ალეკო ელისაშვილი განმარტებას აკეთებს – არ მიყვარს პოლიტიკოსების აგრესია და ცემა-ტყეპა

საშინლად არ მიყვარდა და არ მიყვარს პოლიტიკოსების აგრესია და ცემა-ტყეპა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში სოსო მანჯავიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
“გუშინდელ ჩემს შარიან ამბებზე და მუშტი კრივით დაგვირგვინებულ დღეზე ვიტყვი ოდნავ დაგვიანებით. საშინლად არ მიყვარდა და არ მიყვარს პოლიტიკოსების აგრესია და ცემა-ტყეპა. ჟურნალისტობისას სულ ვგმობდი და ახლაც დავგმობ ამგვარ საქციელს. სხვისი რომ არ მომწონს ჩემი მით უფრო არ მომეწონა, ჩანაწერის ცქერა მიჭირს ისე არ მომეწონა. უბრალოდ ვატყობ რომ მაგრად დავიქანცე და ნერვები მღალატობს. ორი წელია არ გავჩერებულვარ და რაც ძალი და ღონე მქონდა ვეწინააღმდეგებოდი პარაზიტი საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების მიერ ქალაქის და ქვეყნის დახურდავებას, საკუთარ ჯიბეზე მორგებას. ამ ძალისხმევის ნაწილი ჩანდა, ნაწილი არა. ამ ნაწილებმა კი ვხედავ ნერვები გვარიანად დამიზიანეს. ჰოდა, ვეღარ შევიკავე გუშინ თავი. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს ამომრჩეველს, პატივისმცემელს თუ ჩემდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. გუშინ ვეღარ მოვერიე ამდენს სისაძაგლეს და მიღალატა მოთმინებამ, ისედაც მეტისმეტად ემოციური ვარ. მეც მინდა მხოლოდ არგუმენტებით მოკამათე პოლიტიკოსების ცქერა, გუშინდელის შემდეგ მით უფრო არ დავზოგავ თავს რომ ყველაზე დიდ პარაზიტებთან კამათშიც კი მხოლოდ არგუმენტები იყოს ჩემი იარაღი და არა გაშლილი ხელი და წიხლი. ასმაგად ვიშრომებ საკუთარ თავზე. ღმერთია მოწმე რაც საკრებულოში შევდგი ფეხი მას მერე ჩემი ყოველი დილა კონკრეტული ადამიანების პრობლემების მომგვარებაზე ზრუნვით იწყება და ასევე ღამდება. უკან ვიხედები და მეამაეყება გადარჩენილი სკვერები საბურთალოზე, ავლაბარში თუ ვარკეთილში, დანგრევას გადარჩენილი საბავშვო ბაღი, გაჩეხვას გადარჩენილი ათობით ხე, ჩემი შრომით, ექსკურსიებით შეგროვილი ფულით ნაყიდი დარგული და გახარებული ხეებიც. მახსენდება ასობით ოპერაციის, მედიკამენტის და სხვა დახმარებებზე რეკვები და აქეთ იქით სირბილი. ლიფტების, შენობების გამაგრებების თუ ათასი სხვა წვრილმანი და მსხვილმანის მოგვარება თუ მოგვარების მცდელობა.მაგრად მეამაყება შარშანდელი სტიქიის დროს დაზიანებული მანქანების კომპენსაციის თანხა, ხან კაბინეტებში ვარწმუნებდი მერიის მაღალჩინოსნებს, ხან საჯაროდ გავიძახოდი და 100 მანქანის კომპენსაციის გაცემაში ჩემი გარჯაცაა არ შემრცხვება ამის ხმამაღლა თქმა. წარუმატებლობა და ხელისმოცარვაც ბევრი მქონდა, ხან ჩემი მიზეზით და თავს ზევით ძალა რომ არაა და ჩინოვნიკთა უმსავსობა რომ უსაზღვროა ხშირად ამიტომაც. ამ ყველაფერმა დიდი შრომა, ჯაფა და ნერვები წაიღო. განა ვწუწუნებ, პირიქით – პოლიტიკაში წასვლა ჩემი შეგნებული არჩევანია, როგორც გინდათ გამიგეთ მაგრამ მთავარი მიზანი მაქვს პოლიტიკა გაიწმინდოს პარაზიტებისგან, მავნებლებისგან და ამ დალოცვილი ქვეყნის საკუთარ ჯიბეზე მომრგებლებისგან. მინდა ყველას დაუმტკიცო რომ შეიძლება იყო პოლიტიკაში და იცხოვრო წესიერად, თავდაუზოგავად ემსახურო ხალხს, ქალაქს და ქვეყანას. ის მიზანიც მაქვს რომ სხვებს მაგალითი მივცე, სხვები დავარწმუნო რომ პოლიტიკა არ “ტეხავს”, რომ პოლიტიკოსობა ყველაზე მამულიშვილური და თავგანწირული არჩევანია. და რომ სტერეოტიპს უნდა გადააბიჯონ და პოლიტიკაში უნდა წამოვიდეს ბევრი წესიერი, განათლებული, პასუხისმგებლობის მქონე და გულანთებული მოქალაქე. პათეტიკას დამიწუნებენ ვიცი, მაგრამ აი ასე პათეტიურად ვუყურებ მე ჩემს ძალისხმევასაც და ქვეყნის სამსახურსაც. ბოლოს კი პირობას ვდებ – მაქსიმალურად ვიმუშავებ ჩემ თავზე რომ გუშინდელი აღარასოდეს განმეორდეს, ჩემი იარაღი მხოლოდ არგუმენტი იყოს პაექრობისას. პარაზიტ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს ვპირდები რომ გასაქანს არ მოგცემთ. ამ მადლიან ქალაქს და ქვეყანას ჯიბეში არ ჩაგადებინებთ, რაც ძალი და ენერგია მაქვს ამ საქმეს მოვახმარ და არავის შევეპუები. ორმაგად, ათმაგად და ასმაგად გავირჯები. რაც შეეხება ქალაქის მთავარი არქიტექტორის მექრთამეობას და მავნებლობას – უახლოეს დღეებში წვრილად და დეტალურად წარმოგიდგენთ მის მიერ ხელმოწერილ დანაშაულებრივ ნებართვებს. მისხალ – მისხალ დავდებ ყველაფერს. ბოდიში უხვსიტყვაობისთვის
პატივისცემით – სამერმისოდ მეტისმეტად ნერვებმოთოკილობის პირობის მთქმელი ალექსანდრე ელისაშვილი”, – წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები