადეს დასკვნა, რომ თურმე სასამართლოში ყოფილა კლანი, კორუფცია და ათასი უბედურება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა საფრთხეს გადაურჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები