ლევან მურუსიძე: სასამართლო სისტემას უნდა ვუთხრათ, როგორი უნდა იყოს თავმჯდომარე, როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს და რა არა

,,სასამართლო სისტემას უნდა ვუთხრათ, როგორი უნდა იყოს თავმჯდომარე, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მურუსიძემ დღევანდელი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემამ უნდა იმსჯელოს სწორი იყო თუ არა ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებსაც საბჭო თვეების განმავლობაში დგამდა.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თვეების განმავლობაში, სასამართლო სისტემაზე პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ცილისმწამებლური განცხადებები მოდიოდა, იყო ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ წყაროს ეყრდნობოდა. კონკრეტული პიროვნების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას საზოგადოება, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები იყენებდნენ, როგორც საშუალებას, რომ სასამართლო სისტემაზე განხორციელებულიყო ლანძღვა, ისტერიკა. აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემამ უნდა ვიმსჯელოთ რეალურად რა მოხდა და სწორი იყო თუ არა საბჭო, როდესაც მოქმედებდა თვეების განმავლობაში და იმ ნაბიჯებს დგამდა, რა ნაბიჯებიც გადადგა. მამუკას გარდა, სასამართლოში 26 თავმჯდომარეა და უნდა განვიხილოთ და სასამართლო სისტემას უნდა ვუთხრათ, როგორი უნდა იყოს თავმჯდომარე, როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს თავმჯდომარემ და რა – არა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები