ევა გოცირიძე: გვარამია-ახვლედიანის საუბარი ძალიან ჰგავს კორუფციას

გვარამია-ახვლედიანის საუბარი ძალიან ჰგავს კორუფციას – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე მსჯელობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, გვარამია-ახვლედიანის შეხვედრა სასამართლოს მიერ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ნიშნავს. ევა გოცირიძე სამართალდამცველებს ჩანაწერით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი. სასამართლო დამოუკიდებლობას ჯერჯერობით ძალიან მყიფე საფუძველი აქვს საქართველოში. სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვისი ინიციატივით მოხდა შეხვედრა. ამ ფაქტის დაშვება სერიოზული დარღვევაა სასამართლო დისციპლინისა. გარდა ამისა, ჩანაწერში ყოვლად მიუღებელი რამ ისმის – კერძოდ, შეთავაზება სამსახურიდან სკანდალურად გადადგომის თაობაზე გარკვეული დახმარების სანაცვლოდ – ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კორუფციას, ეს არის სასამართლოს ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში, ეს არის დარღვევა სამოსამართლეო დისციპლინისა თუ მეტის არა, იმ დროს, როდესაც იგი სასამართლოს თავმჯდომარე იყო“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები